რეზიუმე: 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ნაერთი[i] და ერთიანი[ii] ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების[iii]
ფარდობითი მაჩვენებლები მცირდება. 2018 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები მშპ-სთან შეფარდებით, 23.0%-ია მოსალოდნელი (ერთიანი - 25.0%), ხოლო 2019 წლისთვის - მშპ-ს 22.6% (ერთიანი -24.6%). მათ შორის, მცირდება ადმინისტრაციული ხარჯების ფარდობითი მაჩვენებლები.
რაც შეეხება კაპიტალურ ხარჯებს[iv], 2019წლისთვის მათი პროგნოზი მიმდინარე წლის მაჩვენებელზე მეტია. ნაერთი ბიუჯეტის წმინდა არაფინანსური აქტივების ზრდა 2018 წელს მშპ-ს 6.4%-ია, ხოლო 2019 წლისთვის - 6.7%. აღნიშნული მაჩვენებლები ერთიანი ბიუჯეტის შემთხვევაშიც 0.3% პუნქტით იზრდება. 2017 წელს ნაერთი ბიუჯეტის კაპიტალურმა ხარჯებმა, მშპ-სთან მიმართებით, 5.5% შეადგინა.
ანალიზი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები მცირდება, ხოლო კაპიტალური ხარჯები იზრდება. მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარე წელს მშპ-სთან შეფარდებით მიმდინარე ხარჯები 23% იყო, ხოლო 2019 წლისთვის 22.6% დაგეგმილია.
როგორც განცხადებიდან ჩანს, გიორგი კაკაურიძე ნაერთი ბიუჯეტის მაჩვენებლებზე საუბრობს. ნაერთი ბიუჯეტი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, აღნიშნული ბიუჯეტების მხარჯავი დაწესებულებების[v] ოპერაციებს მოიცავს. ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები შრომის ანაზღაურების, საქონელი და მომსახურების, პროცენტის, სუბსიდია/გრანტების, სოციალური უზრუნველყოფის და სხვა ხარჯების მუხლების ჯამია. ხოლო, კაპიტალური ხარჯები ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდის მოცულობა[vi].ასევე, ფისკალური მაჩვენებლების ცვლილების ტენდენცია ფარდობით მაჩვენებლებში უნდა გაანალიზდეს, რომელიც ბიუჯეტის სხვადასხვა ძირითად მაჩვენებლებთან შეფარდებით იზომება ან საბიუჯეტო მაჩვენებლების ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში გამოსახვით. ამ შემთხვევაში, განცხადებიდან გამომდინარე, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების ცვლილების ტენდენცია მშპ-სთან შეფარდებით უნდა შევაფასოთ.
2018წლის ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების მოსალოდნელი მაჩვენებელი მშპ-სთან მიმართებაში 23.0%-ია, რაც წინა წელთან შედარებით 1.2% პუნქტით შემცირებულია. რაც შეეხება 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს, წარმოდგენილ დოკუმენტში მიმდინარე ხარჯების მოცულობა მშპ-ს 22.6%-ია, რაც 2018 წელთა შედარებით, 0.4% პუნქტით ნაკლებია. თავის მხრივ, მიმდინარე ხარჯების ფარდობითი მაჩვენებლების კლება ნაერთი ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების ფარდობითი მაჩვენებლების შემცირებითაა გამოწვეული. 2018 წლის ადმინისტრაციული ხარჯების მოსალოდნელი პროგნოზი მშპ-სთან მიმართებაში 7.7%-ია, რაც წინა წელს 8.4% იყო. 2019 წლის პროგნოზით კი, ადმინისტრაციული ხარჯების წილი მშპ-სთან 0.4% პუნქტით ნაკლები, 7.3% -ია მოსალოდნელი. 2013-2016 წლებში ნაერთი ბიუჯეტის წმინდა არაფინანსური აქტივების ზრდა (კაპიტალური ხარჯები) მშპ-სთან შეფარდებით საშუალოდ 3.4% იყო, 2017 წლისთვის კი - მშპ-ს 5.5% შეადგინა. მიმდინარე წლის მოსალოდნელი მაჩვენებელი 6.4%-ია, რაც წინა წელთან შედარებით 0.9% პუნქტით მეტია. რაც შეეხება 2019 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს - მომდევნო წლისთვის კაპიტალური ხარჯები მშპ-ს 6.7%-ით არის დაგეგმილი.
