ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით უსუფაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
რეზიუმე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2014 წლის კვლევის თანახმად, 2012 წლის ოქტომბრიდან პარლამენტის 43 წევრს ჰქონდა ბიზნესთან დაკავშირებული საქმიანობა, ხოლო 3 მათგანი პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდა, ვინაიდან პარალელურად იკავებდა ბიზნეს კომპანიის დირექტორის თანამდებობას. რაც შეეხება 2016 წლის მოწვევის პარლამენტს, 2017 წლის კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ პარლამენტის 51 წევრს ჰქონდა კავშირი ბიზნესთან, ხოლო 9 პარლამენტის წევრი სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდა.
2016 წლის მოწვევის პარლამენტში, წინა მოწვევასთან შედარებით, იმ დეპუტატთა ოდენობა, რომლებსაც კავშირი აქვთ ბიზნესთან, 8-ით გაიზარდა. რაც შეეხება პარლამენტის წევრებს, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობის პარალელურად ბიზნეს კომპანიების დირექტორის თანამდებობას იკავებდნენ, მათი რიცხვი 6-ით არის გაზრდილი. იმის დასადგენად, ზემოხსენებული დეპუტატების რომელ კატეგორიას გულისხმობდა დავით უსუფაშვილი აღნიშნული განცხადების გაკეთებისას, ფაქტ-მეტრი მას დაუკავშირდა, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.
მიუხედავად იმისა, რომ იმ დეპუტატთა რიცხვი, რომლებიც პარალელურად ბიზნესთან დაკავშირებული საქმიანობით არიან დაკავებულნი, წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით, 3-4-ჯერ არ გაზრდილა, ზრდის ტენდენცია მაინც შეინიშნება. შესაბამისად, დავით უსუფაშვილის განცხადება ნახევრად სიმართლედ შეფასდა.
ანალიზი
„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა: „2012 წლის პარლამენტთან შედარებით, 2016 წლის მოწვევის პარლამენტში, მივიღეთ 3-4-ჯერ მეტი ბიზნესმენი, რომლებიც რეალურად საკუთარი საქმითაა დაკავებული“.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან სახელმწიფო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება დაუშვებელია. პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით, მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი. ახალარჩეული პარლამენტის წევრი ვალდებულია უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეწყვიტოს შეუთავსებელი სამსახური (საქმიანობა). თუ პარლამენტის მიერ მისი უფლებამოსილების დადასტურებამდე პარლამენტის წევრმა არ შეწყვიტა პარლამენტის სტატუსთან შეუთავსებელი სამსახური (საქმიანობა), პარლამენტი არ ადასტურებს მის, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წევრს სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალება, მას უფლება აქვს ჰქონდეს ბიზნესაქტივები (ბიზნესკომპანიების წილები და აქციები).
პარლამენტის წევრთა კავშირებს ბიზნესთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იკვლევს. 2014 წლის კვლევის თანახმად, მე-8 მოწვევის პარლამენტის 43 წევრს (ან მისი ოჯახის წევრს. იმ პარლამენტარების რაოდენობა, რომელთა ოჯახის წევრებიც ფლობენ ბიზნესაქტივებს, ხოლო თვითონ არა, 5-ს შეადგენს. 2 პარლამენტარი კი თავადაც ფლობს ბიზნესაქტივებს და მისი ოჯახის წევრებიც) 2012 წლის ოქტომბრიდან ჰქონდა ბიზნესაქტივები. მათგან 28 (67%) საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი იყო, 9 - საპარლამენტო უმცირესობის, ხოლო 6 არცერთის. მათგან 3 აღმოჩნდა ისეთი, რომელთაც არა მხოლოდ ბიზნესწილები ჰქონდათ, არამედ პარლამენტში საქმიანობის პარალელურად, კომპანიის დირექტორებიც იყვნენ. მათგან ერთ-ერთი იყო ზვიად კვაჭანტირაძე (სააქციო საზოგადოება „გოლდენ ფლის გრუფისა“ და „შპს უნიონ კრედიტის“ დირექტორი). ასევე, გიორგი თოფაძე (2013 წლის 18 ივნისამდე იყო „შპს ყაზბეგი 2005“-ის, ხოლო 2013 წლის 19 ივნისამდე „შპს ყაზბეგი-ნაყინის“ დირექტორი) და თამაზ ავდალიანი (2013 წლის 10 იანვრამდე „შპს ასკო ლტდ-ის“ დირექტორი). თუმცა, კვლევაში აქვე განმარტებულია, რომ ეს ყოველივე პირდაპირ არ წარმოადგენს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს. ვინაიდან, ზემოთ ჩამოთვლილი დეპუტატები მხოლოდ ფიქსირდებოდნენ კომპანიების დირექტორებად. შესაძლოა აღნიშნული კომპანიები საერთოდ არ ახორციელებდნენ საქმიანობას ან დეპუტატების დირექტორობა მხოლოდ რეესტრში დაფიქსირებით შემოიფარგლებოდა. რაც შეეხება პარლამენტის წევრთა არადეკლარირებულ სამეწარმეო საქმიანობას, კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პარლამენტის 8 წევრს (ლევან ქარდავა, რევაზ შავლოხაშვილი, თამაზ ყაჭეიშვილი, თამაზ შიოშვილი, გიგა ბუკია, გოგი ლიპარტელიანი, თამაზ ავდალიანი და ვიქტორ ჯაფარიძე) წლიურ ქონებრივ მდგომარეობის დეკლარაციებში მათი მიმდინარე და წარსული ბიზნესსაქმიანობა არასრულად ჰქონდათ ასახული.
რაც შეეხება 2016 წლის მოწვევის პარლამენტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2017 წლის კვლევის თანახმად, ბიზნესთან კავშირი საქართველოს პარლამენტის 51 წევრს ჰქონდა. 16-ს კი (უმრავლესობის 14 დეპუტატი და „საქართველოს პატრიოტების“ 2 დეპუტატი) - არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები. ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნეს აქტივებს ფლობდნენ ივლიანე წულაია (31 კომპანია), ნინო წილოსანი (13 კომპანია) და კახაბერ ოქრიაშვილი (13 კომპანია). პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობას კი, პარლამენტის 9 წევრი ეწეოდა (ედიშერ თოლორაია, იოსებ მაკრახიძე, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, დავით ჭიჭინაძე, დიმიტრი ხუნდაძე, მამუკა ჩიქოვანი და გიორგი ლომია). ისინი დირექტორებად იყვნენ რეგისტრირებულები. შევსებული დეკლარაციების მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობიდან ყველაზე მაღალი შემოსავალი ერთი წლის განმავლობაში მიღებული აქვთ: კახაბერ ოქრიაშვილს, გრიგოლ მიქელაძესა და ელგუჯა გოცირიძეს. დეპუტატების ოჯახის წევრთა ბიზნესთან კავშირი კი 25 შემთხვევაშია დაფიქსირებული, საიდანაც არადეკლარირებულია 7 მათგანი.
გრაფიკი 1: მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრების კავშირი ბიზნესთან
წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
ამრიგად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევების საფუძველზე ირკვევა, რომ 2016 წლის მოწვევის პარლამენტში, წინა მოწვევასთან შედარებით, იმ დეპუტატთა რაოდენობა, რომლებსაც კავშირი აქვთ ბიზნესთან, 8-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება პარლამენტის წევრებს, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობის პარალელურად ბიზნეს კომპანიების დირექტორის პოზიციას იკავებდნენ, მათი რიცხვი 6-ით გაიზარდა.