2018 წლის 13 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი,

რომელიც მიზნად ისახავს ექსპორტზე გასატანად მცენარე კანაფის სამედიცინო ან/და სამრეწველო მიზნით დათესვის, მოყვანის, კულტივირებისა და წარმოების სამართლებრივი საფუძვლის შექმნას. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობაში უნდა შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კანაფის კონტროლის სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში მცენარე კანაფის კონტროლზე. ეს უკანასკნელი გულისხმობს ლიცენზიის გაცემას, სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელისთვის მკაცრი სანქციების შეფარდებას და სხვა. გარდა ამისა, სააგენტოს მოვალეობაა, ნარკომანიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უზრუნველყოს შესაბამისი საინფორმაციო კამპანია და სხვა პრევენციული ღონისძიებები. კანონპროექტით აკრძალულია სალიცენზიო საქმიანობით მიღებული პროდუქტის საქართველოში რეალიზაცია.

პროექტის მიხედვით, იურიდიულმა პირმა სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისათვის, მისი გადამუშავებისათვის, პროდუქციის წარმოებისათვის, ექპორტისათვის და კანაფის თესლის ან/და ნერგის იმპორტისათვის ცალ-ცალკე ლიცენზია უნდა აიღოს. იგივე ვრცელდება სამრეწველო მოხმარების მიზნით (მცენარე კანაფის სამრეწველო მიზნით მოყვანა და მისი გადამუშავება მიღებული პროდუქტის ტექსტილის ინდუსტრიაში გამოყენებას გულისხმობს) საქმიანობასთან დაკავშირებითაც. ეს ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული საქმიანობის ლეგალურად განხორციელებისათვის იურიდიულმა პირმა ცალ-ცალკე უნდა გადაიხადოს სალიცენზიო სანებართვო მოსაკრებელი (25 ათასი ლარი) და დააკმაყოფილოს კანონპროექტით გაწერილი ყველა მოთხოვნა.  შესაბამისი ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, მწარმოებელი ვალდებულია მის ხელთ არსებული მცენარე კანაფი, მისი შემდგომი განადგურების მიზნით, კონტროლის სააგენტოს გადასცეს.

კანონპროექტის თანახმად, მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანის ან კულტივაციისთვის, წარმოებისთვის დასაშვები ჯიშები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა დაადგენს მცენარე კანაფის შემცველობის ზღვრულად დასაშვებ ნორმებსა და გაზომვის წესს. მცენარე კანაფის ჯიშებში ან კანაფის შემცველობის პროდუქტში ტეტრაჰიდროკანაბინოლის (ფსიქოაქტიური ნივთიერება) შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ოდენობას. ლიცენზიის მფლობელი კი ვალდებულია ისარგებლოს მცენარე კანაფის მხოლოდ იმ სახეობებით და ოდენობით, რომელთა დათესვა, მოყვანა, კულტივირება და წარმოებაში გამოყენება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების შესაბამისად.

მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ლიცენზიის მოპოვება შეუძლია მხოლოდ იურიდიულ პირს. ლიცენზიაში უნდა მიეთითოს მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანის, კულტივირებისა და წარმოებისათვის ნებადართული ოდენობა. სალიცენზიო სანებართვო მოსაკრებელი კი 25 ათას ლარს შეადგენს. ლიცენზიის მისაღებად იურიდიულმა პირმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისათვის განკუთვნილ ფართზე გამოსაყენებელი თესლის რაოდენობის შესახებ. ასევე, ინფორმაცია მცენარის დათესვისა და მოყვანის კონკრეტულ ვადებზე შესაბამისი დასაბუთებით და მცენარე კანაფის ჯიშისა და მასში ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობის პროცენტული რაოდენობის შესახებ (შესაბამისი საქმიანობის უფლების მქონე დაწესებულების ლაბორატორიული დასკვნით დადასტურებული). გარდა ამისა, ლიცენზიის გაცემამდე მცენარე კანაფის ექსპორტი წინასწარ თანხმდება იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოსთან. თუმცა, კანონპროექტის მე-14 მუხლი ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემასაც უშვებს, რომლის წესიც საქართველოს მთავრობამ უნდა დაადგინოს.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას საქართველოს ეკლესიისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. დამატებითი კონსულტაციების საჭიროების გამო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტებმა კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადაავადეს. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა მარიხუანას საექსპორტო პოტენციალს სწავლობს და განიხილება მოდელი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილ მარიხუანას. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავა. კანონპროექტის განხილვის გადავადების საკითხი მიუღებელია საქართველოს საპატრიარქოსთვის. როგორც მეუფე შიომ განაცხადა, ისინი კანონპროექტის გაწვევას ელოდებიან. ხოლო მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, ამ განხილვაში საპატრიარქო მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან კულტივაციის თემა მათთვის დახურულია და ამაზე სასაუბრო არაფერი აქვთ. საკითხთან დაკავშირებული ერთსულოვნება არც მმართველ პარტიაში შეინიშნება. დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადების მიხედვით, მოწინააღმდეგეთა რაოდენობა საკმაოდ დიდია და კანონპროექტის ამ ფორმით განხილვა არაფრის მომტანი არ უნდა იყოს, რადგან მას პარლამენტის მხარდაჭერა არ ექნება. საპირისპიროს ამტკიცებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომლის თანახმადაც,

„მსჯელობა იქნება მანამ, სანამ კონსენსუსს ვერ მივაღწევთ საზოგადოებასთან“.

ექსპორტზე გასატანად მცენარე კანაფის სამედიცინო ან/და სამრეწველო მიზნით დათესვის, მოყვანის, კულტივირებისა და წარმოების შესახებ კანონპროექტთან და მის ეფექტურად აღსრულებასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა ისმის. დასაწყისისათვის აუცილებელია აღინიშნოს, რომ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, კანაფი, რომელიც სამედიცინო მოხმარების მიზნით გამოიყენება, მაღალი პროცენტულობით შეიცავს კანაბიდიოლს (CBD), არაფსიქოეფექტურ ქიმიურ ელემენტს, ხოლო მინიმალური ოდენობით - ფსიქოაქტიურ ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლს (THC) და შესაბამისად, თრობას არ იწვევს. 2017 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ CBD ჯანმრთელობისათვის საშიში არ არის (ექიმის მიერ დადასტურებული საჭიროების შემთხვევაში მოხმარებისას) და სხვა კანაბინოიდებზე შეჩვევას არ იწვევს. რაც შეეხება სამრეწველო

ინდუსტრიას, ამ შემთხვევაში გამოიყენება კანაფის მცენარე  (Hemp), რომელსაც კლასიკურ მარიხუანასთან საერთო არაფერი აქვს და ტეტრაჰიდროკანაბინოლს არც ერთი პროცენტით არ შეიცავს. მისგან წარმოებული ყველა პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადია, არ შეიცავს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. მიწის ერთსა და იმავე ფართობზე, ბამბასთან შედარებით, მისგან ქსოვილის 250%-ით მეტი ბოჭკოს მიღებაა შესაძლებელი, ხოლო სელზე - 600%-ით მეტის.

საზოგადოებაში აქტიურად ისმის კითხვა მცენარის შემცველობაში THC-ის დასაშვები ოდენობის შესახებ, რაც კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ უნდა დაადგინოს. კითხვით,

 არის თუ არა ამ ეტაპზე განსაზღვრული ზღვრული ოდენობა, რომელსაც კანაფის მცენარესა და მისგან წარმოებულ პროდუქტში ტეტრაჰიდროკანაბიბოლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს, ფაქტ-მეტრმა კანონპროექტის ავტორ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. ასევე, უპასუხოდ დარჩა კითხვა იმასთან დაკავშირებით, განიხილება თუ არა, რომ ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობის მაქსიმალური ზღვრის დადგენისას კანონით განისაზღვროს მთავრობის უფლებამოსილების საზღვრები (იგულისხმება შემთხვევა, როდესაც კანონი დაარეგულირებს THC-ის შემცველობის იმ ზედა ზღვარს, რომელზე მეტსაც მთავრობა ვერ დაადგენს). შესაბამისად, კანაფის მცენარესა და მისგან წარმოებულ პროდუქტში THC-ის შემცველობის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის საკითხი პასუხგაუცემელია და კითხვებს ბადებს.

მიუხედავად იმისა, რომ სფეროს მკვლევარები 2024 წლისთვის სამედიცინო მოხმარების კანაფის ბაზრის მილიარდობით დოლარით ზრდას წინასწარმეტყველებენ და ამტკიცებენ, რომ 55 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული რისკებიც. დღევანდელი მდგომარეობით, ამერიკის საკვებისა და ნარკოტიკების სააგენტოს კანაფზე დამზადებული სამი პრეპარატი აქვს (დრონაბინოლი, ნაბილონი და ეპიდელოქსი)

