წლების განმავლობაში მეთამბაქოეობა აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება იყო და მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ნათესი ფართობი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 11 ათას ჰექტარს შეადგენდა, ხოლო ყოველწლიურად იწარმოებოდა 17 ათას ტონაზე მეტი ნედლეული. ამავე პერიოდში, საქართველოში ფუნქციონირებდა 7 საფერმენტაციო ქარხანა (მათ შორის, ერთი - ბათუმში), აქ დამუშავებული ნედლეული იგზავნებოდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე განლაგებულ ფაბრიკებში, სადაც საკუპაჟე მასალად იყენებდნენ.
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან უარყოფითი ტენდენციები გამოიკვეთა. თანდათანობით დაეცა როგორც თამბაქოს ნედლეულის, ისე მისგან დამზადებული პროდუქციის მაჩვენებელი. პლანტაციების ფართობი 0,5 ჰა-მდე შემცირდა, ხოლო ნედლეულის წარმოება - 1,1 ტონამდე.
აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის მდგომარეობით, თამბაქოს კულტურას რეგიონში 92 ჰა უჭირავს. ცხრილი 1:
თამბაქოს კულტურის გავრცელება და მოსავალი აჭარის მუნიციპალიტეტების მიხედვით
მუნიციპალიტეტი | დაკავებული ფართობი, ჰა | მოსავალი, ტ |
ქედა | 65 | 186 |
შუახევი | 20 | 42 |
ხულო | 7 | 15 |
წყარო: აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2017 წელს რეგიონის მასშტაბით მიღებული 243 ტ მოსავლიდან, 76.5% ქედის მუნიციპალიტეტზე მოდის.
თამბაქოს კულტივირებით აჭარაში 1 000 ოჯახია დაკავებული. ამ მიზნით გამოყენებული საოჯახო მეურნეობების ფართობები 500-დან 3 000 კვ.მ-მდე მერყეობს. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთის ბაზარზე. ქედის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ქართული სიგარის მწარმოებელი საწარმო „იმერი“, რომელიც 1992 წელს დაფუძნდა. კომპანია 2007 წლიდან სიგარას აწარმოებს. „იმერმა“ აგროკრედიტის სახით 40 000 აშშ დოლარი მიიღო. წარმოებაში ადგილობრივი მოსახლეობისგან შესყიდულ ნედლეულს იყენებს. გარდა ამისა, საწარმო ნედლეულს საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც იბარებს. წლის განმავლობაში „იმერი“ გადაამუშავებს დაახლოებით ერთ ტონა ნედლეულს, საიდანაც 25 დასახელების პროდუქციას ამზადებს. შიდა ბაზრის გარდა, პროდუქცია რამდენიმე უცხო ქვეყნის ბაზარზეც იყიდება.
ცხრილი 2:
ქვეყნები, რომლებშიც კომპანია „იმერში“ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გადის, 2016 წლის მონაცემები (ინფორმაცია მოცემულია საქართველოდან ექსპორტირებული თამბაქოს შესახებ)
ქვეყანა | ფასი, აშშ დოლარი | რაოდენობა, კგ | 1 კგ ფასი, აშშ დოლარი |
რუსეთი | 18 760 | 46 900 | 0.4 |
აზერბაიჯანი | 8 400 | 7 000 | 1.2 |
წყარო: აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარდა ამისა, „იმერის“ მიერ წარმოებული პროდუქცია მცირე რაოდენობით გადის თურქეთშიც, დაახლოებით, 30-40 ათასი ლარის ღირებულების წლიურად.
ფაქტ-მეტრი „იმერის“ დირექტორს დაუკავშირდა. თამაზ თურმანიძემ გვითხრა, რომ ადგილობრივებისგან მხოლოდ 100-200-300 კილოგრამ ნედლეულს იბარებს, რადგან სიგარა სულ 1-2 გრამს იწონის და მის დასამზადებლად სხვადასხვა სახეობის ნედლეულია საჭირო. ამიტომ, ნაწილი კუბიდან და ინდონეზიიდან შემოაქვთ. დირექტორი იმ წინააღმდეგობებზეც გვესაუბრა, რომელთა გამოც ის წარმოებას ვერ ზრდის: „შემიძლია ვაწარმოო ქართული სიგარეტიც, მაგრამ ბაზარზე შესვლა ახალი პროდუქციით ძალიან ძნელია, დიდ ხარჯებთანაცაა დაკავშირებული. როცა საწარმოს ვხსნიდი, ჩვენი მოტივაცია ეს იყო, რომ აგვეღორძიებინა დარგი. სააკაშვილსაც შევხვდი. მას შეეძლო უკრაინასთან საკითხის მოგვარება, რომ იქ ქართული ნედლეული შესულიყო, 300-500 ტონა, რადგან ჩვენი თამბაქო საკმაოდ მაღალხარისხოვანია. მე ასეთი მხარდაჭერა ვერ ვნახე, ჩემი ძალები მაგას არ ეყო. „ფილიპ მორისის“ წარმომადგენლებსაც შევხვდი, მაგრამ აქ მსოფლიო მაფია მუშაობს ამ საკითხზე და ძალიან ძნელია ბაზარზე ნედლეულით შესვლა. საკითხის გადაწყვეტა შეიძლება, მაგრამ - ძალიან მაღალ დონეზე. ამიტომ, როცა გლეხები საუბრობენ მხარდაჭერაზე ხელისუფლების მხრიდან, იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება ერთ სიტყვას იტყვის. მეწარმეების დონეზე ამ საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია“.
როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნებისმიერი სახეობისთვის, თამბაქოს რეალიზაციისთვისაც ოთხი ძირითადი გზა არსებობს. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საოჯახო მეურნეობაში მოყვანილი თამბაქოს დიდ წილს ფერმერები ბაზარში საბითუმო ფასად აბარებენ. გრაფიკი 1:
თამბაქოს რეალიზაციის სახეები და წილი 2016 წელს
წყარო: სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი
გრაფიკის მიხედვით ჩანს, რომ ფერმერებმა 2016 წელს მოსავლის ყველაზე ნაკლები რაოდენობა საწარმოში ჩააბარეს.
ინფორმაციისთვის, 2012 წელს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბათუმში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მისი პოლიტიკური გუნდი ქედაში, შუახევსა და ხულოში ტრადიციული დარგის, მეთამბაქოეობის აღორძინებას ხელს შეუწყობდა. ჩვენ გვაინტერესებდა, როგორია თამბაქოს მოსავლის, ასევე კომპანია „იმერის“ მიერ წარმოებული პროდუქციის სტატისტიკა 2012-2018 წლების მიხედვით. ეს ინფორმაცია აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებულ პასუხში შეტანილი არ არის და არც უწყების გვერდზე იძებნება. ზემოთ ნახსენებ ანგარიშში კი აღნიშნულია, რომ 2016 წელს ქედაში თამბაქოს მოსავალმა - 189 ტონა შეადგინა. აქედან რეალიზაციაზე 166 ტონა გავიდა. თუ ამ მონაცემებით ვიმსჯელებთ, ქედაში 2016 წელს მოწეული მოსავლის რაოდენობა 3 ტონით მეტია, ვიდრე 2017-ში. უფრო ადრინდელი მონაცემების შესახებ ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტში იძებნება, არის აჭარის სავაჭრო - სამრეწველო პალატის ეკონომიკური კითხვარი, რომლის მიხედვით, 2011
წელს რეგიონში თამბაქოს ნათესებს 110 ჰექტარი ტერიტორია ეკავა. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი, 2017 წელს თამბაქოს კულტურა გაშენებული იყო 92 ჰა-ზე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ თამბაქოს კულტივაცია 16.4%-ით ნაკლებ ფართობზე ხდება.
საინტერესოა, რომ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, მოსავლის რეალიზაციით კმაყოფილების დონის შეფასებისას, ყველაზე მაღალი დონით თამბაქოს რეალიზაცია გამოირჩევა.