ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, გელა სამხარაულის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2009 წლიდან დღემდე, ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი მზარდია. რაც შეეხება ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, გელა სამხარაულის განცხადებას, ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 860 (მათ შორის, დიდი ნაწილი თბილისში), ხოლო უშუალოდ კახეთის რეგიონში 262 ღვინის კომპანია და მარანია რეგისტრირებული. ჩვენ 2012 წლის შემდეგ გახსნილი საწარმოების სტატისტიკის მოპოვებაც ვცადეთ, თუმცა მსგავსი მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.
ანალიზი
ახმეტისა და თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მიმდინარე წლის რთველი შეაფასა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სოფლის მეურნეობისა და მეღვინეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, „ღვინის ექსპორტის ზრდამ, ბაზრების დივერსიფიკაციამ, იაფი აგროკრედიტების სისტემამ, გაფართოებულმა ღვინის საწარმოებმა შედეგი გამოიღო. ტრადიციული დარგი საბაზრო ეკონომიკის პრინციპით ამუშავდა. ღვინოს უკვე 400-ზე მეტი ღვინის კომპანია, მცირე და საოჯახო მარანი აწარმოებს“ - წერს სამხარაული.
მიმდინარე წლის 23 სექტემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, თორნიკე ჩუბინიძის ღვინის მარანს ესტუმრა. ლევან დავითაშვილმა მარანში სტუმრობისას აღნიშნა, რომ „თუ 2012 წელს საქართველოში 50-მდე სხვადასხვა მოცულობის ღვინის საწარმო და მარანი იყო, დღეს მათი რიცხვი 500-მდე გაიზარდა“.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 68.3 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0.75 ლ), რაც 12%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 162 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20% შეადგინა.
ცხრილი 1:ღვინის ექსპორტის სტატისტიკა, 2009-2018 წლები
წლები | (0.75) ბოთლი ღვინო |
2008 | 12.2 მლნ |
2009 | 10.9 მლნ |
2010 | 14.8 მლნ |
2011 | 19.0 მლნ |
2012 | 23.3 მლნ |
2013 | 46.7 მლნ |
2014 | 59.1 მლნ |
2015 | 36.1 მლნ |
2016 | 50 მლნ-მდე |
2017 | 76.7 მლნ |
2018 (იანვარი-ოქტომბერი) | 68.3 მლნ |
წყარო:ღვინის ეროვნული სააგენტო(2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2015წლები; 2013-2014წლები; 2016წელი; 2017წელი; 2018წელი.
აღნიშნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორაციისთანახმად,საქართველოში 860 ღვინის კომპანია და მარანია რეგისტრირებული. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, აქედან 262 კომპანია კახეთშია რეგისტრირებული. კომპანიების ყველაზე დიდი ნაწილი კი თბილისშია რეგისტრირებული.
ცხრილი 2:კახეთის რეგიონში რეგისტრირებული ღვინის კომპანიები და მარნები
მუნიციპალიტეტი | ღვინის კომპანიები და მარნები |
თელავი | 88 |
გურჯაანი | 72 |
ყვარელი | 45 |
საგარეჯო | 20 |
ახმეტა | 15 |
სიღნაღი | 9 |
ლაგოდეხი | 7 |
დედოფლისწყარო | 6 |
ღვინის ეროვნულ სააგენტოდან 2012 წლის შემდეგ რეგისტრირებული ღვინის კომპანიებისა და მარნების ზუსტი სტატისტიკა არ მოგვაწოდეს.