რეზიუმე:
ფასების დონე საქართველოში ბოლო წლებში ძირითადად სტაბილურია. მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით წლიური ინფლაცია 2.3%-ის ნიშნულზეა, რაც 0.7% პუნქტით ნაკლებია მიზნობრივ მაჩვენებელზე. შესაბამისად, სამომხმარებლო ფასების ზოგადი დონის ზრდით გამოწვეულ პრობლემებზე მითითების ცალსახა საფუძველი არ არსებობს.
თუმცა, ცალკეულ ჯგუფებზე ფასების დონის ზრდა შედარებით მაღალ ნიშნულზეა. დასახელებულ საქონელთაგან ფასების ზრდაზე მითითება სამართლიანია სამედიცინო დანიშნულების პროდუქტებისა და საწვავის შემთხვევაში - ჯანდაცვისა და ტრანსპორტის ჯგუფებზე ფასები შესაბამისად 6.1 და 6.5%-ითაა გაზრდილი 2017 წლის ოქტომბერთან მიმართებაში. უშუალოდ სამედიცინო პროდუქციაზე[1] ფასების ზრდა 12, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის[2]შემთხვევაში კი, 10%-ს შეადგენს. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე კი ფასები პრაქტიკულად არ გაზრდილა და წლიურმა ზრდამ 0.2% შეადგინა, მხოლოდ სურსათის შემთხვევაში კი ფასების ზრდის მაჩვენებელი ნულოვანია.
რაც შეეხება პოლიტიკოსის მითითებას დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი ბოლო 5 წლის მანძილზე საშუალოდ 3.7%-ის ნიშნულზეა რაც განვითარებადი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ნამდვილად დაბალი მაჩვენებელია. შესაბამისად, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე გადაანგარიშებით, როგორც შემოსავლების ირიბი ინდიკატორი, იზრდება, თუმცა დაბალი ტემპით.
ანალიზი საქართველოს პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“, ოთარ კახიძემ განაცხადა,
რომ ქვეყანაში ყველა ძირითადი მოხმარების მნიშვნელოვან პროდუქტებზე ფასები გაზრდილია, მათ შორის საწვავზე, მედიკამენტებზე, საკვებ პროდუქტებზე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი ძალიან დაბალია.
ქვეყნის მასშტაბით ფასების დონის ცვლილების (ინფლაცია) გასაზომად სამომხმარებლო ფასების ინდექსი გამოიყენება. ინდექსი სამომხმარებლო კალათაში შემავალ საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებაზე დაყრდნობით გაიანგარიშება. ფასებზე დაკვირვება საქართველოს 6 ქალაქში ხორციელდება, მიღებული შედეგები კი განზოგადდება მთელ ქვეყანაზე. სამომხმარებლო კალათაში, ფართო მოხმარების 305 დასახელების საქონელი და მომსახურება შედის, რომლებიც 12 ჯგუფად არის გადანაწილებული.ცალკეულ ჯგუფებზე ფასი შესაძლოა იზრდებოდეს უფრო მეტად, ვიდრე ზოგადი ფასების დონე, სხვა ჯგუფზე კი პირიქით, ნაკლებად, ან საერთოდ მცირდებოდეს. მაგალითად თუ ინფლაციის დონე 2.3%-ია, ეს არ ნიშნავს რომ კალათაში შემავალ ყველა ჯგუფზე ფასები 2.3%-ით გაიზარდა. მაგალითად, შესაძლებელია ჯანდაცვაზე ფასები გაიზარდოს 6.1%-ით, ხოლო ტანსაცმელზე შემცირდეს 7.1%-ით და ა.შ.
როგორც წესი, ეკონომიკური კრიზისის/რეცესიის არ არსებობისას ფასების დონე ზრდით ხასიათდება და ინფლაცია მეტია 0-ზე. ეკონომიკისათვის არ არის სასურველი არც ძალიან მაღალი და არც ძალიან დაბალი ინფლაცია, შესაბამისად, ფასების დონის ზრდა გარკვეული ოდენობით ეკონომიკური თვალსაზრისით სასურველია. საქართველოში ინფლაციის მიზნობრივ დონეს საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს და 2018 წლისათვის 3%-ის ნიშნულზეა განსაზღვრული. ოქტომბრის მდგომარეობით ფაქტობრივი წლიური ინფლაცია[3] 2.3%-ს შეადგენს და 0.7% პუნქტით ნაკლებია მიზნობრივ მაჩვენებელზე. შესაბამისად, მიმდინარე პერიოდში ზოგადი ფასების დონის ზრდაზე მითითება საფუძველს მოკლებულია. ბოლო წლების განმავლობაშიც, ფასების დონის ზრდას არ მიუღწევია იმ მასშტაბებისათვის, რაც შესაძლებელია ყოფილიყო განხილული, როგორც უარყოფითი გავლენის მატარებელი ეკონომიკურ ვითარებაზე. შედარებით მაღალი იყო ინფლაციის მაჩვენებელი 2017 წელს, რაც ძირითადად ხელისუფლების მიერ აქციზის განაკვეთის ზრდით იყო განპირობებული და ერთჯერად ეფექტს ატარებდა.გრაფიკი 1:
სამომხმარებლო ფასების დონე - წლიური ინფლაცია
წყარო: საქსტატი
ამავდროულად, ზოგადი ფასების დონის სტაბილურობის პირობებშიც, შესაძლებელია გამოიკვეთოს ცალკეული ჯგუფები რომლებზეც ფასების ცვლილება არსებითად არის გადახრილი ზოგადი ტენდენციიდან. რაც შეეხება უშუალოდ ცალკეულ სასაქონლო ჯგუფების დონეზე ფასების ცვლილების დონეს, როგორც ცხრილიდან ჩანს, ოქტომბრის მდგომარეობით, წინა წლის ოქტომბერთან მიმართებაში, ფასები სხვა ჯგუფებთან შედარებით, მეტად გაიზარდა ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, ჯანდაცვაზე და ტრანსპორტზე. ფასები შემცირდა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, ასევე კავშირგაბმულობაზე.
ცხრილი 1:
ფასების ცვლილება სასაქონლო ჯგუფების მიხედვით
სასაქონლო ჯგუფი | წლიური ინფლაცია | წვლილი წლიურ ინფლაციაში |
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები | 0,2% | 0,1% |
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო | 5,7% | 0,4% |
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი | -7,1% | -0,3% |
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი | 4,4% | 0,4% |
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა | 0,9% | 0,1% |
ჯანმრთელობის დაცვა | 6,1% | 0,5% |
ტრანსპორტი | 6,5% | 0,9% |
კავშირგაბმულობა | -1,4% | -0,1% |
დასვენება, გართობა და კულტურა | 1,2% | 0,1% |
განათლება | 2,4% | 0,1% |
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები | 2,5% | 0,1% |
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება | 0,6% | 0,0% |
წლიური ინფლაცია | 2,3% |
უშუალოდ დასახელებულ საქონელთაგან ფასების ზრდაზე მითითება სამართლიანია სამედიცინო დანიშნულების პროდუქტებისა და საწვავის შემთხვევაში, ჯანდაცვისა და ტრანსპორტის ჯგუფებზე ფასები შესაბამისად 6.1 და 6.5%-ითაა გაზრდილი 2017 წლის ოქტომბერთან მიმართებაში. უშუალოდ სამედიცინო პროდუქციაზე ფასების ზრდა 12, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შემთხვევაში კი, 10%-ს შეადგენს. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები პრაქტიკულად არ გაზრდილა და წლიურმა ზრდამ მხოლოდ 0.2% შეადგინა, ხოლო სურსათის შემთხვევაში ფასების ზრდის მაჩვენებელი ნულოვანია.
გრაფიკი 2:
ეკონომიკური ზრდა და მშპ ერთ სულზე
წყარო: საქსტატიეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით კი, ზრდის ტემპი როგორც წესი გაცილებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში და შედარებით დაბალია განვითარებულ ქვეყნებში. საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი ბოლო 5 წლის მანძილზე საშუალოდ 3.7%-ის ნიშნულზეა რაც განვითარებადი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ნამდვილად დაბალი მაჩვენებელია. შესაბამისად, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი[4]
ერთ სულზე გადაანგარიშებით, როგორც შემოსავლების ირიბი ინდიკატორი იზრდება, თუმცა დაბალი ტემპით.
[1]
ჯანმრთელობის დაცვის სასაქონლო ჯგუფის კომპონენტი, რომელიც უშუალოდ მოიცავს მედიკამენტებს.
[2]ტრანსპორტის ჯგუფის კომპონენტი, რომელიც უშუალოდ მოიცავს საწვავს.
[3]წინა წლის შესაბამის თვესთან მიმართებაში.
[4] ფასების დონის ცვლილების გავლენის გამორიცხვით.