გრაფიკი 1:
ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები (მლნ ლარი, %)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო2019
წლისთვის მთლიანი მთავრობის ოპერაციების სრულყოფილად ასახვის მიზნით სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი მომზადდა, რომელიც ცენტრალურ, ა/რ ერთიან რესპუბლიკურ და ერთიან მუნიციპალურ ბიუჯეტებს კონსოლიდირებული ბიუჯეტია. ესე იგი, ყველა დონის ბიუჯეტის და საბიუჯეტო ორგანიზაციების (სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები) ოპერაციებს მოიცავს. ამრიგად, საინტერესოა სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების განხილვა.
გრაფიკი 2:
ერთიანი ბიუჯეტის მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები (მლნ ლარი, %)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
როგორც ნაერთი ბიუჯეტის მსგავსად, ერთიანი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების ფარდობითი მაჩვენებლებიც კლებადია. 2017 წელს ამ ხარჯებმა მშპ-ს 26.3% შეადგინა, რაც მიმდინარე წელს 25.0%-ით არის მოსალოდნელი, ხოლო 2019 წლის პროგნოზი კი - 24.6%-ია. ადმინისტრაციული ხარჯები კი - 2018 წელს 9.4%-ით არის დაგეგმილი, რაც 2019 წელს კი - 0.2% პუნქტით ნაკლები, 9.2%-ია. ასევე, იზრდება სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის წმინდა არაფინანსური აქტივების ზრდის (კაპიტალური ხარჯები) მუხლი. 2019 წლისთვის ეს მაჩვენებელი მშპ-ს 7.0%-ით არის პროგნოზირებული, ხოლო მიმდინარე წელს 6.7%-ია მოსალოდნელი. გასული წლის ერთიანი ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯების წილმა მშპ-ს 5.4% შეადგინა.
[i]
სახელმწიფო, ა/რ რესპუბლიკური და თვითმმართველი ერთეულის კონსოლიდირებული ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს აღნიშნული მხარჯავი დაწესებულებების მიერ განხორციელებულ ოპერაციებს
[ii]ცენტრალური, ა/რ ერთიანი რესპუბლიკური და ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს აღნიშნული მხარჯავი დაწესებულების და საბიუჯეტო ორგანიზაციების (სსიპ-ები და ა(ა)იპ) მიერ განხორციელებულ ოპერაციებს
[iii]ბიუჯეტით გათვალისწინებული ოპერაციები, რომელიც მიმდინარე პერიოდში ხორციელდება და არ გააჩნია საინვესტიციო დანიშნულება. აღნიშნული ხარჯები მოიცავს: შრომის ანაზღაურებას, საქონელი და მომსახურებას, პროცენტს, სუბსიდია/გრანტებს, სოციალურ უზრუნველყოფას და სხვა ხარჯებს
[iv]ბიუჯეტით გათვალისწინებული ოპერაციები, რითაც არაფინანსური აქტივები იქმნება. აღნიშნული ხარჯები საჯარო ინვესტიციად არის მიჩნეული და არსებობს მოსაზრება, რომ გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკური განვითარების ფაქტორია
[v]სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტებისათვის – პროგრამული კლასიფიკაციის პირველი თანრიგით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაცია, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის – თვითმმართველი ერთეული
[vi] წმინდა ზრდა - არაფინანსური აქტივების ზრდას დამატებული კლება (უარყოფითი ნიშნით)