რეზიუმე:
ეკონომიკის მინისტრი საუბრობს ტურისტებზე, თუმცა მის მიერ ნახსენები რიცხვი შეესაბამება საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობას, რომელიც მოიცავს ტურისტებს, ტრანზიტის მიზნით მყოფ და სხვა კატეგორიის ვიზიტორებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს საქართველოს ეწვია 7 მლნ 554 ათასი ვიზიტორი, რაც საქართველოს მოსახლეობას 2-ჯერ აღემატება. მათ შორის ტურისტების რიცხვი, რომლებიც ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, უფრო მეტს ხარჯავენ, მხოლოდ 3 მლნ 478 ათასია.
ბოლო წლებში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები საქართველოს მოსახლეობას დაახლოებით 1.5-2-ჯერ აღემატებოდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ამ მხრივ საქართველოს მაჩვენებელი (ვიზიტორები/მოსახლეობაზე) მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ ჯუჯა სახელმწიფოებს, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა დაბალია, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა მაღალი. ასევე, ჯუჯა სახელმწიფოების გარდა, ვიზიტორების მაღალი მაჩვენებლების ჯგუფში არიან: ხორვატია, ისლანდია, ავსტრია, კვიპროსი, ესტონეთი, სინგაპური, საბერძნეთი, მონტენეგრო.
ანალიზი საერთაშორისო შეხვედრების ფორუმზე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა:
„ყოველწლიურად, საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობას 2-ჯერ აღემატება. ამ მაჩვენებლით, დღეს ჩვენ უკვე ლიდერი ვართ მსოფლიოში, ჩვენზე წინ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, მაგალითად, ხორვატია. ტურისტების და მოსახლეობის რაოდენობის შეფარდების მიხედვით, ჩვენ უფრო წინ ვართ, ვიდრე იტალია ან საფრანგეთი“.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიხედვით,ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან, საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით. საქართველოში ჩვეული გარემოს განსასაზღვრად შემდეგი მეთოდი გამოიყენება, ჩვეულ გარემოში ითვლება ის ვიზიტები რომელიც თვეში 8-ჯერ ან 8-ზე მეტჯერ ხორციელდება. ხოლო ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც ერთი ღამე მაინც გაათენა საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ განხორციელებული ვიზიტების ტენდენციას ცხრილი 1 ასახავს.
ცხრილი 1:
საერთაშორისო ვიზიტები საქართველოში (ათასი კაცი)
წელი | ვიზიტების საერთო ოდენობა | 24 საათი და მეტი (ტურისტები) | ტრანზიტი | სხვა |
2017 | 7 554 | 3 478 | 1 687 | 2 388 |
2016 | 6 360 | 2 720 | 1 321 | 2 318 |
2015 | 5 901 | 2 281 | 1 400 | 2 218 |
2014 | 5515 | 2 229 | 1 114 | 2 172 |
2013 | 5 392 | 2 065 | 1 188 | 2 138 |
ცხრილი 2-ის მიხედვით, 2017 წელს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები დაახლოებით 2-ჯერ აღემატება, ხოლო ტურისტების რიცხვი დაახლოებით 10%-ით ჩამოუვარდება საქართველოს მოსახლეობას. როგორც აღვნიშნეთ, ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც 1 ღამე მაინც დაჰყო ქვეყნის ტერიტორიაზე.
ცხრილი 2:
ვიზიტორებისა და ტურისტების ოდენობის შეფარდება მოსახლეობასთან
წელი | ვიზიტორები/მოსახლეობასთან | ტურისტები/მოსახლეობასთან |
2017 | 2.0 | 0.9 |
2016 | 1.7 | 0.7 |
2015 | 1.6 | 0.6 |
2014 | 1.5 | 0.6 |
2013 | 1.4 | 0.6 |
განსაზღვრებიდან გამომდინარე, ეკონომიკის მინისტრის განცხადება რელევანტურია არა ტურისტების, არამედ საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვთან მიმართებაში. ამ მხრივ საქართველოს მაჩვენებელი (ვიზიტორები/მოსახლეობაზე) მართლაც ერთ-ერთი მაღალია მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, საქართველოს უსწრებენ რიგი ქვეყნები, რომლებშიც მოსახლეობა ბუნებრივია დაბალია და ვიზიტორების რაოდენობა მაღალი.
ცხრილი 3:
ვიზიტორებისა და მოსახლეობის ფარდობა ქვეყნებში, სადაც მაჩვენებელი საქართველოზე მაღალია
ვიზიტორების რიცხვი | მოსახლეობა | ვიზიტორები/მოსახლეობა | |
ბაჰრეინი | 10 158 000 | 1 425 171 | 7.1 |
ისლანდია | 1 792 000 | 335 439 | 5.3 |
ავსტრია | 28 121 000 | 8 736 668 | 3.2 |
კვიპროსი | 3 187 000 | 1 170 125 | 2.7 |
მონტენეგრო | 1 662 000 | 622 303 | 2.7 |
ესტონეთი | 3 147 000 | 1 315 790 | 2.4 |
საბერძნეთი | 24 799 000 | 10 775 971 | 2.3 |
სინგაპური | 12 914 000 | 5 607 283 | 2.3 |
სრულყოფილ მონაცემებს ვიზიტორებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკი აქვეყნებს, თუმცა ამ ეტაპზე ინფორმაცია მხოლოდ 2016 წლის ჩათვლითაა ხელმისაწვდომი. 2016 წლის მონაცემებით, ხორვატიის გარდა, ქვეყნები, რომლის ვიზიტორების და მოსახლეობის ფარდობა საქართველოზე მაღალია, არიან მაგალითად: ისლანდია, ბაჰრეინი, ავსტრია, კვიპროსი, ესტონეთი, სინგაპური, საბერძნეთი, მონტენეგრო.