რომლის შემადგენელი ნაწილი იყო მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა. აღნიშნული გეგმა ეკონომიკური, განათლების, საჯარო მმართველობის რეფორმასა და სივრცით მოწყობას გულისხმობდა.
სივრცითი მოწყობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობაა, რომლის მიხედვითაც 2020 წლისათვის 1 000 კილომეტრამდე საავტომობილო გზა უნდა აშენდეს.
მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებამ 1.815 მლნ ლარი შეადგინა (მათ შორის საბიუჯეტო სახსრები - 748 მლნ ლარი; 33.5 მლნ - გრანტი, 1 033 550 მლნ - კრედიტი). სამინისტროს ბიუჯეტი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, რეგიონული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციას და მყარი ნარჩენების მართვას ხმარდება.
სახელმწიფო ხაზინის ოფიციალური მონაცემისმიხედვით, მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის შესრულებამ 806 237 626 ლარი შეადგინა, რაც გეგმის (1 010 882 500 ლარი) 80%-ია. ამდენად, ბიუჯეტის შესრულებაში ჩამორჩენაა.
ფაქტ-მეტრი წინა წლებში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის შესრულების სტატისტიკასაც გაეცნო:
გრაფიკი 1: 2009-2018
წლებში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის შესრულება
წყარო: სახელმწიფო ხაზინა
როგორც გრაფიკიდან ჩანს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ბიუჯეტის 100%-იანი ათვისება ვერც წინა წლებში ხერხდებოდა. ბოლო წლებში, სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის ყველაზე დაბალი შესრულება 2012 წელს იყო - 56%. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის შესრულების 2018 წლის მაჩვენებელზე (80%) დაბალი მონაცემი მხოლოდ 2014 წელს დაფიქსირდა - 73%.
აღსანიშნავია, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსების ყველაზე მეტი წილი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე მოდის. 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 1.311 მლნ ლარი გამოიყო, რაც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტის 72.2%-ს შეადგენს. სწორედ საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო და სამშენებლო ვადების დარღვევამ განსაზღვრა დიდწილად სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის 80%-იანი შესრულება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე სამინისტროს ცხრა თვის ბიუჯეტის 80%-ით შესრულების მიზეზად ბიუჯეტის ზედმეტად ოპტიმისტურ და არასწორ დაგეგმარებას, საპროექტო და სამშენებლო კომპანიების მხრიდან სამუშაოების შესრულების დაგვიანებას და განსახლების პროცესში შექმნილ პრობლემებს ასახელებს.საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამდენიმე საგზაო პროექტზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა მშენებლობის ვადები დაირღვა და გარკვეული სხვა პრობლემებიც შეიქმნა. კერძოდ, სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთზე წელს დაგეგმილი 145 მილიონი ლარის სამუშაოდან მხოლოდ 40 მილიონი ლარის სამუშაოა შესრულებული. კომპანიის მხრიდან ვადის დარღვევის გამო ზემო ოსიური-ჩუმათელეთის გზის ორივე მონაკვეთზეც დაგეგმილი 80 მილიონი ლარიდან მხოლოდ 35 მილიონი ლარია ათვისებული. ასევე, მთის გზების პროგრამაზე ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, აქაც წლიური სავარაუდო ათვისება მხოლოდ 13 მილიონი ლარი იქნება.
დეპარტამენტის თავმჯდომარე სამინისტროს ბიუჯეტის ათვისების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად განსახლების პროცედურების ვადის არასწორ გათვლას ასახელებს. ამ მიმართულებით პრობლემები არსებობს ბათუმის შემოვლით გზაზე (დაგეგმილი 70 მილიონის ნაცვლად 16 მილიონი ლარია ათვისებული), ჩუმათელეთი-ხარაგაულის მონაკვეთზე (დაგეგმილი 45 მილიონის ნაცვლად 2 მილიონია ათვისებული), ასევე თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობაზე, სადაც განსახლების პრობლემის გამო დაგეგმილი 32.5 მილიონი ლარიდან მხოლოდ 20 მილიონი ლარია ათვისებული.
დიდი ალბათობით, წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბიუჯეტის სრულად ათვისებას ვერ შეძლებს, თუმცა რამდენი პროცენტი იქნება ჩამორჩენა, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება (2016-2020 წლებში) არის ახალი მაგისტრალური გზების გაყვანა, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის 2020 წლისთვის დასრულება. თუმცა, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული დაპირება ვერ შესრულდება. ამას თავად მთავრობაც აღიარებს (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია ამ თემაზე). ოფიციალური ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტობანის დასრულების თარიღი 2022 წლამდე გადაიწევს.