ვერდიქტი:ფაქტ-მეტრის დასკვნით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება არისფაქტებით მანიპულირება.
რეზიუმე:1995 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც საქართველოში ოთხი რუსული სამხედრო ბაზის (ბათუმში, გუდაუთაში, ახალქალაქსა და ვაზიანში) 25 წლით (და შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით) განლაგებას ითვალისწინებდა, თუკი რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და შეიარაღებული ძალების მშენებლობაში დაეხმარებოდა. ხელშეკრულების რატიფიცირება აღარ მომხდარა. 1990-იანი წლების ბოლოდან საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო ბრძოლა ქვეყანაში რუსული გავლენების შესამცირებლად. 1996 წლის მაისში ქ. ვენაში, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების განხილვის კონფერენციაზე, რუსეთთან დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად, 1999 წლის 17 ნოემბერს ეუთო-ს სამიტზე ხელი მოწერა „სტამბულის შეთანხმებას“. შეთანხმების თანახმად, 2001 წლის 1-ელ ივლისამდე რუსეთის მხარეს უნდა გაეთავისუფლებინა ვაზიანისა და გუდაუთის ბაზები. ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების დახურვის შესახებ მოლაპარაკებები კი მხარეებს 2000 წელს უნდა დაესრულებინათ.
2001 წლისთვის რუსეთმა მთლიანად გაიყვანა ბაზა ვაზიანიდან, ხოლო გუდაუთიდან ბაზა მას რეალურად არ გაუყვანია (რუსეთის მხარის მიხედვით, მისი ინფრასტრუქტურა „გადაეცა“ აფხაზეთში განთავსებულ დსთ-ს (ფაქტობრივად, რუსეთის) სამშვიდობო ძალებს). ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების გაყვანის საკითხთან მიმართებით, რის შესახებ მოლაპარაკებაც ჩიხში იყო შესული, გარდატეხა 2003 წლის ხელისუფლების ცვლილებამ იქონია, როდესაც მთავრობამ რუსეთზე ზეწოლა გაზარდა (მაგ. 2005 წლის მარტის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია). შედეგად, 2005 წლის 30 მაისს რუსეთის მხარე საქართველოს ერთობლივ განცხადებაზე დათანხმდნენ, რომელშიც საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის პროცესის დეტალები გაიწერა. ერთობლივ განცხადებას ხელი სერგეი ლავროვმა და სალომე ზურაბიშვილმა მოაწერეს.
ახალქალაქიდან და ბათუმიდან საბოლოო შეთანხმების ხელმოწერა 2006 წლის 31 მარტს, ქ. სოჭში მოხდა. საქართველოს მხრიდან ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მამუკა კუდავამ, მოაწერა. ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსეთმა თავისი სამხედრო ნაწილები საბოლოოდ 2007 წლის ნოემბერში გაიყვანა.ამრიგად, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესი 1999 წლის „სტამბულის შეთანხმების“ ხელმოწერიდან დაიწყო და საქართველოს ხელისუფლებისა და დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ძალისხმევის შედეგად, 2007 წელს დასრულდა. შესაბამისად, აღნიშნული მიღწევის ერთი პირისათვის მიწერა საფუძველს მოკლებულია და პოპულიზმის გამოვლინებაა.
ანალიზი
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა,განაცხადა: „რუსეთის ჯარები საქართველოდან ერთხელ უკვე მე გავიყვანე“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
1993 წლის ოქტომბერში, სამეგრელოს ჩრდილოეთ პროვინციებში ზვიად გამსახურდიას მომხრეების ამბოხის ჩახშობაში დახმარებისათვის ედუარდ შევარდნაძემ მოსკოვს მიმართა. 1993 წლის ოქტომბერში, ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით. რუსული სასაზღვრო ჯარის ნაწილები საქართველო თურქეთის საზღვარზე და მის საზღვაო საზღვარზე განთავსდნენ. 1995 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოში ოთხი რუსული სამხედრო ბაზის (ბათუმში, გუდაუთაში, ახალქალაქსა და ვაზიანში) 25 წლით (და შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით) განლაგებას ითვალისწინებდა, თუკი რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და შეიარაღებული ძალების მშენებლობაში დაეხმარებოდა. ხელშეკრულების რატიფიცირება აღარ მომხდარა. გარდა ამისა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ე.წ. „სამშვიდობო ძალები“ განთავსდნენ. 1994 წელს კი, საქართველო რუსეთის კონტროლქვეშ არსებულ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას შეუერთდა.
1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან საქართველომ დასავლეთთან ურთიერთობის გაძლიერება დაიწყო. 1999 წლის აპრილში შეუერთდა ევროსაბჭოს, გააძლიერა თავისი კავშირები ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან და გამოვიდა რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი კოლექტიური უსაფრთხოების კავშირიდან. საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო მოქმედებები ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ძალების შესამცირებლად და გასაყვანად. 1998 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთის სასაზღვრო ჯარების გაყვანაზე და 1999 წელს, რუსეთის სასაზღვრო ჯარებმა[1]დატოვეს საქართველოს ტერიტორია. 1996 წლის მაისში კი, ქ. ვენაში, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების განხილვის კონფერენციაზე, რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. რუსეთთან ორმხრივ მოლაპარაკებებს მეთაურობდა საქართველოს იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი. მოლაპარაკებების შედეგად, 1999 წლის 17 ნოემბერს, ეუთო-ს სამიტზე ქ. სტამბულში ხელი მოეწერა „სტამბულის შეთანხმებას“. ამ ისტორიულ ერთგვერდიან დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგა ბურდულმა მოაწერა. შეთანხმების თანახმად, 2001 წლის პირველ ივლისამდე რუსეთის მხარეს უნდა გაეთავისუფლებინა ვაზიანისა და გუდაუთის ბაზები. საქართველო დროებით ანიჭებდა მოსკოვს ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების გამოყენების უფლებას, თუმცა მხარეებს მათი დახურვის ვადების შესახებ მოლაპარაკებები 2000 წელს უნდა დაესრულებინათ. აღსანიშნავია, რომ 2000 წელს, მიუხედავად მოლაპარაკებებში რუსეთის მცდელობებისა სტამბულის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები არ შეესრულებინა, საქართველომ მოლაპარაკებების მე-5 რაუნდზე მაინც შეძლო შეთანხმების მიღწევა, რომლის მიხედვითაც, ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების და საქართველოში რუსეთის სხვა სამხედრო ობიექტების ფუნქციონირების მაქსიმალურ ვადად ის დრო განსაზღვრულიყო, რაც მათი ფუნქციონირების დასასრულებლად იქნებოდა საჭირო.
2001 წლისთვის რუსეთმა მთლიანად გაიყვანა ბაზა ვაზიანიდან, ხოლო გუდაუთიდან ბაზა რეალურად არასდროს გაუყვანია. რუსეთის მხარის მიხედვით, ამ უკანასკნელის ინფრასტრუქტურა გადაეცა აფხაზეთში განთავსებულ დსთ-ს (ფაქტობრივად, რუსეთის) სამშვიდობო ძალებს. რუსეთის მიერ შეუსრულებელი ნაკისრი ვალდებულებების გამო, მოლაპარაკებები ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების გაყვანის თაობაზე ჩიხში შევიდა. ამ მხრივ გარდატეხა, 2003 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოხდა. ახალმა მთავრობამ მოსკოვზე ზეწოლა გაზარდა. 2005 წლის 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, თუ 2005 წლის 15 მაისამდე საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანის კონკრეტულ ვადაზე რუსეთის მხარესთან შეთანხმება ვერ მოხდებოდა, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას ბაზების მიმართ, კანონით დადგენილ ფარგლებში, შესაბამისი ზომების მიღება ევალებოდა. კერძოდ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებზე საქართველოში შემოსასვლელი ვიზების გაცემა უნდა შეეჩერებინა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა დაედგინა საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებისა და ობიექტების საქართველოს ბიუჯეტის მიმართ და ყველა სხვა დავალიანების მოცულობა. ხოლო აღნიშნული დავალიანება შეფასებულიყო, როგორც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ვალი საქართველოს მიმართ; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უნდა შეესწავლა და შეეფასებინა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების ფუნქციონირებით გამოწვეული ეკოლოგიური ზიანის ოდენობა; საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს უნდა უზრუნველეყოთ რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და პირადი შემადგენლობის, ტექნიკის, შეიარაღებისა და კუთვნილი ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმის შემუშავება და მისი კონტროლი; საქართველოს მთავრობას უნდა შეემუშავებინა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზაზე. რუსეთის ბაზების მომარაგების გზების ჩაკეტვის შესახებ წაყენებულ აღნიშნულ ულტიმატუმს მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი მოჰყვა. შედეგად, 2005 წლის 30 მაისს რუსები ერთობლივ განცხადებაზე დათანხმდნენ, რომელსაც ხელი საგარეო საქმეთა მინისტრებმა: სერგეი ლავროვმა და სალომე ზურაბიშვილმა მოაწერეს. ერთობლივ განცხადებაში საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის პროცესის დეტალები გაიწერა. სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი თავის ბაზებს საქართველოში მთლიანად 2008 წლისთვის დახურავდა. პირველ რიგში სამხედრო ძალები გაყვანილ იქნებოდა ახალქალაქიდან, შემდეგ კი ბათუმიდან.
საბოლოო ხელმოწერა 2006 წლის 31 მარტს, ქ. სოჭში მოხდა. ეს უკანასკნელი ძირითადად ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების 2008 წელს დახურვის საკითხებს ითვალისწინებდა. რუსებმა ორივე მათგანი ვადამდე ერთი წლით ადრე, 2007 წლის ნოემბერში, მთლიანად გაიყვანეს. საქართველოს მხრიდან ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მამუკა კუდავამ, მოაწერა.
ამრიგად, საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის პროცესს სათავე 1999 წლის ნოემბერში, „სტამბულის განცხადებით“ დაედო, ხოლო ფაქტობრივი განხორციელება 2001 წელს დაიწყო. აღნიშნულ პროცესში როგორც იმ პერიოდის მთავრობის წევრებს, ასევე დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებსა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით. შესაბამისად, ამ ყოველივეს ერთი კონკრეტული ადამიანის დამსახურებისათვის მიწერა უსაფუძვლოა.
[1]სასაზღვრო ჯარები- სასაზღვრო საგუშაგოების სისტემა, რომელიც განკუთვნილია სახელმწიფო საზღვრის დასაცავად ხმელეთზე, ზღვაში, მდინარეებზე, ტბებზე და სხვა წყალსატევებზე.