ტოვებს.
რეზიუმე: 2016
წლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯებში, ადმინისტრაციული (ბიუროკრატიული) ხარჯების წილი 29.4%-ია. მათ შორის, შრომის ანაზღაურება - 16.6% და საქონელი და მომსახურება - 12.8%. ამავე წლის მდგომარეობით, მსოფლიოში ადმინისტრაციული ხარჯების საშუალო ფარდობითი მაჩვენებელი 32.1%-ია, ხოლო ევროპისა და ცენტრალური აზიის (მაღალი შემოსავლების გარეშე) კი - 27.0%. ბოლო წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯებში, ადმინისტრაციული ხარჯების წილი კლებადია და 2018 წლის გეგმით, 26.8% -მდეა შემცირებული. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში კი, 28.5%-ის ნიშნულზეა დაგეგმილი. 2016 წლის მდგომარეობით, საქართველოში ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების მიმდინარე ხარჯებთან ფარდობის მაჩვენებელი, მსოფლიოს 70 ქვეყნაში არსებულზე დაბალია.
როგორც ჩანს, ბოლო წლებში საქართველოს ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების მაჩვენებელი მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე ნაკლებია, ხოლო ცალკეული შედარებისათვის რელევანტური ქვეყნების ჯგუფების საშუალო[1]მაჩვენებლებს არსებითად არ აღემატება. იმ ფონზე, როცა ბოლო წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები კლებადია, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ბიუროკრატული ხარჯების წილი კი, ზრდის მიუხედავად, ნაკლებია 2016 წლის მაჩვენებელზე, 2019 წლის ბიუჯეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბიუროკრატიული ბიუჯეტი სავარაუდოდ არ იქნება.
ვინაიდან, 2019 წლისათვის, სხვა ქვეყნებისთვის ერთიანი სახით აღნიშნული მონაცემები ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის, შედარება ვერ განხორციელდება, შესაბამისად, ფაქტ-მეტრი განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს.
ანალიზი
საქართველოს პარლამენტში 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, განაცხადა, რომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავრი პრობლემა ბიუროკრატიული ხარჯებია. რომან გოცირიძის თქმით, „ფაქტობრივად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბიუროკრატიული ბიუჯეტი [2019 წლის პროექტი] მსოფლიოში“.
ბიუჯეტის ადმინისტრაციული (ბიუროკრატიული) ხარჯი მიმდინარე ხარჯების შემადგენელი ნაწილია. თავის მხრივ, ადმინისტრაციული ხარჯები, ბიუჯეტის შრომის ანაზღაურებისა და საქონლისა და მომსახურების ხარჯების ჯამია. სხვდასხვა ქვეყნაში სახელმწიფოს ფუნქციები არათანაბარია და ხელისუფლების სხვადასხვა დონეებზე (ცენტრალური, ადგილობრივი) განსხვავებულად არის განაწილებული. მთავრობის ძირითადი ფუნქციები ხარჯების თვალსაზრისით, ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯებს უკავშირდება, ხოლო ადმინისტრაციული ხარჯები ამ ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო ადმინისტრაციულ და ადამიანურ რესურსზე გაწეული ხარჯებია. შესაბამისად, განცხადების გადამოწმების მიზნებისთვის, საჭიროა, სახელმწიფო ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები მიმდინარე ხარჯებთან მიმართებით განვიხილოთ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზებში ამ ეტაპისთვის, ყველა ქვეყნის საჯარო ფინანსების სტატისტიკური მაჩვენებლები მხოლოდ 2016 წლის ჩათვლით არის ხელმისაწვდომი. ამიტომ, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების ფარდობითი მაჩვენებლების სხვა ქვეყნებთან შედარება შესაძლებელია 2016 წლის ჩათვლით არსებული მონაცემებით.
გრაფიკი 1: ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები მიმდინარე ხარჯებთან მიმართებით[i] (%) წყარო: მსოფლიო ბანკი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი
2016 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯებში ადმინისტრაციული (ბიუროკრატიული) ხარჯების წილი 29.4% იყო, რაც ამავე წლის მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს 2.7% პუნქტით ჩამორჩება, ხოლო ევროპისა და ცენტრალური აზიის (მაღალი შემოსავლის გარეშე) რეგიონის საშუალო მაჩვენებელს 2.4% პუნქტით აღემატება. აღნიშნული მაჩვენებელი ქვეყნების ჯგუფის მიხედვით, ევროკავშირში, საშუალოდ, 23.3%-ია, ხოლო OCED[2]-
ის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი კი - 22.1%. აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალ ნიშნულს 2007-2008 წლების გლობალური ფინანსური კრიზის დროს აღწევდა. ამავე წლებში საქართველოშიც ადმინისტრაციული ხარჯების ფარდობითი მაჩვენებლები გაცილებით მაღალი(43.6 და 35.9%) იყო, ვიდრე შემდეგ წლებში.
2013წლიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ადმინისტრაციულ ხარჯებს, მიმდინარე ხარჯებთან მიმართებით, კლების ტენდენცია ახასიათებს. 2013-2018 წლებში საშულო ყოველწლიური კლება 0.8% პუნქტია. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში კი, ამ მაჩვენებლის მიმდინარე წელთან შედარებით, 1.7% პუნქტით გაზრდაა დაგეგმილი. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ადმინისტრაციული ხარჯების წილი მიმდინარე ხარჯებში 28.5%-ია. მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე 15.6%, ხოლო საქონელი და მომსახურების ნაწილზე 12.9% მოდის. გარდა ამისა, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილი ადმინისტრაციული ხარჯების ფარდობით მაჩვენებელი 2016 წლის მაჩვენებელს არ ცდება და 0.9% პუნქტით ნაკლებია.
გრაფიკი 2:
სახელმწიფო ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების წილი მიმდინარე ხარჯებში (%)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
რაც შეეხება ბიუროკრატიული ხარჯების მნიშვნელოვან კომპონენტს - შრომის ანაზღაურებას, 2016 წლის მონაცემებით, მიმდინარე ხარჯებში შრომის ანაზღაურების წილი მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლით 20.9%-ია, რაც საქართველოს მაჩვენებელს 4.3% პუნქტით აღემატება. ევროპისა და ცენტრალური აზიის (მაღალი შემოსავლების გარეშე) საშუალო მაჩვენებელი კი, საქართველოში არსებულ მაჩვენებელზე 0.6% პუნქტით ნაკლები - 16.0%-ია. ევროკავშირში შრომის ანაზღაურების წილი მიმდინარე ხარჯებში საშუალოდ 15.1%-ია, ხოლო OECD-ის საშუალო მაჩვენებელი - 13.9%.
გრაფიკი 3:შრომის ანაზღაურების წილი მიმდინარე ხარჯებში (%)
წყარო: მსოფლიო ბანკი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი[1]
ჯგუფის საშუალო მაჩვენებელთან სიახლოვე, ნიშნავს რომ ჯგუფში შემავალ ქვეყნების გარკვეული ნაწილისათვის ბიუჯეტის ბიუროკრატიული ხარჯები მაღალია საქართველოსთან შედარებით.
[2]ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია
[i] ზოგიერთი ქვეყანა GFS2001 მეთოდოლოგიით ახორციელებს საჯარო ფინანსების კონსოლიდირებას, ხოლო ზოგიერთი GFSM2014-ით, თუმცა გრაფიკზე წარმოდგენილ მაჩვენებლებში გამორიცხულია მეთოდოლოგიაში სხვაობით გამოწვეული განსხვავება.