სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ 2011-2015 წლებში საქართველოში სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი ყოველწლიურად მცირდებოდა, 2016-2017 წლებში კი, ქვეყანაში სიღარიბის დონე გაიზარდა. წინამდებარე სტატიაში მიმოხილულია სიღარიბის მაჩვენებლები, მისი გამომწვევი მიზეზები და სიღარიბესთან ბრძოლის მეთოდები.

სიღარიბის მაჩვენებლები

საქსტატი აბსოლუტური და უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლებს აქვეყნებს. აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ. აბსოლუტური სიღარიბის ზღვრად, ოფიციალური საარსებო მინიმუმია აღებული. 2017 წელს შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი თვეში (გასაშუალოებული მაჩვენებელი) დაახლოებით 171 ლარი იყო. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 21.9% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. 2011-2015 წლებში აბსოლუტური სიღარიბე ყოველწლიურად მცირდებოდა, 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილიმცირედით გაიზარდა, ხოლო 2017 წელს სიღარიბის დონე თითქმის იგივე ნიშნულზეა (იხ. გრაფიკი 1).

ფარდობითი სიღარიბე აჩვენებს მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების შესაბამისობას მათ საშუალო მოხმარებასთან. ღარიბად ითვლება ის, ვინც მთლიანი მოსახლეობის მედიანური[i] მოხმარების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს. ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი, 2012-2015 წლებში, ყოველწლიურად მცირდებოდა. 2016 და 2017 წლებში კი, სიღარიბის დონე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის 22.3% მედიანური მოხმარების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს.

გრაფიკი 1: აბსოლუტური და ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები, 2010-2017 წლებში

111

წყარო: საქსტატი

იუნისეფის „მოსახლეობის კეთილდღეობის“ 2017 წლის კვლევის თანახმად, ბოლო წლებში, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. იუნისეფი „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევას“ ორ წელიწადში ერთხელ, 2009 წლიდან ატარებს. მოსახლეობის სიღარიბე და კეთილდღეობა სამომხმარებლო ხარჯების ანალიზის საფუძველზე ფასდება. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს. ზოგადი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 2.5 დოლარი დღეში.

იუნისეფის მონაცემებით, 2011-2015 წლებში ზოგადი და უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები მცირდებოდა. 2017 წელს კი, 2015 წელთან შედარებით, ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი 18.4%-დან 21.7%-მდე გაიზარდა. განსაკუთრებით გაზრდილია უკიდურესი სიღარიბე - საქართველოს მოსახლეობის 5% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს (იხ. გრაფიკი 2).

გრაფიკი 2: უკიდურესი და ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები

222222

წყარო: იუნისეფი, მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევები

იუნისეფის თანახმად, საქართველოში ყველაზე ღარიბები, ბავშვები არიან. ბოლო ორ წელიწადში განსაკუთრებით გაზრდილია ბავშვთა სიღარიბე. 2017 წელს უკიდურესად ღარიბი იყო ბავშვების 6.8%, ეს მაჩვენებელი 2015 წელს 2.5% იყო. ზოგად სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების წილი კი, 21.7%-დან 27.6%-მდე გაიზარდა.

სიღარიბის ზრდის გამომწვევი მიზეზები

იუნისეფმა სიღარიბის ზრდის გამომწვევ მიზეზებად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება და ინფლაცია (სამომხმარებლო ფასების მატება - სურსათზე, ჯანდაცვაზე, ტრანსპორტზე და სხვა) დაასახელა. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ინფლაციური პროცესები უფრო მეტად აისახა დაბალშემოსავლიან ოჯახებზე, ვიდრე მაღალშემოსავლიან ოჯახებზე.

2017 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 6.7% იყო, რაც ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს - 4%-ს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. 2017 წელს მაღალი ინფლაციის ერთ-ერთი მიზეზი იყო მთავრობის გადაწყვეტილება აქციზის ზრდასთან დაკავშირებით. ასევე, ლარის კურსის გაუფასურება, რამაც იმპორტირებული საქონელი გააძვირა (იხილეთ ამ თემაზე ფაქტ-მეტრის სტატია).

საქსტატის მონაცემებით, 2015-2016 წლებში, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 3%-ზე დაბალი იყო, 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 4.8% შეადგინა. გაზრდილი სამომხმარებლო ფასების ფონზე, ეკონომიკის ასეთი დაბალი ზრდის ტემპმა ვერ უზრუნველყო სიღარიბის შემცირება.

რაც შეეხება მოსახლეობის შემოსავლებს, საქსტატის მონაცემებით, 2013-2017 წლებში მოსახლეობის ნომინალური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ყოველთვიურად იზრდება. თუმცა, ინფლაციის გათვალისწინებით, (ანუ მოსახლეობის რეალური შემოსავლები) 2017 წელს ოდნავ შემცირდა. ასევე, შემცირდა რეალური ფულადი სახსრების ოდენობაც (იხილეთ მითითებულ ლინკზე მე-4 გრაფიკი).

სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ ფაქტორად რჩება უმუშევრობა. ოფიციალური სტატისტიკით, 2016-2017 წლებში უმუშევრობის დონე 14.1%-დან 13.9%-მდე შემცირდა. თუმცა, უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებლის შემცირება არა დასაქმებულთა რიცხვის ზრდით, არამედ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, ანუ სამუშაოს მაძიებელი ადამინების რაოდენობის შემცირებითაა გამოწვეული. ამდენად, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის კლება გვაქვს - 2015 წელს 1 733.8 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, 2017 წელს კი, 1 706.6 ათასი ადამიანი. აქვე აღსანიშნავია, რომ დასაქმებულების 51.7% თვითდასაქმებულია. თვითდასაქმებულთა კატეგორიაში აღირიცხებიან ის პირები, ვინც, ძირითადად, სოფლის მეურნეობაში/ოჯახურ მეურნეობებში არიან დასაქმებულები. დასაქმებულთა დიდი ოდენობის მიუხედავად (736 ათასი ადამიანია სოფლის მეურნეობაში დასაქმებული, რაც დასაქმებულების 43%-ია), სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში დაბალია (2016 წელს სოფლის მეურნეობამ მშპ-ს 9%, ხოლო 2017 წელს 8% შეადგინა), რაც ადასტურებს რომ თვითდასაქმებულთა საქმიანობა დაბალპროდუქტიული და დაბალშემოსავლიანია.

როგორ ებრძვის მთავრობა სიღარიბეს?

სიღარიბესთან ბრძოლის ორი ძირითადი გზა არსებობს, პირველი არის ეკონომიკის სწრაფი განვითარება და სამუშაო ადგილების ზრდა, რასაც თავის მხრივ, მოყვება მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. რა თქმა უნდა, ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია სიღარიბის შესამცირებლად, მაგრამ ბევრად ეფექტურიც. საქართველოს აქვს ამის გამოცდილება. მსოფლიო ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ 2011-2014 წლებში სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა, სწორედ, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს ჰქონდა.

სიღარიბის შემცირება შესაძლებელია სოციალური ტრანსფერების (ფულადი დახმარებების) ზრდითაც, რომელსაც უფრო სწრაფი ეფექტი აქვს. მოსახლეობის ის ნაწილი ვინც სიღარიბეს ამ გზით (სოციალური დახმარებით) აღწევს თავს, რჩება მოწყვლად ჯგუფად და გაღარიბების რისკის ქვეშაა.

მას შემდეგ, რაც იუნისეფის კვლევამ აჩვენა, რომ სიღარიბე და განსაკუთრებით ბავშვთა სიღარიბე გაიზარდა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2019 წლის იანვრიდან ბავშვზე დანამატი 10 ლარიდან 50 ლარამდე გაზარდოს. ეს გაზრდის შინამეურნეობების შემოსავლებს და შეამცირებს როგორც ბავშვთა სიღარიბეს, ასევე ზოგადად სიღარიბესაც. დიდი ალბათობით, 2019 წლიდან სიღარიბე შემცირდება სწორედ სოციალური ტრანსფერის ზრდის ხარჯზე. თუმცა, რამდენადაც არ უნდა გაიზარდოს სოციალური ტრანსფერები, თუ სამუშაო ადგილები და ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები არ გაიზრდება, გრძელვადიან პერსპექტივაში, სიღარიბის დონე კვლავ მზარდი იქნება.

[i] მედიანური - შუა სიდიდე, საშუალო

თეგები: