ქალაქ ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციას დაწესებულების წინაშე არსებული რისკების მართვის, ხარისხის, ფინანსური მართვისა და კონტროლის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის, დაწესებულების საქმიანობის კანომდებლობასთან შესაბამისობის, ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის, აქტივებისა და სხვა რესურსების ადეკვატურად დაცულობის შეფასება წარმოადგენს.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა გარემოებები გამოავლინა მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა გასული წლის განმავლობაში.
სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციითირკვევა, რომ გასულ წელს, ბათუმის მერიის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილებაში, დებულებასთან შეუსაბამობის რამდენიმე გარემოება დაფიქსირდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ განყოფილებების მიერ სრული მოცულობით არ ქვეყნდება საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული პროაქტიურად გამოსაქვეყნებელი და საჯარო ინფორმაცია მერიის ვებგვერდზე, რაც ინფორმაციის მომხმარებელთა უკმაყოფილებისა და მერიის რეპუტაციის შელახვის რისკის შემცველია. განყოფილებას მიეცა რეკომენდაცია, პერიოდულად განახორციელოს სამსახურებისადმი შეხსენებითი წერილების ინიცირება პროაქტიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მოწოდების თაობაზე. ამავე განყოფილებას მიეთითა, რომ საჭიროა პრობლემატური და მწვავე საკითხების დამუშავება, ანალიზი, კვლევა და შედეგების დოკუმენტური ასახვა. რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა მოხდეს მოქალაქეების მიერ წამოჭრილი საკითხების კონსულტირება-გადაწყვეტა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილებები უცხო ქვეყნების, ორგანიზაციების წარმომადგენელთა ვიზიტების დროს გაწეული ხარჯების აუცილებლობას დოკუმენტურად არ აფიქსირებენ. აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტების არასათანადო დაგეგმვისა და განხორციელების რისკის შემცველია.
შიდა აუდიტის სამსახურის 2017 წლის ანგარიშში ორჯერ არის ნახსენები საფინანსო სამსახური (შემოსავლების განყოფილება), რომელიც აღრიცხავს ქალაქის ტერიტრიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელ იურიდიულ პირებს, თუმცა ყველა გადამხდელი რეგისტრირებული არ არის და განყოფილებას მათი მოძიება - იდენტიფიცირებისა და რეგისტრირების მიზნით, დამატებითი სამუშაოების ჩატარება უწევს. ეს მდგომარეობა ქმნის არასათანადო ადმინისტრირების, მოსაკრებლის სახით მისაღები საბიუჯეტო შემოსავლების არასრულად მობილიზებისა და ფინანსური დანაკარგების რისკებს. ასევე, საფინანსო სამსახური არ ახორციელებს დებულებით განსაზღვრულ ფუნქციას ბიუჯეტის შემოსულობების პროგნოზირებისა და ანალიზის მიმართულებით, რადგან არ არის შემუშავებული და დანერგილი შესაბამისი მეთოდი, წესები, პირობები, ვადები და პერიოდულობა. შესაბამისად, აღნიშნული ჩანაწერი ფორმალურ ხასიათს ატარებს და რეალურად არ სრულდება, რაც მოსაკრებლის არასათანადო ადმინისტრირებისა და მობილიზების რისკებს ზრდის.
საინტერესოა შენიშვნა, რომელიც აუდიტის სამსახურმა ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის მიმართ გააკეთა. ირკვევა, რომ მერიაში არ ჩატარებულა მუნიციპალიტეტის საკუთრებას ან/და სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების სრული ინვენტარიზაცია, რაც წარმოშობს რეალურად არსებული აქტივების მართვის განუხორციელებლობისა და პოტენციური სარგებლის მიუღებლობის, ასევე, ამ ქონების დაზიანების, თვითნებურად სარგებლობისა და სხვა სახის ოპერაციულ თუ ფინანსურ რისკებს. ამასთანავე, აღნიშნული განყოფილების ფუნქციას უძრავი ქონების ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგი წარმოადგენს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩატარებული მონიტორინგის დოკუმენტირება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მესაკუთრე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებს. აუდიტის სამსახურის შეფასებით, ასეთი მიდგომა შეუძლებელს ხდის ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ შემაჯამებელი ინფორმაციის ფორმირებას, მის ანალიზს, რისკების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
საერთაშორისო ურთიერთობების, საინვესტიციო და ეკონომიკური განვითარების განყოფილების მიმართ აუდიტის სამსახურს სამი შენიშვნა აქვს. ძირითადად, ეს შენიშვნები ეხება საგრანტო კონკურსისთვის წინადადების მომზადების პროცესში მერიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ზეპირსიტყვიერად ურთიერთობას, როცა კოორდინაცია და ინფორმაციის მიღება ხდება არაფორმალურად. კიდევ ერთი შეუსაბამობა ისაა, რომ განყოფილება დოკუმენტურად არ აფიქსირებს საინვესტიციო-ეკონომიკურ წინადადებებთან მიმართებით გაწეულ საქმიანობას, რაც წარმოშობს საქმიანობის არასათანადოდ წარმართვის რისკს.
მერიის აპარატის მიმართ გამოთქმული შენიშვნებიდან მნიშვნელოვანია შესყიდვების განყოფილების საქმიანობაში აღმოჩენილი შეუსაბამობა. დებულების თანახმად, შესყიდვების განყოფილება, შესყიდვების კომისიის წევრებთან ერთად, შეიმუშავებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტსა და სატენდერო დოკუმენტაციას. დაწესებულებაში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ზოგჯერ ამ დოკუმენტაციას ისეთი სტრუქტურული ერთეულები ამზადებენ, რომლებსაც დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით, ამის უფლებამოსილება არ გააჩნიათ. რიგ სამსახურებს კი მინიჭებული აქვთ სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების უფლებამოსილება, რაც წარმოადგენს შესყიდვების განყოფილების ფუნქციათა დუბლირებას. აუდიტის დასკვნით, ამის მიზეზი ისაა, რომ დაწესებულებაში არ არის დამკვიდრებული სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავების ერთიანი პროცედურული წესები. ეს იწვევს საბიუჯეტო პროგრამების განუხორციელებლობისა და პრეტენდენტთა მხრიდან სატენდერო პირობების მიმართ სამართლებრივი პრეტენზიებისა და სასამართლო დავების არსებობის რისკს.
ა(ა)იპ „გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ საქმიანობაში შერჩევითი გადამოწმებით გამოვლინდა, რომ ცალკეული ღონისძიებები არ არის შესრულებული, ან შესრულებულია დაგეგმილზე ნაკლები ან მეტი მოცულობით. ასევე შეუსაბამობებია ბუღალტრულ ანგარიშებში, არ არის აღრიცხული სამსახურის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთანავე, ავტომანქანებისთვის საწვავის ხარჯვის ყოველთვიური ლიმიტი დადგენილი არ არის, ვლინდება შუსაბამობები ავტომანქანებზე საექსპერტო დასკვნებით დადგენილ წვის ნორმებსა და საწვავის ფაქტობრივ ხარჯვას შორის. ინვენტარიზაცია ჩატარებულია არასრულყოფილად, ხოლო მატერიალურად პასუხისმგებელი პირი განსაზღვრული არ არის.
კრიტიკულად შეფასდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონიტორინგისა და მეთოდოლოგიის კრიტერიუმების არარსებობა. აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული მდგომარეობა იწვევს სამშენებლო დარღვევებზე მნიშვნელოვანი დაგვიანებით რეაგირებას, მათ შორის, როცა მშენებარე ობიექტზე უნებართვოდ უკვე დაშენებულია რამდენიმე სართული. ამასთან, სამართალდარღვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლის გამო, არ ხერხდება დროული რეაგირება - აღკვეთა ან დაჯარიმება, რაც გამოწვეულია სამსახურში შიდა მმართველობითი პროცედურის არარსებობით.
შეუსაბამობები გამოვლინდა ა(ა)იპ „ბათუმის ტურისტული სერვისების მართვის სააგენტოში“, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო ბათუმის ზოოკუთხე. შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზოოკუთხის ბინადრების კვება მოუწესრიგებელია, ლაბორატორიულად არ მოწმდება დაავადების გამომწვევი მიზეზები, არ არსებობს ცხოველების ვაქცინაციის პრაქტიკა, ხოლო ვეტერინარი არ არის ჩართული მათი კვებისა და კალორაჟის განსაზღვრის პროცესში. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ზოოკუთხის 24 ბინადარის (300 497 ლარის საბალანსო ღირებულება) დანაკლისი და 72 ბინადარის (30 879 ლარი) ზედმეტობა. გარდა ამისა, „ტურისტული სერვისების მართვის სააგენტოს“ სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა ხდებოდა ყოველგვარი დოკუმენტური აღრიცხვის გარეშე. 2018 წლიდან ბათუმის მერიაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. ცვლილებების შედეგად, ა(ა)იპ „ტურისტული სერვისების მართვის სააგენტო“ გაუქმდა და მისი ფუნქციები ახალშექმნილ ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ გადაეცა.