ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ბარამიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
რეზიუმე: სოფლის მეურნეობის დაფინანსების არსებითი ზრდა 2012 წელს დაიწყო, ხოლო ამავე წელს, მთლიან ეკონომიკაში მისი წილი 8.6% იყო. აღნიშნული სექტორის დაფინანსება 2017 წლამდე იზრდებოდა. 2013-2017 წლებში დაფინანსებამ ბიუჯეტიდან 1 456.7 მლნ ლარი შეადგინა (სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილების შესაბამისად, კორექტირებული სახით აღნიშნული სახსრები 1 265.7 მლნ ლარს შეესაბამება), ხოლო სექტორში რეალური ზრდა 12.1%-ია. ამავდროულად, 2013-2016 წლებში სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში 9%-ს აჭარბებდა, თუმცა 2017 წელს 8.2%-მდე შემცირდა და პერიოდის განმავლობაში პირველად ჩამორჩა 2012 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
მიუხედავად იმისა, რომ 2013-2017 წლებში სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის მაჩვენებელი ეკონომიკის სხვა სექტორებთან შედარებით დაბალია, ამ სექტორში დამატებითი ღირებულება იქმნებოდა, შესაბამისად, მტკიცება რომ სექტორი არ გაზრდილა არასწორია. ეკონომიკაში სექტორის ხვედრითი წილი კი, 2012 მაჩვენებელს მხოლოდ 2017 წელს ჩამოუვარდება. ამავდროულად, აღნიშნული წლების სტატისტიკური მაჩვენებლები მიუთითებს, რომ სოფლის მეურნეობაში სახელმწიფოს ინვესტირების უკუგება საკმაოდ დაბალია.
ანალიზი
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო მოსმენისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ სოფლის მეურნეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2012 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობა არ გაზრდილა, ხოლო მთლიან ეკონომიკაში კი მისი ხვედრითი წილი შემცირდა. აღნიშნულ განცხადებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ყურადღებას ამახვილებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაუარესებულ მდგომარეობაზე. 2012 წლიდან სოფლის მეურნეობის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზრდა. თუ 2011 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიან გადასახდელებშისოფლის მეურნეობის ასიგნების წილი 1.1% (85.1 მლნ ლარი) იყო, ეს მაჩვენებელი 2012 წლისთვის უკვე 2.9%-ს (228.4 მლნ ლარი) შეადგენდა. 2017 წლამდე სოფლის მეურნეობის დაფინანსება ყოველწლიურად იზრდებოდა, ხოლო 2017 პრაქტიკულად წინა წლის ნიშნულზე შენარჩუნდა. რაც შეეხება 2018 წელს, მიმდინარე წელს, 2017 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის დაფინანსება შემცირებულია. 2013-2017 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებამ ჯამში 1 456.7 მლნ ლარი შეადგინა.
გრაფიკი 1:სოფლის მეურნეობის დაფინანსება და ზრდის მაჩვენებლები (მლნ ლარი, %)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო[1]
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს სოფლის მეურნეობის დაფინანსება არსებითად გაიზარდა, აღნიშნული სექტორი რეალურად 3.8%-ით შემცირდა. 2013 წელის 11.3%-იანი ზრდის შემდეგ კი, საბიუჯეტო დაფინანსების ზრდის პარალელურად, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ტემპი 1.6%-ზე მაღალი არ ყოფილა. 2017 წელს კი, პირიქით, 2.7%-ით შემცირდა. შესაბამისად, 2012-2017 წლებში სოფლის მეურნეობის დაფინანსების ზრდის მიუხედავად, ამ სექტორის ზრდის ტემპი არასტაბილური იყო. საერთო ჯამში, 2012 წელთან შედარებით, 2017 წლის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობა რეალურად 12.1%-ით არის გაზრდილი. ესე იგი, აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 456.7 მლნ ლარი დაიხარჯა[2] და მხოლოდ 190.6 ლარის დამატებითი ღირებულება შეიქმნა[3].
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სექტორის წილს მთლიანად ეკონომიკაში, 2012 წელს მთლიან ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი 8.6% იყო, რაც 2013 წლისთვის 9.4% -მდე გაიზრდა, თუმცა შემდეგი სამი წელი 0.1% პუნქტით იკლებდა. 2017 წელს კი მისი წილი მთლიან ეკონომიკაში 8.2%-მდე შემცირდა. ესე იგი, ამავე პერიოდში ეკონომიკის სხვა სექტორები გაცილებით მეტად გაიზრდა, ვიდრე სოფლის მეურნეობა. აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ეკონომიკის სხვა სექტორებთან შედარებით, სოფლის მეურნეობის დაბალ პროდუქტიულობას.
[1]დაფინანსება წარმოდგენილია 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით; 2018 წლის I კვარტლის მაჩვენებლები წინა წლის იმავე პერიოდთან არის შედარებული
[2]აღნიშნული სახსრების ღირებულება 2010 წლის მდგომარეობით შეადგენს 1 265.7 მლნ ლარს. 2010 წლის ფასებში იანგარიშება მშპ-ის რეალური მაჩვენებლებიც.
[3] გამოყენებულია 2010 წლის სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომლის მიხედვით, ინფლაციის გამორიცხვით გადაანგარიშებულია შემდეგი წლების მაჩვენებლები.