იტვირთება

ბათუმში, უკვე რამდენიმე წელია, დარღვევებით მიმდინარე მშენებლობები საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს. ქალაქის თვითმმართველობას ამ დარღვევებზე რეაგირება ევალება. დამტკიცებული პროექტის დარღვევა, უსაფრთხოების რეგულაციების უგულებელყოფა, უნებართვო მშენებლობა თუ დემონტაჟი, ობიექტზე საინფორმაციო დაფის არარსებობა, სანებართვო პირობების დაუცველობა - ეს სამშენებლო კომპანიების საქმიანობაში არსებული დარღვევების ძირითადი ჩამონათვალია.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა ტიპის დარღვევებს ჰქონდა ადგილი ქალაქში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პროცესში ბოლო წლებში, აგრეთვე, რომელი კომპანიები ხვდებიან ყველაზე ხშირად ამ დამრღვევთა სიაში.

2016 წელს მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო სამუშაოების დარღვევით მიმდინარეობის 191 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, როგორც ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაშია მითითებული, საქმის წარმოება დასრულებულია 149 შემთხვევაში, ხოლო მიმდინარეობს - 42 დარღვევის ფაქტზე.

გრაფიკი 1: ბათუმის მერიის მიერ დაფიქსირებული სამშენებლო დარღვევები, 2016 წელი

33333333

წყარო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

გრაფიკიდან ჩანს, რომ ყველაზე ხშირად სამშენებლო პროექტი ირღვევა. მეორე ადგილზეა უსაფრთხოების ნორმების დარღვევის, ხოლო მესამეზე - სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევები.

2017 წლის მონაცემებით, სულ დაფიქსირებულია 278 დარღვევა. აქედან, საქმის წარმოება დასრულებულია 180 შემთხვევაზე და მიმდინარეობს 98 დარღვევაზე.

გრაფიკი 2: ბათუმის მერიის მიერ დაფიქსირებული სამშენებლო დარღვევები, 2017 წელი

444444

წყარო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისმერია

2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, უფრო მაღალია უსაფრთხოების რეგულაციების დარღვევის შემთხვევები. ამ მაჩვენებლის ზრდა შესაძლოა დაკავშირებული იყოს საქართველოს მთავრობის 07. 02. 2017 წლის # 64 დადგენილებასთან, რომლითაც „ტექნიკური რეგლამენტის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე“ #41 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ამ ცვლილებებით, III, IV და V კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობების დაგეგმარებაზე, მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაზე უსაფრთხოების წესები გამკაცრდა.

რაც შეეხება 2018 წლის აგვისტომდე არსებულ მდგომარეობას, ბათუმის მერიის მიერ ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სამშენებლო სამუშაოების დარღვევით წარმოების 75 ფაქტია დაფიქსირებული. აქედან, 23 საქმის წარმოება დასრულებულია, 52 ფაქტზე კი - ჯერაც მიმდინარეობს.

გრაფიკი 3: ბათუმის მერიის მიერ დაფიქსირებული სამშენებლო დარღვევები, 2018 წლის აგვისტომდე

555555

წყარო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს უნებართვოდ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების წილი დარღვევების მთლიან რაოდენობაში უფრო მაღალია, ვიდრე შარშან ან შარშანწინ იყო, თუმცა პროცენტულად ყველაზე მეტი კვლავ უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტებია.

სულ, 2016 წლიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ საქმის წარმოება სამართალდარღვევის 544 ფაქტზე დაიწყო.

დამრღვევთა შორის ორჯერ ან მეტი სიხშირით გვხვდება შპს „ჯეოსელი“, შპს „DS GROUP“, შპს „დარ ბილდინგი“, შპს „რეალ ბილდინგი“, შპს „რეალმშენი“, შპს „მარდი გრუპი“, შპს „მარდი თაუერი“, შპს „მარდი ჰოლდინგი“, შპს „სამშენებლო კომპანია სახლი პიაცასთან“, შპს „ეიჩ გრუპი“, შპს „თოფრაქ ინშაათი“, შპს „მშენსერვისი“, შპს „ჰორიზონტი“, სს „მეტრო ატლას ჯორჯია“, შპს „ბაკური“, შპს „ორბი ჯგუფი“, შპს „ოთხი ძმა“, შპს „ძველი ბათუმი“, შპს „ჩემი სახლი“, შპს „სკოლა ევრო - 2000“ და სხვა კომპანიები. ინფორმაციისთვის, სანებართვო პირობების დარღვევით ოფისის მშენებლობისთვის 2018 წელს საქმის წარმოება დაიწყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მიმართაც. დამრღვევთა შორის გვხვდება სს „საქართველოს ბანკიც“, რომელმაც საცხოვრებელ სახლზე მანსარდი უნებართვოდ დააშენა.

ფაქტ-მეტრმა ასევე გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სანქციები გატარდა სამართალდამრღვევი კომპანიების მიმართ და რა მოცულობის ჯარიმა დაეკისრათ კომპანიებს კონკრეტული დარღვევებისთვის. თუმცა, მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასრულყოფილია და გადახდილი თუ დაკისრებული ჯარიმების შესახებ არაფერია ნათქვამი.


მსგავსი სიახლეები

2699 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი