აჭარის რეგიონში, ბუნებრივი საფრთხეებიდან გამომდინარე, ეკომიგრანტთა დიდი რაოდენობა ცხოვრობს. მათი ნაწილი ბათუმსა და ხელვაჩაურში, თვითნებურად, კომპაქტურ დასახლებებს ქმნის. სწორედ ამ ორი მუნიციპალიტეტის საზღვარზე მდებარეობს ე.წ. ოცნების ქალაქი, რომელიც აქ 2012 წლიდან გაჩნდა და დღემდე თვითნებურად ჩასახლებული ოჯახების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება.

აჭარის რეგიონში თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს: ეკომიგრანტთა საცხოვრისის შესყიდვის თანადაფინანსება, სოციალური სახლების მშენებლობა, „საბინაო ფონდის შექმნა“ და შემდგომში მიზნობრივ ჯგუფებზე გადაცემა. აღნიშნულ პროცესში, რეგიონის მასშტაბით, ოთხი საჯარო სუბიექტი მონაწილეობს: სოციალურ პროექტებს ძირითადად აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ახორციელებს, ხოლო „საბინაო ფონდის“ მართვას - აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და ბათუმის მერია.

აჭარაში საცხოვრებელი ობიექტების მართვა-განკარგვის შესახებ 2015-2017 წლების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში მიმდინარე წელს გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ რეგიონში, მიგრირებული მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრისის მიწოდების მიზნით, 2015-2016 წლებში 9 200 000 ლარი გაიხარჯა. აქედან 5 800 000 - მოქალაქეთათვის ალტერნატიული ფართების შესყიდვის თანადაფინანსებისთვის, ხოლო 3 400 000 - საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობისთვის. სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის, „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფარგლებში, რეგიონში შექმნილი შერეული სამთავრობო კომისია თითოეული ოჯახის საქმეს განიხილავს და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში იხდის ქონების საბაზრო ღირებულების თანხას, არა უმეტეს 25 000 ლარისა. ამ დანიშნულებით 2015-2016 წლებში ჯანდაცვის სამინისტროს 6 მილიონი ლარის ასიგნება გამოეყო, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა 2014-2017 წლებში სოციალური სახლების მშენებლობაზე 3 400 000 ლარი დახარჯა.

რაც შეეხება ბათუმის მერიას, მის მფლობელობაშია საცხოვრებელი ობიექტები, რომლებსაც ის დეველოპერულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად იღებს. ამ ფართებს მერია კომპენსაციის მიზნით გადასცემს იმ პირებს, რომელთა საცხოვრებელი გამოიყენება სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების საფუძველზე, ასევე - შვიდ და მეტი შვილიან ოჯახებს. ბათუმის მუნიციპალიტეტის „საბინაო ფონდისთვის“ 2012-2018 წლებში 20 648 კვმ საცხოვრებელი ფართის 263 ბინა იყო გადაცემული, საიდანაც, 2018 წლის მარტის მონაცემებით, დარჩენილი იყო 35 ბინა, ჯამში 2 907,5 კვ.მ.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2016 წლიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით, თანადაფინანსების პროგრამით 148 ეკომიგრანტმა ოჯახმა ისარგებლა.

გრაფიკი 1: პროგრამით მოსარგებლე ოჯახთა განაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით

11111111

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გრაფიკიდან ჩანს, რომ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში პროგრამით ყველაზე მეტმა ოჯახმა შუახევში ისარგებლა.

აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ სტიქიური განვითარების ზონაში მცხოვრებ ყოველ მეორე ოჯახს საცხოვრისის შესყიდვა ქალაქ ბათუმში სურს. ამიტომ, თანადაფინანსებით შეძენილი საცხოვრებელი ობიექტების დიდი წილი სწორედ ბათუმში მდებარეობს. ბენეფიციარებს ქონების შესაძენად დამატებითი თანხის გადახდა უწევთ. აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანების მესამედი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. აქედან გამომდინარე, მათთვის დამატებითი ფინანსური რესურსის მობილიზება პრობლემას წარმოადგენს, რაც აჩენს რისკს, რომ ისინი დარჩენილი თანხის გადახდას და სტიქიური განვითარების ზონიდან ადგილმონაცვლეობას ვერ შეძლებენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციას აძლევს, რომ მან მსყიდველუნარიანობის კომპონენტი შეიმუშაოს.

გარდა ზემოთქმულისა, არსებობს სხვა პრობლემაც - ქონების ფართის შეუსაბამობა ოჯახის სულადობასთან. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ქალაქგარეთ შესყიდული ფართების უმეტესობა მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ხოლო ქალაქში შეძენილი საცხოვრებლის შემთხვევაში, 2-4 სულიანი ოჯახების მიერ შესყიდულია საშუალოდ 60 კვ.მ, ხოლო 5, 6, 8, 9 და 16-სულიანი ოჯახების მიერ - საშუალოდ 50 კვ.მ ფართობი. ეს კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია, რომელის გამოც ოჯახებს სტიქიური განვითარების ზონიდან ადგილმონაცვლეობა არ შეუძლიათ. აუდიტის სამსახურის მიერ სამინისტროსთვის მიცემული ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ამ საკითხის მოგვარებას გულისხმობს - შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც მიმართული იქნება შესასყიდი ფართობისა და ოჯახის სულადობის კორელაციისკენ.

ანალიზის მიხედვით, ხულოსა და შუახევის ბენეფიციართა თითქმის ნახევარმა სტიქიის ზონიდან სრული მიგრაცია ვერ შეძლო. ანგარიშის თანახმად, ამ პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ის, რომ ძველი საცხოვრებელი სახლები არ არის მოყვანილი გამოუსადეგარ მდგომარეობაში და ოჯახები საშიშ პირობებში ცხოვრებას განაგრძობენ. სამინისტროს მიეთითა, რომ ამ სახლების გამოყენების აკრძალვისთვის ქმედითი ღონისძიებები გაატაროს.

რეკომენდაციები გაცემულია ბათუმის მერიის მიმართაც, რომ მან განსაზღვროს „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ სამიზნე ჯგუფები, შეისწავლოს პროგრამაზე სავარაუდო მოთხოვნის დონე და დაასრულოს პროექტის განხორციელება. არსებული მდგომარეობით, „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროექტი გაგრძელდა. კრიტერიუმების სამუშაო ვერსია უკვე შემუშავებულია. ორი ხუთსართულიანი პროექტის მშენებლობა, რომლის ღირებულება 2 350 000 ლარს შეადგენს, 2019 წელს დასრულდება.

ინფორმაციისთვის, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია „იაფი სახლის“ მშენებლობისთვის ბიუჯეტში თანხას 2014 წლიდან ითვალისწინებს. პროექტი, სხვადასხვა მიზეზის გამო, რომელთა შესახებაც ფაქტ-მეტრი ორი წლის წინ წერდა, გაჭიანურდა და ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მივიდა. 2016 წელს, როცა მშენებლობა დაწყებული იყო, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „კონვერტ ჯორჯიამ“ ავანსად გადარიცხული 1 894 785 ლარი მიითვისა. ეს თანხა ბათუმის მერიამ დღემდე ვერ დაიბრუნა.

დღემდე გაურკვეველია „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებული ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების ბედი. ადამიანები წლებია საშიშ და მავნე გარემოში ცხოვრებას განაგრძობენ. აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარეებმა პრობლემის მოგვარების პირობა არაერთხელ დადეს. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა ბოლოს ეს დაპირება თორნიკე რიჟვაძისგან მოისმინეს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი