რეზიუმე:
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2012 წელთან შედარებით, 2016 წელს გამამართლებელ განაჩენის რაოდენობა სოფო კილაძის მიერ დასახელებულ მაჩვენებელზე მეტადაც კი არის გაზრდილი (დეპუტატი ასახელებს 82%-იან ზრდას, სინამდვილეში ნომინალური მაჩვენებელი 95%-ით გაიზარდა).
თუმცა, სრულყოფილ სურათს არ იძლევა შედარება, როდესაც დეპუტატი ერთმანეთს არა ფარდობით, არამედ მხოლოდ ნომინალურ მაჩვენებლებს ადარებს. თუ არსებითად განხილულ საქმეებში გამამართლებელ განაჩენთა ხვედრით წილს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ 2012 წელთან შედარებით, 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
ამდენად, ზოგადი სურათი (ახალი ხელისუფლების პირობებში გამამართლებელი განაჩენის ზრდა), რომელზეც სოფო კილაძე მიუთითებს, ნამდვილად სიმართლეს შეესაბამება. თუმცა, მნიშვნელოვანია იმაზე ხაზგასმაც, რომ არსებითად განხილულ საქმეთა რაოდენობის კლებისა (საპროცესო გარიგებების ზრდის ხარჯზე) და მათში გამამართლებელი განაჩენის პროცენტული მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია ჯერ კიდევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო ორ წელიწადში შეინიშნებოდა.
ანალიზი პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მართლმსაჯულების მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. სოფო კილაძის განცხადებით,
მართალია ამ მხრივ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, თუმცა რეფორმების შედეგად მიღებულ რეალურ შედეგებზე საუბარი უკვე შესაძლებელია, რის საილუსტრაციოდაც შემდეგი სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა: „წინა წლებთან (ვგულისხმობ 2012 წელთან) შედარებით, 82%-ით გაიზარდა გამამართლებელი განაჩენები“.
სისხლის სამართლის პროცესი არსებითი განხილვითა და არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იცნობს. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის თანახმად, შესაძლოა პროკურორსა და ბრალდებულს/მსჯავრდებულს შორის დაიდოს საპროცესო შეთანხმება, რომელიც საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოტანის საფუძველია. საპროცესო შეთანხმების დროს ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე. ხოლო არსებითი განხილვით განაჩენის გამოტანისას შეიძლება დადგეს გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენი. ასევე, სასამართლოს განაჩენი შეიძლება ბრალდების ზოგ ეპიზოდში გამამტყუნებელი იყოს, ხოლო ბრალდების სხვა ეპიზოდში - გამამართლებელი. შესაბამისად, როდესაც გამამართლებელ განაჩენთა რაოდენობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ზოგადად არსებითი განხილვით გამოტანილ განაჩენთა რაოდენობის დადგენა და მათში გამამართლებელი განაჩენის რაოდენობის ხვედრითი წილის განსაზღვრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებზედაყრდნობით, 2004-2012 წლებში, პირველი ინსტანციის სასამართლოებმა განაჩენის გამოტანით 145 027 პირის მიმართ, სულ 119 490 საქმე განიხილეს. მათგან, 80 490 პირის მიმართ 65 395 საქმე საპროცესო შეთანხმებით დასრულდა (არსებითი განხილვის გარეშე). ხოლო, 64 537 პირის მიმართ დარჩენილი 54 095 საქმეზე განაჩენი არსებითი განხილვის შედეგად დადგა. აღსანიშნავია, რომ 9 წლის განმავლობაში არსებით განხილულ საქმეთაგან, გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ 396 პირის მიმართ დადგა (0.6%).
ვითარება საგრძნობლად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ. კერძოდ, 2013-2017 წლებში (5 წლიანი პერიოდი), პირველი ინსტანციის სასამართლოებმა განაჩენის გამოტანით 78 508 პირის მიმართ სულ 69 694 საქმე განიხილეს. აღნიშნულ საქმეთაგან, არსებითი განხილვით მხოლოდ 24 127 პირის მიმართ მოხდა განაჩენის გამოტანა, დანარჩენ შემთხვევაში კი საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ამასთან, 5 წლის განმავლობაში არსებით განხილულ საქმეთაგან, გამამართლებელი განაჩენი 995 პირის მიმართ იქნა გამოტანილი (4.1%).
დეპუტატის მიერ დასახელებულ კონკრეტულ რიცხვებს (ნომინალურ მაჩვენებელს) თუ გადავამოწმებთ, ვნახავთ, რომ თუკი 2012 წლის მონაცემებით გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ 117 პირის მიმართ დადგა, 2016 წლის მონაცემებით, აღნიშნული რიცხვი 227-მდე გაიზარდა, რაც 95%-იან ზრდას ნიშნავს (აჭარბებს კიდევაც კილაძის მიერ დასახელებულ 82%-ს).
თუმცა, წლების მიხედვით გამამართლებელი განაჩენის რაოდენობის ცვლილებაზე საუბრისას, ნაკლებად ობიექტურია ნომინალური მაჩვენებლების შედარება. იმისათვის, რომ წლების მიხედვით რეალური ცვლილება დავინახოთ, საჭიროა სულ საანგარიშო პერიოდში არსებითად განხილვით გამოტანილ განაჩენთა რაოდენობაში, გამამართლებელი განაჩენის ხვედრითი წილი განვსაზღვროთ. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 2012 წელს არსებითი განხილვით განაჩენი 1 332 პირის მიმართ გამოიტანეს, მათგან გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ 117 პირის მიმართ (9%) დადგა (აღსანიშნავია, რომ 2004-2017 წლებში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია). რაც შეეხება 2016 წლის მონაცემებს, ამ შემთხვევაში გამამართლებელ განაჩენზე მხოლოდ 4% მოდის. შესაბამისად, 2012-2016 წლების მონაცემებს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ გამამართლებელ განაჩენთა ხვედრითი წილი 5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.