საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საჯარო უწყებების გამჭვირვალობის კუთხით მიღწეულ პროგრესზე ხშირად საუბრობენ. გასული წლის სექტემბერში საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარე ქვეყანაც გახდა, რაც ცალსახად მისასალმებელია. თუმცა, როგორც ფაქტ-მეტრის, და არამხოლოდ ფაქტ-მეტრის, გამოცდილება აჩვენებს, ხშირად, მოქალაქეებისთვის ისეთი ელემენტარული საკითხი იქცევა პრობლემად, როგორიც საჯარო ინფორმაციის მიღებაა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი მოქალაქეების მიმართ სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა OGP-ის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია, ფაქტ-მეტრის განცხადებები საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, არცთუ იშვიათად, უპასუხოდ რჩება.

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა, მკითხველს გააცნოს კონკრეტული ფაქტები, როდესაც ესა თუ ის სახელმწიფო უწყება ჩვენ მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, არ გვაწვდის.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, საჯარო უწყება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ, ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ ინფორმაციის გაცემა სხვადასხვა მონაცემის დამუშავებას მოითხოვს. სამწუხაროდ, ფაქტ-მეტრის პრაქტიკაში იშვიათია შემთხვევები, როცა ინფორმაციას დაუყოვნებლივ ვიღებთ. ასევე, ძალიან ხშირად, ირღვევა 10 დღიანი ვადის შესახებ კანონის მოთხოვნაც. თუმცა, ამჯერად მხოლოდ იმ საჯარო უწყებების შესახებ ვისაუბრებთ, რომლებმაც 10 დღიანი კი არა, ზოგიერთ შემთხვევაში 10 თვიანი ვადაც დაარღვიეს და მათგან პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია. აქვე აღსანიშნავია, რომ არ მიგვიღია არც დასაბუთებული უარი, თუ რატომ ვერ ვიღებთ პასუხს და უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში, მათთან სატელეფონო კომუნიკაციაც ჭირს. ეს ყველაფერი კი, ზემოხსენებული კოდექსის აშკარა და უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

ფაქტ-მეტრის გამოცდილებით, ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე უწყება იუსტიციის სამინისტრო და მისი საქვეუწყებო დაწესებულებებია. რამდენიმე მაგალითი: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 15 თებერვალს მივმართეთ, აღნიშნულ განცხადებაზეპასუხი კი, დღემდე არ მიგვიღია.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მიმდინარე წლის 7 მაისს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ მივმართეთ მთავრობის ადმინისტრაციას, რომელმაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, ჩვენ მიერ გაგზავნილი განცხადება გადაუგზავნა სამინისტროებს. იუსტიციის სამინისტროს არც აღნიშნული განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია მოუწოდებია.

აქვე უნდა ვახსენოთ იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) - აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელსაც ჩვენ მიერ მიმდინარე წლის 18 აპრილს გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წერილზე(კითხვები შეეხებოდა მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობას) პასუხი ამ დრომდე არ გაუცია. ჩვენ პერიოდულად ვუკავშირდებოდით უწყებას და ვცდილობდით, პასუხის დაგვიანების მიზეზები გაგვეგო. თავიდან გვეუბნებოდნენ რომ უნდა დავლოდებოდით რეაგირებას და არ გვაძლევდნენ საშუალებას გვესაუბრა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირთან. გარკვეული დროის შემდეგ კი, ფაქტ-მეტრის ზარებს საერთოდ აღარ პასუხობდნენ.

იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი სსიპ, რომელმაც ფაქტ-მეტრის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა რეაგირების გარეშე დატოვა, საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროა. ჩვენი წერილიეხებოდა, ინფორმაციას იმის შესახებ, თუ 2017 წლის 16 ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეების, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რამდენი მოთხოვნა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, ამასთან, რამდენ შემთხვევაში დაკმაყოფილდა მოთხოვნა, რამდენ შემთხვევაში ეთქვათ უარი და რამდენია ე.წ. „მიმდინარე საქმე“, რაზეც პასუხადმივიღეთ, რომ მონაცემების დამუშავების გამო სააგენტო 10 დღიან ვადას ითხოვდა, თუმცა მას შემდეგ 10 თვეზე მეტი გავიდა, ჩვენი კითხვები კი კვლავ პასუხგაუცემელია.

ფინანსთა სამინისტროში ფაქტ-მეტრმა, ჯერ კიდევ, გასული წლის ნოემბერში გააგზავნა მოთხოვნამინისტრის მოადგილეების თანამდებობრივი სარგოს, პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით. თავდაპირველად, სატელეფონო კომუნიკაციის დროს, სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ჩვენს წერილზე პასუხები დამუშავების პროცესში იყო, მოგვიანებით კი, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა პირდაპირ განგვიცხადა, რომ მას მისი უფროსი თანხმობას არ აძლევდა ჩვენს წერილზე ეპასუხა. იგივე მოთხოვნით ფაქტ-მეტრმა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ წერილი8 ივნისსაც გააგზავნა, რეაგირება კი, როგორც მოსალოდნელი იყო, არც ამ წერილს მოჰყოლია.

მიმდინარე წლის 16 მარტს ფინანსთა სამინისტროში კიდევ ერთი წერილიგავაგზავნეთ, სადაც ვითხოვდით მინისტრის ბრძანებას პირველი მოადგილის უფლებამოსილებების განსაზღვრის შესახებ. წესით, დოკუმენტი დაუყოვნებლივ გაცემას უნდა დაქვემდებარებოდა, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. საკითხის გარკვევის მცდელობისას, გვთხოვეს, რომ მათთვის 15 წუთი მიგვეცა, რათა ჩვენი წერილი მოეძებნათ, თუმცა მას შემდეგ ტელეფონზე აღარგვპასუხობენ.

მიმდინარე წლის 16 მარტს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ წერილიგავაგზავნეთ ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურში. პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ. ჩვენს ზარებზე კი, მონოტონურად გვპასუხობენ, რომ ინფორმაცია მუშავდება.

ფაქტ-მეტრის მუშაობაში სახელმწიფო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად, ჩვენ ამ კუთხით აქტიურობას ვაგრძელებთ და ზემოთ მოცემული ფაქტების ანალოგიურ შემთხვევებს მკითხველს მომავალშიც გავაცნობთ.

თეგები: