რეზიუმე: საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ადგილობრივი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გარდა, მონიტორინგს უწევდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნების სადამკვირვებლო მისია, რომლის შეფასებებსაც, აბსოლუტურად იზიარებს ხოლმე, საერთაშორისო საზოგადოება. ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ არჩევნების მონიტორინგის წინასწარი მიგნებებისა და დაკვირვებების დოკუმენტი წარმოადგინა.
დოკუმენტში არაერთხელ არის აღნიშნული, რომ არჩევნებზე სახელმწიფოსა და ერთ კონკრეტულ პარტიას (მმართველი პარტია „ქართული ოცნება“) შორის ზღვარი იყო წაშლილი. ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და მოქალაქეების თავისუფალ არჩევანზე შესაძლო გავლენის მოხდენის ფაქტებს. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები პირდაპირ და ირიბადაც ჩართულნი იყვნენ საარჩევნო კამპანიაში დამოუკიდებელი კანდიდატის გასამარჯვებლად. სახელმწიფო ვებგვერდები მოტივირებულნი იყვნენ საარჩევნო სუბიექტის - სალომე ზურაბიშვილის გაპიარებით, ხოლო საბიუჯეტო რესურსების სამომავლო განაწილება ირიბ გავლენას ახდენდა არჩევნების შედეგებზე.
ანალიზი
პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ნიკა მელიამ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებაზე ისაუბრა და განაცხადა: „არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დაწერეს, რომ ზღვარი არის წაშლილი პარტიასა და ხელისუფლებას/ბიუროკრატიას შორის“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2018 წლის 19 სექტემბერს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნების სადამკვირვებლო მისია ოფიციალურად შეუდგა მუშაობას. სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 14 საერთაშორისო ექსპერტის, 28 გრძელვადიანი[1] დამკვირვებლის და 350-მდე მოკლევადიანი[2] დამკვირვებლისგან. მისია აფასებდა საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესაბამისობას ეუთოს ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნებისთვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე, მის თანხვედრას ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობასთან. ეუთოს მისია არჩევნებს აფასებდა არა მხოლოდ მასზე უშუალო დაკვირვების გზით (ორივე საარჩევნო დღეს ადგილზე დაკვირვება), არამედ საარჩევნო გარემოს შესწავლითაც[3]. მონიტორინგის პროცესში მისიის წევრები შეხვდნენ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე, ოპოზიციას და უშუალოდ, საარჩევნო სუბიექტებს.
აღსანიშნავია, რომ არჩევნების სხვა სამეთვალყურეო დელეგაციები, როგორიც არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები, ძირითადად, მონიტორინგის დროს, სწორედ, ეუთოს მისიასთან ერთად მუშაობენ. შესაბამისად, ეუთოს მისიის მიერ შეფასებულ არჩევნებს და მომზადებულ ანგარიშებს აბსოლუტურად იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობაც.
არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს, ეუთოს სადამკვირვებლო მისია არჩევნების დასრულების შემდეგ, დაახლოებით, 8 კვირის ვადაში წარადგენს ხოლმე. გამომდინარე იქიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 2018 წლის 28 ნოემბერს გაიმართა, ეუთოს მისიის დასკვნითი ანგარიში, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გამოქვეყნდება. თუმცა, მანამდე ეუთომ წარადგინა რამდენიმე შუალედური შეფასება, მათ შორის, 28 ნოემბრის არჩევნების წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების დოკუმენტი.
სადამკვირვებლო მისიის წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების დოკუმენტის თანახმად, არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსი[4] საკმაოდ დიდი მასშტაბით იყო გამოყენებული, რამაც წაშალა ზღვარი ერთ კონკრეტულ პარტიასა (იგულისხმება მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უჭერდა მხარს) და სახელმწიფოს შორის. განსაკუთრებით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებმა პირველსა და მეორე ტურს შორის მოიმატა. მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელეები, სახელმწიფო უწყებების ოფიციალურ ვებგვერდებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების მიზნით იყენებდნენ. მაგალითისთვის, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა რამდენიმე სტატია, სადაც საუბარი იყო პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გარკვეულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე, რომლებიც აშკარად ჰგავდა წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამართულ ღონისძიებებს.
