საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის აჭარის ა/რ მთავრობის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სოლიდური თანხა იხარჯება. თუ აჭარის ა/რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით ვიმსჯელებთ, საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვისთვის გახარჯული თანხის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა 2017 წელს, 46 965 600 ლარი შეადგინა. ეს თანხა აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა განკარგა, რომელმაც შარშან, მთლიანობაში, 48 351 500 ლარი აითვისა, აქედან 866 200 ლარი 55 დასაქმებულის შრომის ანაზღაურებისთვის გაიხარჯა.

აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ინფორმაციითირკვევა, რომ სამუშაოები ნაწილობრივ განხორციელდა სამ ლოკაციაზე: ქობულეთის მუნიციპალიტეტის ს/გზა „ჩაქვი #2 ჩაის ფაბრიკა - ქვედა აჭყვა“ - კმ3+118 მონაკვეთზე საყრდენი კედლის მოწყობა. ელექტრონული ტენდერი 2017 წლის 6 ივლისს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 75 630 ლარით განისაზღვრა. ტენდერში ხუთი კომპანია მონაწილეობდა. შემსყიდველმა შპს „ბლექ სი +“ შეარჩია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი, 59 000 ლარი შესთავაზა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2017 წლის 18 აგვისტოს გაფორმდა. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ დღეში უნდა დაწყებულიყო, ხოლო შესრულების ვადად 60 კალენდარული დღე განისაზღვრა. მოგვიანებით, მიმწოდებელმა ვადის გაგრძელება მოითხოვა და ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა. კომპანიამ ვალდებულება აიღო, რომ სამუშაოებს 2017 წლის 5 დეკემბერს დაასრულებდა. 22 დეკემბერს კი მიმწოდებელმა შემსყიდველს დაუსრულებელი სამუშაო ჩააბარა, რის გამოც დეპარტამენტმა მასთან კონტრაქტი შეწყვიტა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს „ბლექ სი +“-ის შავ სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა. აღსანიშნავია, რომ კომპანიასთან იმავე შემსყიდველს კიდევ ერთი ხელშეკრულება 134 982 ლარის სამუშაოებზე გაფორმებული აქვს 2017 წლის 21 სექტემბერს, ანუ იმ პერიოდში, როცა 18 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების 50% კომპანიას უკვე შესრულებული უნდა ჰქონოდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ კომპანიამ მეორე ტენდერში შემსყიდველს ყველაზე დაბალ ფასი არ შესთავაზა (დეპარტამენტმა, ტექნიკური დოკუმენტაციის, კომპანიას, რომელმაც დაბალი ფასი დააფიქსირა, დისკვალიფიკაცია მისცა). „ბლექ სი +“ ს/კ 445459174 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში არ იძებნება.

მეორე კომპანია, რომელმაც სამუშაოები ვერ დაასრულა, არის შპს „დიოკნისი“, რომელთანაც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება 2017 წლის 14 სექტემბერს გააფორმა. მას ხულოს მუნიციპალიტეტში ს/გზა „რიყეთი - დიდი რიყეთი“ კმ0+900 მონაკვეთზე საყრდენი კედელი უნდა მოეწყო. ამ განცხადების ნომერი დეპარტამენტმა არ მოგვაწოდა, თუმცა ფაქტ-მეტრმა მოიძია, რომ ელექტრონულ ტენდერში აუქციონის გარეშე მხოლოდ ერთი კომპანია შპს „დიოკნისი“ მონაწილეობდა. სამუშაოების ღირებულებამ 56 965 ლარი შეადგინა, ხოლო ხანგრძლივობამ - 70 კალენდარული დღე. ხელშეკრულებაში ცვლილებები 2017 წლის 24 ნოემბერს შევიდა და სამუშაოების დასრულების ვადა 9 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა და ხელშეკრულება შეუწყდა. როგორც დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილ პასუხშია მითითებული, საყრდენი კედლის მოწყობა დღემდე არ დასრულებულა.

რაც შეეხება შუახევში, ს/გზა „ჭვანა - გომარდულის“ კმ5+500, კმ3+700 და კმ3+600 მონაკვეთებზე საყრდენი კედლების მოწყობას, დეპარტამენტიდან მიღებული პასუხის თანახმად, ამ სამუშაოების შესრულებაზე ხელშეკრულება შპს „სანრაისთან“ 2017 წლის 12 ოქტომბერს გაფორმდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე, ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებზე (ამ ტენდერში გათვალისწინებული იყო ინფრასტრუქტურული ღონისძიებები სხვა ლოკაციებზეც) 61 910-ლარიანი ტენდერი 2017 წლის 18 აგვისტოს გამოცხადდა, თუმცა არ შედგა. იმავე წლის 12 სექტემბერს, დეპარტამენტმა ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 26 710 ლარით განისაზღვრა. ტენდერში შპს „სანრაისთან“ ერთად მონაწილეობდა შპს „ჯმს 4“, რომელმაც შემსყიდველს ნაკლები ფასი შესთავაზა, თუმცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, მას დისკვალიფიკაცია მიეცა და ხელშეკრულება „სანრაისთან“ გაფორმდა. კომპანიას სამუშაოები 2017 წლის 26 დეკემბრამდე უნდა დაესრულებინა. აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების სააგენტოს ინფორმაციით კი, კომპანიამ საქმიანობა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო შეწყვიტა. იმავე ინფორმაციით, სამუშაოები დასრულებული არ არის.

დეპარტამენტმა კომპანიებს ასფალტობეტონის საფარის მოწყობაზე გაფორმებული ხელშეკრულებების ვადა კიდევ ოთხ ლოკაციაზე გაუგრძელა: ქობულეთის მუნიციპალიტეტში ს/გზა „ქვედა კვირიკე - ზედა კვირიკე“ კმ2+800 - კმ5+300 მონაკვეთზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ს/გზა „თხილნარის გზა - მურმანეთი“ კმ0+000 - კმ2+000 მონაკვეთზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ს/გზა „ახალშენის გზა - ზედა ახალშენი - ჯოჭო“ კმ3+600 - კმ7+480 მონაკვეთსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ს/გზა „ბარცხანა - ორთაბათუმი - ზედა ყოროლისთავი“კმ0+000 - კმ4+450 მონაკვეთზე. პირველ ორ შემთხვევაში ხელშეკრულებები გაფორმებული იყო შპს „მეგაკონტრსაქშენთან“ 2017 წლის ივნისში. ორივე ლოკაციაზე, კომპანიასთან შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, ხელშეკრულება შეწყდა და სამუშაოების დასრულებისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდა. როგორც დეპარტამენტმა მოგვწერა, სამუშაოების დასრულებისთვის თანხა გათვალისწინებულია 2018 წლის ბიუჯეტში.

რაც შეეხება კიდევ ორ პროექტს, ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „გზებთან“. ინფორმაციის თანახმად, ორივე შემთხვევაში ვადები გაგრძელდა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. დეპარტამენტი გვატყობინებს, რომ ერთ შემთხვევაში ვადის გადაწევა გამოიწვია გაზიფიკაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებმა, ხოლო მეორე შემთხვევაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ს/გზა „ბარცხანა - ორთაბათუმი - ზედა ყოროლისთავის“ მონაკვეთზე მიმდინარეობდა ბათუმის ცენტრალური წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ამ შემთხვევაში შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებულია 2 209 995-ლარიანი ხელშეკრულება. ინფორმაციისთვის, შპს „გზების“ 25% წილის მფლობელ ირაკლი აბაშიძეს „ქართული ოცნებისთვის“ 35 000 ლარი აქვს შეწირული, 50%-იანი წილის მფლობელ მურად აბაშიძეს - 40 000 ლარი, ხოლო კიდევ ერთმა 25%-იანი წილის მმართველმა გიორგი აბაშიძემ „ქართულ ოცნებას“ 35 000 ლარი შესწირა.

აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტისთვის, აჭარის ა/რ 2018 წლის ავტონომიური ბიუჯეტის მიხედვით, განსაზღვრულია 62 350 900 ლარი. აქედან, საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვისთვის დაგეგმილი საპროგნოზო მაჩვენებელი 61 019 600 ლარია. რაც შეეხება დეპარტამენტში დასაქმებულებს, მიმდინარე წელს გაზრდილია როგორც მათი რაოდენობა, ისე შრომის ანაზღაურების თანხის მოცულობა - მომუშავეთა რიცხოვნობა 59 ერთეულს, ხოლო ანაზღაურების თანხა 1 064 400 ლარს შეადგენს.

თეგები: