რეზიუმე: საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, მომავალში პენსიის ზრდის საკითხისგან პოლიტიკური ასპექტის ჩამოცილებისა და პენსიის ინდექსაციის წესის დამკვიდრების საჭიროებაზე ისაუბრა. აღნიშნულ კონტექსტში პარლამენტის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, თქვა, რომ პენსიის ინდექსაცია ნომინალური პენსიის უმნიშვნელოდ ზრდას ნიშნავს და პენსიონერთა მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს.

პენსიის ინდექსაცია არის ნომინალური პენსიის ზრდის მექანიზმი სხვა ეკონომიკური მონაცემის ცვლილების შესაბამისად. როგორც წესი, პენსიის ინდექსაცია ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ინდექსის (ინფლაცია) ცვლილების შესაბამისად ხორციელდება და საქართველოს პირობებშიც, მსგავსიგადაწყვეტილების საერთოდ მიღების შემთხვევაში, ყველაზე მოსალოდნელია ხელისუფლებამ აღნიშნული გზა აირჩიოს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ 2019 წლის მდგომარეობით ნომინალური სოციალური პენსია 200 ლარი იქნება, ხოლო 2020-2022 წლებში ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი 3%, შესაძლებელია ითქვას, რომ ინდექსაციაზე გადასვლის შემთხვევაში, 2020-2023 წლებში ნომინალური პენსიის საშუალო წლიური ზრდა 6.28 ლარი იქნება. აქვე აღსანიშნავია, რომ პენსიის ინფლაციის მაჩვენებლის პროპორციულად ზრდის შემთხვევაში, რეალური პენსია უცვლელი დარჩება, ანუ ნომინალური პენსიის ზრდის მიუხედავად, პენსიონერი მომავალში შეძლებს შეიძინოს ზუსტად ის სამომხმარებლო კალათა რისთვისაც დღეს არსებული პენსია ჰყოფნის. შესაბამისად, მართებულია მითითება, რომ ინდექსაციის პირობებში, პენსიონერთა მიმდინარე სოციალური პირობები უცვლელი დარჩება.

ინფლაციის მიხედვით ინდექსაციის თეორიულ მიზანს სწორედ პენსიის არსებული მსყიდველუნარიანობის შენარჩუნება, პენსიონერთა უზრუნველყოფის მიმდინარე დონის არგაუარესება წარმოადგენს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ის პროდუქტები რაც საშუალო სტატისტიკური პენსიონერის მოხმარების ძირითადი კომპონენტია (მედიკამენტები, საკვები პროდუქტები) როგორც წესი, ძვირდება მეტად, ვიდრე იზრდება ფასების ზოგადი დონე (ინფლაცია), შესაბამისად, ინფლაციის მიხედვით, ნომინალური პენსიის ინდექსირების პირობებში, მოსალოდნელია პენსიონერთა უზრუნველყოფის დონის გაუარესება.

ანალიზი

საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, მომავალში პენსიის ზრდის საკითხისგან პოლიტიკური ასპექტის ჩამოცილებისა და პენსიის ინდექსაციის წესის დამკვიდრების საჭიროებაზე ისაუბრა. აღნიშნულ კონტექსტში, საქართველოს პარლამენტის წევრმაევროპული საქართველოდან, ზურაბ ჭიაბერაშვილმა,განაცხადა, რომ ინდექსაციის პირობებში პენსია ყოველწლიურად შეიძლება გაიზარდოს 8-11 ლარით, მაგრამ არა მეტით, შედეგად კი პენსიონერებს მოუწევთ მუდმივ სიღარიბეში ცხოვრება.

პენსიის ინდექსაციაზე საუბრისას აუცილებელია განიმარტოს თავისთავად ტერმინის მნიშვნელობა. ინდექსაცია ეს არის ცალკეული სიდიდის, ამ შემთხვევაში ნომინალური პენსიის, ზრდის მექანიზმი, რომელიც მიბმულია სხვა ეკონომიკური მაჩვენებლის ცვლილებასთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გაიზრდება ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელზე დაყრდნობითაც ხდება პენსიის ინდექსირება, გაიზრდება ნომინალური პენსიაც. ინდექსირების მიზანი მინიმუმ პენსიის მიმდინარე/დღევანდელი მსყიდველუნარიანობის შენარჩუნებაა, თუმცა ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია მიღწეულ იქნეს მსყიდველუნარიანობის ზრდაც. თეორიულად არსებობს პენსიის ინდექსაციის რამდენიმე ალტერნატიული გზა: როგორიცაა ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით, ნომინალური ეკონომიკური ზრდის მიხედვით, საშუალო ნომინალური ხელფასის ზრდის მიხედვით ან შერეული მიდგომა. საქართველოს ეკონომიკის სამინიტროს 2016 წლის კვლევის თანახმად, საშუალო ხელფასის ცვლილებაზე პენსიის ცვლილების მიბმა ნაკლებად შესაძლებელ სცენარად იქნა მიჩნეული. დოკუმენტის მიხედვით, თუ სოციალური პენსიის ოდენობა საშუალო ხელფასის პროპორციულად გაიზრდება (ინდექსირდება), დემოგრაფიული სტრუქტურის მოსალოდნელი ცვლილების გათვალისწინებით, ასაკით პენსიონერთა ხარჯები მშპ-სთან მიმართებით მნიშვნელოვნად გაიზრდება და 2060 წლისათვის მიაღწევს მშპ-ს 10%-ს, რაც მთლიანი საბიუჯეტო ხარჯის მესამედია. მსგავსი სცენარის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საგადასახადო შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც მიუღებელი ალტერნატივაა.

ქვეყნების უმეტესობა, როგორც წესი, ცდილობს პენსია გაზარდოს ინფლაციის მაჩვენებლის (სფი - სამომხმარებლო ფასების ინდექსი) შესაბამისად მაინც, რათა უზრუნველყოს პენსიონერთა მიმდინარე სოციალური პირობების შენარჩუნება. საქართველოშიც მეტად მოსალოდნელია სწორედ აღნიშნული გზა იქნას არჩეული, თუმცა ანალიზის მიზნებისათვის გრაფიკი 1 მოიცავს ნომინალური პენსიის ზრდის ორ ალტერნატივას ინფლაციის და მშპ-ს ნომინალური ზრდის მიხედვით ინდექსაციის პირობებში. დაშვებით, რომ 2019 წლის პენსია 200 ლარია, ხოლო ინფლაციისა და ნომინალური მშპ-ს ზრდის მაჩვენებლები დაემთხვევა ძირითადი ფინანსური და ეკონომიკური ინდიკატორების საბაზო სცენარს.

გრაფიკი 1: ინდექსირებული პენსია არსებული პროგნოზების შესაბამისად

წყარო: ავტორის გაანგარიშებები; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ინფლაციის მიხედვით ინდექსაციის პირობებში, უახლოესი 4 წლის მანძილზე, ნომინალური პენსია ყოველწლიურად 6-6.56 ლარით გაიზრდება. აღნიშნული ზრდა თეორიულად დააბალანსებს ფასების ზრდის გავლენას და პენსიონერს ექნება შესაძლებლობა მომავალშიც შეიძინოს ზუსტად ის სამომხმარებლო კალათა, რასაც მოიხმარს მიმდინარე პერიოდში. ამრიგად, მისი სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება და არსებულ დონეზე დარჩება.

ნაკლებად მოსალოდნელი სცენარის პირობებში, როცა პენსია იზრდება ნომინალური მშპ-ს ზრდის პროპორციულად, ყოველწლიური ზრდა 16.40-23.42 ლარს შეადგენს და პენსიონერის არსებული სოციალური მდგომარეობა თეორიულად გაუმჯობესდება მანამ, სანამ ნომინალური ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება უფრო მაღალ ნიშნულზე, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებელი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი