ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის რიცხვებით მანიპულირება.
რეზიუმე: ეკონომიკის მოცულობა ეროვნულ ვალუტაში ითვლება და მისი უცხოურ ვალუტაში პირდაპირი კონვერტაციის გზით დაანგარიშება, დროში ანალიზის მიზნით, არასწორია. მსგავსი მიდგომით მიღებული მაჩვენებლები ეკონომიკის მოცულობის ცვლილების რეალურ ტენდენციას არ ასახავს. გარდა ამისა, პოლიტიკოსის მიერ განხორციელებული შედარება, პერიოდსა და საბაზო ეფექტის გავლენაში არსებითი განსხვავების გამო, არაობიექტურია. გარდა იმისა, რომ მშპ-ს უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშებით შეფასება არასწორია, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოყენებული „მეთოდში“ ნომინალური მშპ-ს მონაცემებია კონვერტირებული, რაც ინფლაციას არ გამორიცხავს და რეალურ სურათს კიდევ უფრო მეტად ამახინჯებს. დოლარში კონვერტირებული ნომინალური მშპ-ს მოცულობა 2004-2012 წლებში თითქმის 4-ჯერ, 297%-ით გაიზრდა, მაგრამ ეს მონაცემი ეკონომიკის რეალური ზრდის მაჩვენებლისაგან არსებითად აცდენილია. სინამდვილეში, 2004-2012 წლებში ეკონომიკა 1.7-ჯერ, 70.8%-ით გაიზარდა, ხოლო 2013-2017 წლებში - 1.2-ჯერ, 20.2%-ით არის გაზრდილი.
ანალიზი
„რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისი პრეზიდენტობის პერიოდსა და ახლანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. ექს-პრეზიდენტის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ეკონომიკა 4-ჯერ, 400%-ით გაიზარდა, ხოლო „ქართული ოცნების“ დროს დოლარებში დათვლილი ეკონომიკა პრაქტიკულად არ გაზრდილა. ქვეყნის ეკონომიკის - მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ეროვნულ ვალუტაში ითვლება, რაც ერთი წლის განმავლობაში საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების ერთობლიობას ასახავს. იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკის რეალური მოცულობა ვნახოთ, აღნიშნულის დათვლა მუდმივ ფასებში ხორციელდება, რაც ინფლაციას გავლენას გამორიცხავს და წლების მიხედვით წარმოებული საბოლოო მოხმარების საქონლისა და მომსახურების მოცულობას გვიჩვენებს. ეკონომიკის უცხოურ ვალუტაში პირდაპირი კონვერტაციის გზით დათვლისას, საკურსო ეფექტს არსებითი გავლენა აქვს და ამ მეთოდით დათვლილი მაჩვენებელი რეალურ ტენდენციას არ ასახავს. შესაბამისად, დოლარში გადაანგარიშებულიეკონომიკის მოცულობით მდგომარეობის შეფასება არასწორია და რიცხვებით მანიპულირების საშუალებას იძლევა. ამრიგად, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოყენებული მიდგომა, რაც ეკონომიკის მოცულობის დოლარებში შეფასებას გულისხმობს, არასწორია. ამავდროულად, ამ ორი პერიოდის შედარება ნაკლებად ობიექტურია, რადგან პერიოდებს შორის არსებითი განსხვავებაა (9 წელი და 5 წელი). გასათვალისწინებელია საბაზო ეფექტის გავლენაც, რომელიც აშკარადაა გამოხატული პოსტრევოლუციურ წლებში.გარდა ამისა, 4-ჯერ ზრდა 300%-ით ზრდას შეესაბამება და არა 400%-იანს, როგორც ამას მიხეილ სააკაშვილი ამბობს.
გრაფიკი 1: რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი და ეკონომიკური ზრდა (მლნ ლარი, %)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2004-2012 წლებში რეალური მშპ ყოველწლიურად საშუალოდ 6.2%-ით იზრდებოდა, ხოლო 2003 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, მშპ-ს მოცულობა 1.7 ჯერ გაიზარდა, რაც 70.8%-იანი ზრდაა. რაც შეეხება, 2012 წლის შემდეგ ეკონომიკური ზრდის ტემპს - 2013-2017 წლებში ყოველწიურად საშუალო ზრდა 3.7%-ია. ჯამში, 2012 წელთან შედარებით, 2017 წელს რეალური მშპ-ს მოცულობა 20.2%-ით, 1.2 -ჯერ გაიზარდა. გარდა იმისა, რომუცხოურ ვალუტაში ეკონომიკის მოცულობის შეფასება არასწორია, მიხელ სააკაშვილის მიერ დასახლებული მაჩვენებლები ნომინალური მშპ-ს დოლარში გადაანგარიშებით მიღებული მონაცემია. აღნიშნული კი გაცილებით უფრო მეტადაა ეკონომიკის რეალურ მოცულობას აცდენილი, ვინაიდან ასეთი „მეთოდოლოგიით“ მშპ-სდათვლისას, საკურსო ეფექტთან ერთად, ინფლაციის გავლენაც არ არის გამორიცხული. განცხადების ავტორის მიერ გამოყენებული „მეთოდით“, 2004-2012 წლებში ეკონომიკის მოცულობა თითქმის 4-ჯერ, 297%-ით გაიზრდა, ხოლო 2012-2017 წლებში არ გაზრდილა. თუმცა, ამ მონაცემების საფუძველზე მიღებული შეფასება რეალობას არსებითად არის აცდენილი.