დამტკიცებული. აღნიშნულ პრეპარატებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც აღიარებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მათგანი პირველი რიგის წამლებს არ განეკუთვნება (ექიმს პაციენტისთვის არ შეუძლია პირდაპირ სამედიცინო მოხმარებისათვის განკუთვნილი კანაფისგან დამზადებული პრეპარატის დანიშვნა. ეს ყოველივე ხდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის მკურნალობა პირველი რიგის არც ერთ პრეპარატს არ დაექვემდებარა და კანაფისგან წარმოებული პრეპარატით მკურნალობა ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს). გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამედიცინო მოხმარების მიზნით კანაფის მცენარის კვლევა აქტიურად 90-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. შესაბამისად, ხანდაზმულობის საკმარისი ვადა გასული არ არის.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს მთავრობას ზუსტი ეკონომიკური გათვლები არ წარმოუდგენია. ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე, კონკრეტულ რიცხვებში ვერ ასახელებს თუ როგორი შეიძლება იყოს კანაფის ექსპორტით მიღებული ფინანსური სარგებელი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას, განცხადების

თანახმად, ეს იდეა ფარმაცევტული სექტორისთვის საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად გაჩნდა, რათა ქვეყანამ შესაბამისი ინვესტორები მოიზიდოს. მისი თქმით, ამას „შეიძლება მოჰყვეს დიდი შემოსავლები რაღაც პერიოდში, შეიძლება იყოს - მცირე... მაგრამ მცირეც რომ იყოს, ეს საექსპორტო ნიშა არის ჩვენთვის.“ თუმცა, შესაძლო ფინანსურ სარგებელთან დაკავშირებული ზუსტი გათვლები არც მას შემოუთავაზებია.

კიდევ ერთი კითხვა იბადება თავად კანონპროექტის შექმნასა და ინიცირებასთან დაკავშირებით. კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. თუმცა, მისი დამტკიცების შემთხვევაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კანაფის კონტროლის სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა იყოს. საინტერესოა, ეს უკანასკნელი რატომ არ იყო კანონპროექტის შექმნაში ჩართული, როცა მცენარე კანაფის მოყვანა/წარმოება სწორედ აღნიშნული სფეროსათვის განკუთვნილ ინდუსტრიას წარმოადგენს.

გარდა ზევით აღნიშნული ფაქტორებისა, კითხვა ჩნდება ლიცენზიის გაცემის მე-14 მუხლის იმ პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემას უშვებს. ჯერჯერობით უცნობია წესი, რომლის თანახმადაც ლიცენზია პირდაპირი წესით გაიცემა (კანონპროექტის მიხედვით, მთავრობამ უნდა დაამტკიცოს). თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი ბუნდოვანების პირობებში ლიცენზიის პირდაპირი გაცემის გზით ჩნდება სფეროს შესაძლო მონოპოლიზაციისა და კორუფციის გაღვივების საშიშროება.

საზოგადოების ნაწილი, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით სამედიცინო/სამრეწველო კანაფის წარმოების ლეგალიზებას ეწინააღმდეგება, კანაფის ეფექტურ კონტროლთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამს. ირაკლი კობახიძის განცხადების თანახმად, თუ არსებობს საშიშროება იმისა, რომ ამ კანონპროექტმა ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა შეიძლება წაახალისოს, მმართველი გუნდი კანონპროექტის გამოწვევის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ უკანასკნელის საპასუხოდ, გიორგი გახარიამ განაცხადა,

რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლის ეფექტური საშუალება აქვს. მიუხედავად ამისა, ჩნდება კითხვა, თუ ვინ არის ეფექტური კონტროლის გარანტი - შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ინსტიტუტი თუ მინისტრი? თუმცა, თუ მართლაც გავითვალისწინებთ გიორგი გახარიას ნათქვამს ეფექტურ კონტროლთან დაკავშირებით და იმ გარემოებას, რომ ქვეყანაში წარმოებულ სამრეწველო/სამედიცინო კანაფს არ ექნება ფსიქოაქტიური ეფექტი, ჩნდება კითხვა, თუ რატომ არ იქნება დაშვებული მისი პროდუქტის ქვეყნის შიგნით გაყიდვა (საჭიროების შემთხვევაში ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის მიხედვით). ამჟამად, პაციენტებისათვის კანაფის მცენარისაგან დამზადებული პრეპარატების საზღვარგარეთ ყიდვა და ქვეყანაში შემოტანა საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. გარდა ამისა, ბიუროკრატიულ სირთულესაც წარმოადგენს, ვინაიდან კანონმდებლობის მიხედვით, კანაფის მცენარე და მისი პროდუქტი კვლავ პირველი ტიპის ნარკოტიკებს განეკუთვნება.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია, მის გარშემო დისკუსიის გაგრძელება უახლოეს მომავალში მოსალოდნელია. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის ინიციატორებმა პასუხი გასცენ საზოგადოების თითოეულ კითხვას და განმარტონ (საჭიროების შემთხვევაში შეცვალონ) ის პუნქტები, რომლებიც ბუნდოვანია და ინდუსტრიის მონოპოლიზაციის/კორუფციის საშიშროებას ბადებს.
თეგები: