ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით ბაქრაძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე და მის გარშემო, რუსეთის ფედერაციის მოქმედებებით რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1965 წლის საერთაშორისო კონვენციის (CERD) დარღვევის გამო, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ), ჰააგაში, დავა წამოიწყო. 2009 წლის 1-ელ დეკემბერს რუსეთის ფედერაციამ სასამართლოს წინასწარი განხილვის განცხადებით მიმართა. პროტესტის წარმდგენ ოფიციალურ წერილობით დოკუმენტში ერთი თავი უშუალოდ დავის საგანს ეხება, სადაც 2004 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები და 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიერ სამხედრო ძალის გამოყენების ქეისია აღწერილი. სწორედ აღნიშნულ ნაწილში, საკუთარი პოზიციების გასამყარებლად, რუსეთის მხარეს მოყვანილი აქვს ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან, „საქართველოს ტრაგედია 2003-2008“ („La tragédie Géorgienne 2003-2008“), რომელიც 2008 წელს გამოიცა.
აღნიშნულ წიგნში საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი 2004 წელს სამაჩაბლოში მომხდარ მოვლენებს შემდეგნაირად აღწერს: „პროვოკაციების შემდეგ დაძაბულობა იზრდება. უშიშროების საბჭოს სხდომები ერთმანეთის მიყოლებით იმართება... თავდაცვის მინისტრი განმარტავს, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა... ჩვენ უნდა ავიღოთ ცხინვალი... სტრატეგია ნათელია: სიმაღლეების დასაკავებლად სამი საათია საჭირო. ის, ვინც სიმაღლეებს აკონტროლებს, ცხინვალსაც აკონტროლებს... საქართველომ როგორც არ უნდა იმართლოს თავი, ის იარაღის, დაკარგული ადამიანებისა და პოზიციების ენით საუბრობდა... ამ ინციდენტების შემდეგ, ადმინისტრაციული საზღვარი კონსოლიდირებულია, ხოლო მხარეებს შორის ურთიერთობები - გამწვავებული“. გარდა ამისა, რუსეთის მხარეს სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი ციტატა აქვს მოყვანილი, სადაც 2007 წლის მეორე ნახევრიდან თავდაცვის ბიუჯეტისა და ხარჯების მკვეთრ მატებაზე საუბრობს, რაც, მისი სიტყვებით, უფრო მეტად სამხედრო რევანშისა და დაკარგული ტერიტორიების იძულებითი რეინტეგრაციის განზრახვის მატარებელი იყო.
ანალიზი
პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ, განაცხადა: „რუსეთი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს იყენებს“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე და მის გარშემო რუსეთის ფედერაციის მოქმედებებით რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1965 წლის საერთაშორისო კონვენციის (CERD) დარღვევის გამო საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ), ჰააგაში, დავა წამოიწყო. საქართველოს მტკიცებით, რუსეთის ფედერაცია, მისი სახელმწიფო ინსტიტუტების, აგენტებისა და ძალაუფლების მქონე სხვა პირებისა თუ ორგანოების სახით, ასევე სამხრეთ ოსური და აფხაზური სეპარატისტული ძალები პასუხისმგებლები არიან CERD კონვენციის დარღვევისათვის. საქართველოს მხარის თანახმად, რუსეთის ფედერაციამ აღნიშნული კონვენცია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ინტერვენციისას, 1990 წლიდან 2008 წლამდე, სამ ეტაპად დაარღვია. საქართველო სასამართლოს მოუწოდებდა, რომ CERD-ის შესაბამისობაში მოსასვლელად, რუსეთის ფედერაციისათვის ყველა ზომის მიღება ეიძულებინათ.
2008 წლის 2 დეკემბრის დადგენილების თანახმად, მხარეებს სარჩელისა და შესაგებებელი სარჩელის წარდგენის ვადები განესაზღვრათ. საქართველოს შემთხვევაში ბოლო ვადად 2009 წლის 2 სექტემბერი, ხოლო რუსეთის ფედერაციისათვის 2010 წლის 2 ივლისი დადგინდა. 2009 წლის 1-ელ დეკემბერს რუსეთის მხარემ წინასწარი განხილვის განცხადება შეიტანა სასამართლოში. რუსეთის ფედერაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, ერთი თავი უშუალოდ დავის საგანს ეხება, სადაც აღწერილია საქართველოს კონფლიქტების ისტორია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, მათი სამართლებრივი სტატუსი, რუსეთის, როგორც ფასილიტატორის როლი, 2004 წელს განვითარებული მოვლენები[1] და 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიერ სამხედრო ძალის გამოყენება. სწორედ აღნიშნულ თავში (გვ. 31-32, გვ. 34) აქვს რუსეთის ფედერაციას მოყვანილი ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან „საქართველოს ტრაგედია 2003 – 2008“ („La tragédie Géorgienne 2003-2008“), რაც მიზნად მათივე პოზიციების გამყარებას ისახავს.
რუსეთის მხარის მტკიცების თანახმად, 2004 წლის ივნისში საქართველომ ცხინვალის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, რომლის მიზნებიც მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მოგვიანებით თავის წიგნში აღწერა: „პროვოკაციების შემდეგ დაძაბულობა იზრდება. უშიშროების საბჭოს სხდომები ერთმანეთის მიყოლებით იმართება... თავდაცვის მინისტრი განმარტავს, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა... ჩვენ უნდა ავიღოთ ცხინვალი... სტრატეგია ნათელია: სიმაღლეების დასაკავებლად სამი საათია საჭირო. ის, ვინც სიმაღლეებს აკონტროლებს, ცხინვალსაც აკონტროლებს... გადაწყვეტილების მიმღები მიშაა [სააკაშვილი] და ის ელვისებურ თავდასხმას მწვანე შუქს აუნთებდა, რაც მალე მარცხით დასრულდებოდა... საქართველომ როგორც არ უნდა იმართლოს თავი, ის იარაღის, დაკარგული ადამიანებისა და პოზიციების ენით საუბრობდა... ამ ინციდენტების შემდეგ, ადმინისტრაციული საზღვარი კონსოლიდირებულია, ხოლო მხარეებს შორის ურთიერთობები - გამწვავებული. აღნიშნული დაძაბულობა არასდროს დასრულდება“.
ჰააგის სასამართლოში პროტესტის წარსადგენ დოკუმენტში რუსეთის მხარემ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან კიდევ ერთი ციტატა გამოიყენა - ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 2007 წლის მეორე, ხოლო 2008 წლის პირველი ნახევარი, საქართველოს სამხედრო გაძლიერების კუთხით გამოირჩეოდა: „2007 წელს, ახალი, საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე, თავდაცვის მინისტრის მოსვლა შეიარაღების შეძენის მკვეთრ მატებას ემთხვევა: უფრო და უფრო დახვეწილი, უფრო და უფრო ძვირადღირებული, უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი. შესაბამისად, 2007 წელს თავდაცვის ბიუჯეტმა მთლიანი საბიუჯეტო ხარჯების მეოთხედს გადააჭარბა. რიტორიკა, ომის შესახებ, შესამჩნევი იყო, ხოლო დაკარგული ტერიტორიების მიმართ მიზნები - გაცხადებული. ამრიგად, თავდაცვითი პოლიტიკის იმიჯის უკან (რომელიც მიზნად ტერიტორიების იმ თავდასხმისაგან დაცვას ისახავდა, რომელსაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა ტერიტორიული სუვერენიტეტისათვის) შეიარაღებისა და აღჭურვის პოლიტიკა იმალებოდა. ეს უკანასკნელი უფრო მეტად სამხედრო რევანშისა და დაკარგული ტერიტორიების იძულებითი რეინტეგრაციის განზრახვის მატარებელი იყო“.
ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლომ საქმის წარმოებაში მიღებისა და არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ, იურისდიქციული ხარვეზი დაადგინა. ვინაიდან, ქართულ მხარეს მოლაპარაკებების რესურსი არ ჰქონდა ამოწურული.
მსგავსი შინაარსის განცხადებების გაჟღერება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან განსაკუთრებით საგანგაშო მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში გახდება. პრეზიდენტის მიერ მედიასთან გაკეთებულმა განცხადებებმა სახელმწიფოსთვის შეიძლება სამართლებრივი ვალდებულებები წარმოშვას. ასე გადაწყვიტა მართლმსაჯულების საერთშორისო სასამართლომ 1974 წელს საქმეში ავსტრალია საფრანგეთის წინააღმდეგ. ეს პრეცედენტი დღესაც მოქმედია.
[1] 2004 წელს, ცხინვალის რეგიონთან მიმართებით, საქართველოს ხელისუფლება მიზნად იმავე სტრატეგიის გამოყენებას ისახავდა, რაც აჭარის კრიზისის დროს წარმატებული იყო. თუმცა, საქართველოს მხრიდან რეგიონში კონტროლის აღდგენის მცდელობამ და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის რეჟიმის მხარდაჭერამ მხარეები კონფლიქტამდე მიიყვანა, რომელიც ცხინვალის გარშემო შერეულად განლაგებულ ქართულ და ოსურ სოფლებში შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა. 2004 წლის 10 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად, თავდაცვის ყველა რესურსი იქნებოდა გამოყენებული. მეორე მხრივ კი, „ქართული აგრესიის“ წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების მიზნით, სამხრეთ ოსეთში რუსეთის მოხალისეები ჩრდილო კავკასიიდან და მოლდავეთის სეპარატისტული დნესტრისპირეთიდან ჩამოდიოდნენ. 2004 წლის აგვისტოში კრიზისმა პიკს მიაღწია ცხინვალისა და მიმდებარე სოფლების ღამღამობით დაბომბვებითა და ესკალირებული შეიარაღებული შეტაკებებით. ვითარების განმუხტვა აგვისტოს თვეშივე მოხერხდა და თავიდან იქნა აცილებული ღია ომი სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ბაზების მონაწილეობით. საქართველოს უსაფრთხოების ძალებმა თავიანთი შეტევა კონფლიქტის ზონაში შეაჩერეს.