Doing Business-ის მონაცემებით, რომელიც მსოფლიო ბანკის კვლევაა, საქართველოში პირდაპირი გადასახადები, რომელსაც უშუალოდ საწარმო იხდის (მოგების და ქონების გადასახადები) საწარმოს კომერციული მოგების 9.9%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს. Doing Business გადასახადების (მოგების და ქონების გადასახადები) ჯამურ განაკვეთს, ბიზნესისთვის არსებულ ბარიერად განიხილავს. გადასახადების განაკვეთთან ერთად, ბიზნესისთვის ბარიერად მიჩნეულია გადასახადების გადახდის სიხშირე (ადმინისტრირება). ჯამში, Doing Business-ის გადასახადების გადახდის ინდიკატორით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს.
რაც შეეხება ზოგადად ბიზნესის კეთების სიმარტივეს, საქართველო ამ მაჩვენებლით, მსოფლიოში მე-6 ადგილზეა.
ანალიზი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ჩინეთში, საერთაშორისო იმპორტის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას,
საქართველოში არსებულ საგადასახადო წნეხზე და რეიტინგებზე ისაუბრა. მისი თქმით, „მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხი აქვს საქართველოს, რადგან მსოფლიო ბანკის დასკვნით, ჯამური საგადასახადო განაკვეთი მხოლოდ 9.9 პროცენტია, რითაც მსოფლიოში მე-3 ადგილას მოვიაზრებით“.
სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრმა Doing Business-ის რეიტინგებზე გაამახვილა ყურადღება და ბოლო ანგარიშში არსებულ მონაცემებეზე ისაუბრა.
Doing Business-ის 2018 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით, საქართველო ბიზნესი კეთების სიმარტივით მსოფლიოში მე-6 ადგილს იკავებს. აღნიშნული რეიტინგი 10 ძირითადი ინდიკატორის საშუალებით დგება, ხოლო ძირითადი დაკვირვება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებზე ხორციელდება. აღნიშნული 10 ძირითადი ინდიკატორიდან, ერთ-ერთი ინდიკატორი გადასახადებს უკავშირდება. ის კი, თავის მხრივ, საზომის რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. მათ შორის, ერთ-ერთი კომპონენტი საწარმოს კომერციულ მოგებაში გადასახადების ფარდობითი მაჩვენებელია - გადასახადების ჯამური განაკვეთი. Doing Business, კომერციულ მოგებაში გადასახადების წილის დადგენისთვის, საშუალო ზომის საწარმოებს აკვირდება და საქართველოში არსებული ექვსი გადასახადიდან, მხოლოდ ორი -პირდაპირი გადასახადის დაჯამებას და მოგებასთან შეფარდებას ახდენს.ეს ორი გადასახადი კი, მოგების და ქონების გადასახადია, რასაც უშუალოდ საწარმო იხდის. ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგის დადგენის მიზნებისთვის მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ ბიზნესისთვის ბარიერს პირდაპირი გადასახადები წარმოადგენს, რომლის გადახდა უშუალოდ საწარმოს ან დამსაქმებელს უწევს.
Doing Business-ის მიერ დაანგარიშებული გადასახადების განაკვეთის კომერციულ მოგებასთან შეფარდების 9.9%-იანი განაკვეთით, საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს, ხოლო პირველ და მეორე ადგილებს ბრუნეი (8%) და ვანუატუ (8.5%) ინაწილებენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Doing Business-ს გადასახადი გადახდის ინდიკატორის ერთ-ერთ კომპონენტია პირდაპირი გადასახადების ჯამური განაკვეთი, თუმცა აღნიშნული ინდიკატორის სხვა კომპონენტები გადასახადების რაოდენობას, გადახდის დროსა და საშუალებებს, დღგ-ს დაბრუნებას და საგადასახადო ადმინისტრირების სხვა საკითხებს მოიცავს. საბოლოო ჯამში გადასახადების გადახდის მიხედვით, რეიტინგში საქართველო მე-16 ადგილს იკავებს.
გრაფიკი 1:
Doing Business-ის რეიტინგი გადასახადის გადახდის მიხედვით
წყარო: Doing Business, report 2019ზემოთ განხილული მაჩვენებელი უკაშირდება უშუალოდ ბიზნესისთვის გადასახადების სახით არსებულ ბარიერს. თუმცა, საგადასახადო წნეხის გაანალიზებისას, საინტერესოა მთლიან ეკონომიკაზე მისი ტვირთის განხილვაც, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მშპ-სთან შეფარდებით იზომება. აღნიშნული ინდიკატორი უჩვენებს მთავრობის მიერ გადასახადების საშუალებით ეკონომიკის რა ნაწილი ამოაქვს და ანაწილებს. ამავდროულად, ეს მაჩვენებელი მოიცავს არაპირდაპირ გადასახადებს და საშემოსავლო გადასახადს, რომელსაც დაბეგვრის ობიექტის მიუხედავად, ბიზნესზე არსებითი საგადასახადო წნეხი გააჩნია.
აღნიშნული მაჩვენებლით, 2016 წელს საქართველო მსოფლიოში 57-ე ადგილს იკავებდა (ხელმისაწვდომია 2016 წლამდე ინფორმაცია). 2016 წელს საგადასახადო შემოსავლების შეფარდება მშპ-სთან 25.8%-ს შეადგენდა. საგადასახადო შემოსავლების წილი მშპ-ში, ბოლო ათი წლის მანძილზე, საშუალოდ 25%-ია, რომელსაც გამოკვეთილი ზრდის/კლების ტენდენცია არ ახასიათებს. გარდა ამისა, ამ ეტაპზე მომდევნო წლებშიც აღნიშნული მაჩვენებლის არსებითი ცვლილება არ არის პროგნოზირებული.