ზემოთ აღნიშნულს ემატება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობა იმ წინასაარჩევნო კამპანიაში, სადაც ხელისუფლებას წარმომადგენელი ოფიციალურად არ ჰყოლია. მაგალითისთვის, პრემიერ მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის პორტრეტები გამოჩნდა სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის სარეკლამო დაფებსა და ტელევიზიით გასულ პოლიტიკურ რეკლამებში. მსგავსი ფაქტები კიდევ ერთი დადასტურებაა, იმისა, რომ ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის პრაქტიკულად არ არსებობდა.
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევების გარდა, არჩევნების შედეგებზე ირიბად აისახებოდა რამდენიმე სოციალური თუ ფინანსური პროგრამის გამოცხადებაც, მათ შორის, ყველაზე მასშტაბურის - 600 ათასი მოქალაქისთვის ვალის ჩამოწერის შესახებ პროგრამა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ პროგრამის გარანტორი ხდებოდა ის ფინანსური ორგანიზაცია (ფონდი „ქართუ“), რომლის დამფუძნებელი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. მისიის შეფასებით, მთავრობის ინიციატივა, მაინცდამაინც წინასაარჩევნოდ, შესაძლოა შეფასდეს, როგორც ხმების ყიდვის ფაქტი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია: სისხლის სამართლის კოდექსი 164-ე მუხლი და საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი საარჩევნო სუბიექტს უკრძალავს საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე მოქალაქეებს შესთავაზოს, დაჰპირდეს ან გადასცეს ფულადი სახსრები ან ქონება.
აღსანიშნავია საბიუჯეტო რესურსების გამოყენების საკითხიც. მიუხედავად იმისა, რომ საბიუჯეტო რესურსების სამომავლო განაწილების შესახებ გაკეთებული დაპირებები არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, დოკუმენტის მიხედვით, არჩევნების მეორე ტურის წინ, მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებს ქონებით უზრუნველყოფას დაჰპირდნენ, მაგალითად: 780 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს წყალტუბოსა და ზუგდიდში დაჰპირდნენ საცხოვრებელი კორპუსების აშენებას, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არსებული ე.წ. „ლეგიონის ბინებზე“ საკუთრების უფლების გადაცემას და 413 სოციალურად დაუცველი ოჯახის 40 000 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის საპილოტე პროგრამას ზუგდიდში და ა.შ.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ფაქტი, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ შეფასდა, როგორც წაშლილი ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის. მაშინ, როდესაც 1990 წლის ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის 5.4 პარაგრაფის თანახმად: „სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის მკვეთრი ზღვარი უნდა გადიოდეს“. 2016 წლის ეუთოსა და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ასევე, ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული წინა საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და მსგავს ქმედებებზე რეაგირების საერთო სახელმძღვანელო მითითებების II.B 1.1. პუნქტის თანახმად კი, „სამართლებრივი ჩარჩოს მიხედვით უნდა იყოს უზრუნველყოფილი ეფექტური მექანიზმები, რათა თავიდან იქნეს აცილებული სახელმწიფო უწყებების მხრიდან მათი მდგომარეობის არასამართლიანი გამოყენება და საარჩევნო მიზნებისთვის ოფიციალური საჯარო ღონისძიებების გამართვა, მათ შორის საქველმოქმედო, ან რომელიმე პარტიის ან კანდიდატის მხარდასაჭერი ან/და საწინააღმდეგო ღონისძიების გამართვა“.
გარდა ზემოთ აღწერილი ფაქტებისა, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შუალედური დასკვნა სხვა საინტერესო მიგნებებსაც მოიცავს. მას შემდეგ, რაც მისია გამოაქვეყნებს დასკვნით ანგარიშს, ფაქტ-მეტრი სრულად შემოგთავაზებთ ანგარიშების მიმოხილვას.
[1] დამკვირვებლები, რომლებიც სწავლობდნენ საარჩევნო გარემოს.
[2] დამკვირვებლები, რომლებიც უშუალოდ საარჩევნო უბნებზე იყვნენ განაწილებულნი.
[3] დამკვირვებლები თვალყურს ადევნებდნენ კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებას, მედია გარემოს და საარჩევნო დავების გადაწყვეტას.
[4] „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში იგულისხმება საჯარო მოხელის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო ან საკომუნიკაციო საშუალებებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ღონისძიებების წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება. საჯარო მოხელეთა გარკვეულ კატეგორიას სრულიად ეკრძალება საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. მათ შორის, საარჩევნო კომისიის წევრებს, მოსამართლეებს, გენერალურ აუდიტორს, პროკურატურის თანამშრომლებს, უცხოელებს, საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს და ა.შ.“