ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ივანე მაჭავარიანის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: კაპიტალურ ხარჯებს მიეკუთვნება ყველა საბიუჯეტო ხარჯი, რომელიც მიიმართება საინვესტიციო და საინოვაციო პროგრამების დასაფინანსებლად. აგრეთვე, კაპიტალის გაზრდისკენ მიმართული ყველა სხვა ხარჯი. კაპიტალურ ხარჯებში შედის, მაგალითად: სახელმწიფო მარაგების შესაქმნელად საქონლის შეძენა, ძირითადი კაპიტალის შეძენა, მანქანა დანადგარების, მოწყობილობების, სატრანსპორტო და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენა, შენობა-ნაგებობების შეძენა და ა.შ.
საქართველოს ბიუჯეტის გეგმიური მონაცემები განსაზღვრულია დოკუმენტში: „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისთვის“.
მონაცემების მიხედვით, იგეგმება არაფინანსური აქტივების (კაპიტალური ხარჯების) ზრდა, ჯამში დაახლოებით 24.9 მლრდ ლარით. კაპიტალური ხარჯების წმინდა ზრდა[1] შეადგენს დაახლოებით 23.1 მლრდ ლარს. კაპიტალური აქტივების საშუალო ფარდობითი მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან, 2019-2022 წლებში იქნება დაახლოებით 8%. შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის განცხადება სიმართლეა.
ანალიზი
2018 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სესიაზე განცხადა: „2017-2022 წლებში საშუალოდ მშპ-ს 8% იქნება კაპიტალური ხარჯები, რაც ჯამში 25 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების პროექტია“.
ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას საყურადღებო მომენტია საბიუჯეტო თანხის განაწილება, მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებს შორის.
მიმდინარეხარჯებშიაღირიცხება ქვეყნის სამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მიმდინარე საქმიანობის ოპერაციები და მოიცავს: ხარჯებს საქონელსა და მომსახურებაზე, პროცენტების გადახდას, სუბსიდიებს, სუბვენციებს[2] და მიმდინარე ტრანსფერებს.
კაპიტალურ ხარჯებს მიეკუთვნება ყველა საბიუჯეტო ხარჯი, რომელიც მიიმართება საინვესტიციო და საინოვაციო პროგრამების დასაფინანსებლად. აგრეთვე, კაპიტალის გაზრდისკენ მიმართული ყველა სხვა ხარჯი. კაპიტალურ ხარჯებში შედის მაგალითად სახელმწიფო მარაგების შესაქმნელად საქონლის შეძენა, ძირითადი კაპიტალის შეძენა, მანქანა დანადგარების, მოწყობილობების, სატრანსპორტო და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენა, შენობა -ნაგებობების შეძენა, მშენებლობა და რეკონსტრუქცია, მანქანა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებებისა და შენობა-ნაგებობების კაპიტალური რემონტი და ა.შ
საქართველოს ბიუჯეტის გეგმიური მონაცემები განსაზღვრულია დოკუმენტში: „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისთვის“.
გრაფიკი 1: კაპიტალური ხარჯების გეგმიური დინამიკა
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მონაცემების მიხედვით, იგეგმება არაფინანსური აქტივების (კაპიტალური ხარჯების) ზრდა, ჯამში დაახლოებით 24.9 მლრდ ლარით. კაპიტალური ხარჯების წმინდა ზრდა შეადგენს დაახლოებით 23.1 მლრდ ლარს. კაპიტალური აქტივების საშუალო ფარდობითი მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან, 2019-2022 წლებში იქნება დაახლოებით 8%. შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის განცხადება სიმართლეს შეესაბამება.
[1] კაპიტალური აქტივების ზრდას გამოკლებული კლება
[2] განსაზღვრული ღონისძიებებისთვის მიზნობრივად გამოყოფილი ფულადი დახმარებები, რომელიც მიზნობრიობის ან ვადის დარღვევის შემთხვევაში ექვემდებარება დაბრუნებას.