ანალიტიკურმა კვლევითმა კომპანია “The Economist Intelligence Unit“-მა 2018 წლის დემოკრატიის ინდექსის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში ფორმალური პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ მზარდი იმედგაცრუების მიუხედავად, მოქალაქეების პოლიტიკური ჩართულობის გაზრდილ ტენდენციას აჩვენებს.

კვლევაში მსოფლიოს 165 ქვეყანა დაყოფილია ოთხ კატეგორიად: ავტორიტარული რეჟიმები, ჰიბრიდული რეჟიმები, არასრული დემოკრატიები და სრული დემოკრატიები. დემოკრატიის ინდექსი დგინდება 60 ინდიკატორის მიხედვით, რომლებიც გაერთიანებულნი არიან 5 ფართო კატეგორიაში - საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური ჩართულობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება.

კვლევის შედეგად ირკვევა, რომ მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის, დემოკრატიულობის ხარისხით საქართველო 89-ე ადგილს იკავებს. მაქსიმალური 10 ქულიდან 5.50-ით შეფასდა და ჰიბრიდული რეჟიმის მქონე სახელმწიფოების ჯგუფს მიეკუთვნება. საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის კუთხით საქართველოს მაჩვენებელი 7.83 ქულას შეადგენს, მთავრობის ფუნქციონირების - 3.57-ს, პოლიტიკური ჩართულობის - 6.11-ს, პოლიტიკური კულტურის - 4.38-ს, ხოლო სამოქალაქო თავისუფლების - 5.59-ს. აღნიშნული მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით, გაუარესებულია, ვინაიდან 2017 წლის კვლევით საქართველოს დემოკრატიის ხარისხი 5.93 ქულით იყო შეფასებული და გლობალურ რანჟირებაში მსოფლიოს 167 ქვეყანას შორის 79-ე ადგილს იკავებდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, საქართველო ასეთი დაბალი ქულით პირველად შეფასდა.

გრაფიკი 1: საქართველოს დემოკრატიულობის ინდექსის ცვლილება 2006-დან 2018 წლამდე

წყარო: The Economist Intelligence Unit

როგორც ზევით აღვნიშნეთ, ქვეყანაში დემოკრატიის ინდექსი ხუთი ძირითადი კომპონენტის შეფასებით გამოითვლება. კომპონენტების მიხედვით რეიტინგში საქართველოს მდგომარეობის ცვლილებას ცხრილი 1 ასახავს.

ცხრილი 1: საქართველოს მაჩვენებლები დემოკრატიის ინდექსის კრიტერიუმების მიხედვით 2017-2018 წლებში (შეფასება ხდება 10 ქულიან შკალაზე, სადაც 0 არის ავტორიტარიზმის, ხოლო 10 - სრული დემოკრატიის მაჩვენებელი)

წელი

საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი

მთავრობის ფუნქციონირება

პოლიტიკური ჩართულობა

პოლიტიკური კულტურა

სამოქალაქო თავისუფლება

2017

8.67

4.29

6.11

5.00

5.59

2018

7.83

3.57

6.11

4.38

5.59

წყარო: The Economist Intelligence Unit

რაც შეეხება რეგიონულ რანჟირებას, წინა წელთან შედარებით, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში (რომელსაც კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიც მიეკუთვნებიან) საქართველოს ადგილი სამი მაჩვენებლით არის გაუარესებული. 2018 წელს საქართველოზე უკეთესი მაჩვენებლები აქვთ უკრაინას, მონტენეგროსა და მაკედონიას. ევროპაში დემოკრატიის ინდექსი საგრძნობლადაა გაუარესებული იტალიაში, ავსტრიაში, საქართველოში, რუსეთში, უნგრეთსა და თურქეთში. მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის მონაცემებით, საქართველო საკმაოდ დაახლოებული იყო არასრული დემოკრატიის ჯგუფის სახელმწიფოებთან. ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნებში მე-3 ადგილს იკავებდა და მხოლოდ 0.09 ქულით ჩამორჩებოდა არასრული დემოკრატიის მქონე ქვეყნების რანჟირებაში მყოფ ბოლო სახელმწიფოს - ეკვადორს. 2018 წელს გაუარესებული ინდექსის შედეგად, საქართველო ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნების რანჟირებაში მე-6 ადგილს იკავებსდა არასრული დემოკრატიული სახელმწიფოების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. საქართველოს მაჩვენებელი ამ უკანასკნელი ქვეყნების რანჟირების ბოლო წევრ რუმინეთის დემოკრატიის ინდექსზე 0.88 ქულით ნაკლებია.

საქართველოში დემოკრატიის ინდექსის გაუარესების მიზეზად კვლევაში 2018 წელს ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები სახელდება. საქართველოს მაჩვენებელი რეგიონში ყველაზე მკვეთრ გაუარესებადაა მიჩნეული. კვლევაში აღნიშნულია, რომ მაისში პოლიტიკაში დაბრუნდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მართვა განაგრძო და შეცვალა მთავრობის პოლიტიკა. ივნისში დაკავებული თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რის მთავარ მიზეზადაც ბიძინა ივანიშვილთან არსებული უთანხმოება დაასახელა. გარდა ამისა, კვლევაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის გავლენით მთავრობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ჩაერია, რაც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერას გულისხმობდა. ამ უკანასკნელმა მთავრობის კამპანიას ოპოზიციასთან შედარებით საკმაოდ დიდი უპირატესობა მისცა.

“The Economist Intelligence Unit“-ის გამოქვეყნებულ დემოკრატიის ინდექსზე საუბრისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს “Media Checker”-ის მომზადებული მასალასიახლის ქართულ მედიაში გაშუქების შესახებ. როგორც “Media Checker” იუწყება, ზემოთ მოყვანილი ახალი ამბავი მთავარი თემა იყო როგორც „რუსთავი 2“-სა და „tv პირველის“ საინფორმაციო გამოშვებებში, ასევე ონლაინ მედიაში. „იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში კი, დემოკრატიის ინდექსის კვლევის შესახებ მასალა არ მოუმზადებიათ.

თეგები: