პენსიების ზრდა პრეზიდენტობის კანდიდატების - გრიგოლ ვაშაძის და დავით ბაქრაძის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებაა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს არ შეუძლია პენსიის გაზრდა. როგორ აპირებენ პრეზიდენტობის კანდიდატები პენსიის გაზრდას და რამდენად აქვს ამის რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტს? ფაქტ-მეტრი ამ კითხვებზე პასუხების გაცემას შეეცადა.
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამომრჩევლებს პენსიის 400 ლარამდე გაზრდას ჰპირდება. თუმცა, არა მისი გაპრეზიდენტების, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. რეალურად, დაპირება ასე ჟღერს: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია 400 ლარი გახდება“. „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი კანდიდატიც მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მოჰყვება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც და ხელისუფლების ცვლილება. პენსიის 400 ლარამდე ზრდასაც, სწორედ იმ შემთხვევაში გვპირდებიან, თუ ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოვა.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძის დაპირება პენსიების 50 ლარით ზრდაა. მისი განცხადებით, ის, როგორც პრეზიდენტი, ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის რომ პენსია წელსვე გაიზარდოს 50 ლარით. დავით ბაქრაძის განმარტებით, პოლიტიკური იძულება ისეთივე ინსტრუმენტია, როგორც საკუთარი ხელმოწერა. ანუ პრეზიდენტს შეუძლია, პოლიტიკური პროცესის შედეგად, მიიყვანოს მთავრობა იქამდე, რომ გააზრდევინოს პენსია.
სახელმწიფო პენსიის მიზანია ხანდაზმულ მოქალაქეთა, კონსტიტუციით გარანტირებული სოციალურ-ეკონომიკური უფლების დაცვა და რეალიზაცია. სახელმწიფო პენსიის დაფინანსების წყარო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტია, პენსიის ოდენობაც სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განისაზღვრება. საქართველოს კონსტიტუციით (როგორც ძველი, ასევე ახალი რედაქციით), სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ინიცირება პარლამენტში ან/და ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება (მათ შორის, პენსიის ოდენობის განსაზღვრა) მხოლოდ მთავრობის უფლებამოსილებაა.
რა უჯდება სახელმწიფოს პენსიონერების შენახვა და რა თანხაა საჭირო პენსიის 50 ან 400 ლარით გასაზრდელად?
მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში 741 662 ასაკით პენსიონერია. მათი რაოდენობა, ყოველწლიურად, საშუალოდ 12 ათასით იზრდება. სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯები ყოველწლიურად იზრდება (იმ შემთხვევაშიც კი, როცა პენსიის ოდენობა არ იზრდება, რაც პენსიონერთა რაოდენობის ზრდითაა გამოწვეული). 2018 წელს საპენსიო უზრუნველყოფის დაფინანსებისთვის 1.7 მილიარდია გამოყოფილი, რაც ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 17.5%-ია. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2019 და 2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება, შესაბამისად, იზრდება ბიუჯეტიდან საპენსიო ხარჯებიც. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საპენსიო უზრუნველყოფის მუხლი 1.9 მილიარდამდე იზრდება, რაც ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების დაახლოებით 21%-ია.
დავით ბაქრაძე ამომრჩეველს ჰპირდება, რომ პოლიტიკურად აიძულებს მთავრობას, რომ პენსია მიმდინარე წელსვე 50 ლარით გაზარდოს. იმისთვის, რომ ასაკით პენსიონერებს ნოემბერ-დეკემბერში პენსია 50 ლარით გაიზარდოს, 2018 წლის ბიუჯეტში დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს ცვლილებები და დამატებით დაახლოებით 74 მლნ ლარის მოძიება იქნება საჭირო. იმისთვის, რომ პენსია მომავალი წლიდან, მხოლოდ ასაკით პენსიონერებისთვის დამატებით 50 ლარით გაიზარდოს, პენსიონერების რაოდენობის და მათი ზრდის ტემპით გათვალისწინებით, წელიწადში დამატებით მინიმუმ 451 მლნ იქნება საჭირო. ბიუჯეტის ხარჯების მეოთხედი (25.5%)საპენსიო უზრუნველყოფაზე უნდა დაიხარჯოს.
პარლამენტში უკვე განიხილება მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და 2019 წლის იანვრიდან დაგეგმილია პენსიის 20 ლარით ზრდა. ამასთან, 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება დაგროვებითი საპენსიო სისტემა. ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ქართულ ოცნების“ მთავრობა 2018 წლის ბიუჯეტში სასწრაფო ცვლილებებს არ განახორციელებს. ასევე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცვლილებები შევიდეს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.
გრიგოლ ვაშაძე ამომრჩეველს ჰპირდება, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოვა, პენსია 400 ლარი გახდება. ამისთვის დამატებით 2 მლრდ ლარია საჭირო. ჯამში საპენსიო უზრუნველყოფის მუხლი დაახლოებით 3.7 მლრდ ლარამდე უნდა გაიზარდოს, რაც მთლიანი ბიუჯეტის ხარჯების მინიმუმ 38%-ია. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში, სახელმწიფოს მთლიან სოციალურ ხარჯებს აღემატება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კონცეფციის მიხედვით, პენსიის 400 ლარამდე ზრდა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით და ეკონომიკის ზრდით არის შესაძლებელი.
2018 წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები (შრომის ანაზღაურება + საქონელი და მომსახურება) 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს. ადმინისტრაციული ხარჯები მოიცავს ყველა საჯარო უწყების შენახვისთვის საჭირო ხარჯებს, მათ შორის პოლიციის და ჯარის, ასევე მასწავლებლების ხელფასებსაც. რაც შეეხება უშუალოდ აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების შენახვის ხარჯებს, მათი დაფინანსება 2018 წლის ბიუჯეტში 396 მლნ ლარს შეადგენს. შესაბამისად, რამდენადაც არ უნდა შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები ის პენსიის 400 ლარამდე გასაზრდელად არ იქნება საკმარისი. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პენსია არ არის ერთადერთი სოციალური ხარჯი ბიუჯეტში და სახელმწიფო მხოლოდ საპენსიო უზრუნველყოფაზე ბიუჯეტის 38%-ს ვერ დახარჯავს. შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკის სწრაფი ზრდით, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ბიუჯეტის ხარჯების, მათ შორის სოციალური ხარჯების და საპენსიო უზრუნველყოფის ზრდაც.