რეზიუმე: 1990 წლის ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის მოთხოვნათა მიხედვით, „წინასაარჩევნო კამპანია სამართლიან და თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს. არცერთი ადმინისტრაციული ქმედება, ძალადობის ან დაშინების ფაქტი არ უნდა იყოს გამოყენებული. ამომრჩევლებს კი, ანგარიშსწორების შიშის გამო, არ უნდა შეეზღუდოთ თავისუფლად ხმის მიცემის შესაძლებლობა“.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შუალედური დასკვნის მიხედვით, 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, გარკვეული თვალსაზრისით, ზემოაღნიშნული პრინციპი დაირღვა. არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ან ადგილობრივი დამკვირვებლები, ზოგიერთ შემთხვევაში, ამომრჩევლებს სთხოვდნენ მათ მიერ შემოხაზული საარჩევნო ბიულეტინის წარმოდგენას. ამ შემთხვევებმა კიდევ უფრო გააძლიერა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ზეწოლისა და ანგარიშსწორების შიშის გამო, ამომრჩევლებს ეზღუდებათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ხმებზე თვალის მიდევნებამ წარმოშვა დაშინების პოტენციური საფრთხე, რაც შეშფოთების საფუძველს ქმნის, რომ სავარაუდო ანგარიშსწორების შიშის გამო, ამომრჩევლებმა ვერ შეძლეს თავისი ხმის თავისუფლად დაფიქსირება.

ანალიზი

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“, გიგა ბოკერიამ, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, მიმართა და განაცხადა, რომ მთავარი სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიის დასკვნა არჩევნების შემდეგ, ძალიან მძიმეა საქართველოსთვის და მასში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დასახელებულია ამომრჩევლის შიში ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2018 წლის 19 სექტემბერს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნების სადამკვირვებლო მისია ოფიციალურად შეუდგა მუშაობას. სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 14 საერთაშორისო ექსპერტის, 28 გრძელვადიანი[1] დამკვირვებლის და 350-მდე მოკლევადიანი[2] დამკვირვებლისგან. მისია აფასებდა საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესაბამისობას ეუთოს ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნებისთვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე, მის თანხვედრას ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობასთან. ეუთოს მისია არჩევნებს აფასებდა არა მხოლოდ მასზე უშუალო დაკვირვების გზით (ორივე საარჩევნო დღეს ადგილზე დაკვირვება), არამედ საარჩევნო გარემოს შესწავლითაც[3]. მონიტორინგის პროცესში მისიის წევრები შეხვდნენ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე, ოპოზიციას და უშუალოდ, საარჩევნო სუბიექტებს.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების სხვა სამეთვალყურეო დელეგაციები, როგორიც არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები, ძირითადად, მონიტორინგის დროს, სწორედ, ეუთოს მისიასთან ერთად მუშაობენ. შესაბამისად, ეუთოს მისიის მიერ შეფასებულ არჩევნებს და მომზადებულ ანგარიშებს, აბსოლუტურად, იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობაც.

არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს ეუთოს სადამკვირვებლო მისია არჩევნების დასრულების შემდეგ, დაახლოებით, 8 კვირის ვადაში წარადგენს ხოლმე. გამომდინარე იქიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 2018 წლის 28 ნოემბერს გაიმართა, ეუთოს მისიის დასკვნითი ანგარიში, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გამოქვეყნდება. თუმცა, მანამდე ეუთომ წარადგინა რამდენიმე შუალედური შეფასება, მათ შორის, 28 ნოემბრის არჩევნების წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების დოკუმენტი.

დოკუმენტის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო უარყოფითი, ხისტი და ზოგიერთ შემთხვევაში, ძალადობრივი რიტორიკა, რომელზეც არცერთ სახელმწიფო უწყებას, პრაქტიკულად, რეაგირება არ მოუხდენია. მისიის შეფასებითვე, „კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ხმებზე თვალის მიდევნებამ წარმოშვა დაშინების პოტენციური საფრთხე, რაც შეშფოთების საფუძველს ქმნის, რადგან სავარაუდო ანგარიშსწორების შიშის გამო, ამომრჩევლები ვერ შეძლებენ თავისი ხმის თავისუფლად დაფიქსირებას“.

მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ხმის მიცემის პროცესი თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში წარიმართა, შემაშფოთებელი იყო საარჩევნო უბნების გარეთ დაფიქსირებული გარემო, კერძოდ, მობილიზებული უცნობი ადამიანები, რომლებიც აშკარად აწარმოებდნენ ამომრჩევლის აღრიცხვას და რომლებიც, სავარაუდოდ, ზემოქმედებდნენ თავისუფალ არჩევანზე. საარჩევნო უბნების გარეთ დაფიქსირებულ გარემოს, შესაძლოა, გავლენა მოეხდინა ამომრჩევლების შესაძლებლობაზე, რათა მათ თავისუფლად და ანგარიშსწორების შიშის გარეშე გაეკეთებინათ არჩევანი.

ეუთოს მისიის დასკვნით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ან ადგილობრივი დამკვირვებლები, ზოგიერთ შემთხვევაში, ამომრჩევლებს სთხოვდნენ მათ მიერ შემოხაზული საარჩევნო ბიულეტინის წარმოდგენას. ამ შემთხვევებმა კიდევ უფრო გააძლიერა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ზეწოლისა და ანგარიშსწორების შიშის გამო, ამომრჩევლებს ეზღუდებოდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნაში ამომრჩევლების შიში ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულების მხრიდან, რამდენჯერმეა ხაზგასმული. 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში ეს პრობლემა ნამდვილად გამოიკვეთა.

1990 წლის ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.7 პარაგრაფის მოთხოვნათა მიხედვით, „წინასაარჩევნო კამპანია სამართლიან და თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს. არცერთი ადმინისტრაციული ქმედება, ძალადობის ან დაშინების ფაქტი არ უნდა იყოს გამოყენებული. ამომრჩევლებს კი ანგარიშსწორების შიშის გამო არ უნდა შეეზღუდოთ თავისუფლად ხმის მიცემის შესაძლებლობა. 1996 წლის გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი 25 (პარაგრაფი 19) კი ამბობს, რომ „ამომრჩევლებმა უნდა შეძლონ თავისი მოსაზრების დამოუკიდებლად, თავისუფლად, ძალადობის, ზემოქმედების, ზეწოლისა და რაიმე სახის მანიპულაციის გარეშე ფორმირება“.

გარდა ზემოთ აღწერილი ფაქტებისა, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შუალედური დასკვნა, სხვა საინტერესო მიგნებებსაც მოიცავს. მას შემდეგ, რაც მისია გამოაქვეყნებს დასკვნით ანგარიშს, ფაქტ-მეტრი სრულად შემოგთავაზებთ ანგარიშების მიმოხილვას.



[1] დამკვირვებლები, რომლებიც სწავლობდნენ საარჩევნო გარემოს.

[2] დამკვირვებლები, რომლებიც უშუალოდ საარჩევნო უბნებზე იყვნენ განაწილებულნი.

[3] დამკვირვებლები თვალყურს ადევნებდნენ კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებას, მედია გარემოს და საარჩევნო დავების გადაწყვეტას.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი