მედიკამენტებზე მოსახლეობის დაბალი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. იუნისეფის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევები აჩვენებს, რომ მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა გაუარესებულია.
2017 წელს „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა“ ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტი ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდება, ჯამში 23 დასახელების მედიკამენტი. საწყის ეტაპზე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა, ქრონიკული დაავადების მქონე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე (რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 100 000 არ აღემატება) გავრცელდა. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს ქრონიკული დაავადების დამამტკიცებელი ფორმა N100, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის რეცეპტი და პირადობის მოწმობა. პროგრამის ბენეფიციარს ერთჯერადად მაქსიმუმ 3 თვის საკმარისი მედიკამენტის გატანა შეუძლია. სოციალურად დაუცველი მოქალაქის მხრიდან თანაგადახდა მაქსიმუმ 1 ლარს შეადგენს.
ჯანდაცვის სამინისტროს გათვლებით, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა, დაახლოებით, 150 000-დან 200 000-მდე ადამიანზე უნდა გავრცელებულიყო, თუმცა იმავე სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით“ 2017 წელს მხოლოდ 13 010 ადამიანმა ისარგებლა. რთულია წინასწარ ზუსტად განსაზღვრო რამდენი ადამიანი ისარგებლებს პროგრამით, თუმცა ფაქტია, რომ პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობასა და სამინისტროს წინასწარ გათვლებს შორის, მაინც დიდი სხვაობაა. ამასთან, პროგრამა ახალ ამოქმედებული იყო და მოთხოვნა ეტაპობრივად უნდა გაზრდილიყო, მაგრამ პროგრამის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, პროგრამაზე მაღალი მოთხოვნა არც 2018 წელს ყოფილა.
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის 2018 წლის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით განისაზღვრა. 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, პროგრამის ხარჯი 102 ათასი ლარია, რაც 6 თვის დაზუსტებული გეგმის (2 044 ათასი) 5%-ია, ხოლო წლიური გეგმის - 1%. პროგრამაში მოსახლეობის დაბალი ჩართულობა და ბიუჯეტის 5%-იანი შესრულება, პროგრამის არაეფექტურობაზე მიუთითებს.
მიმდინარე წლის 3 სექტემბრიდან „ქრონიკული დავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“ ჩაერთვნენ ასაკით პენსიონერები და შშმ პირები. თუმცა, ამ შემთხვევაში, გათვალისწინებულია მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა, რაც მედიკამენტის საბაზრო ღირებულების 50%-ია (ზოგ შემთხვევაში ნაკლები). მედიკამენტის საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს ბაზარზე დაფიქსირებული საცალო ფასი (მედიკამენტების ჩამონათვალი და მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის ოდენობა - საცალო ფასი, იხილეთ მითითებულ ბმულზე).
მიმდინარე წლის დასაწყისში, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებდნენ, რომ 2018 წელს მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელსაც სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს, 23-დან, დაახლოებით, 45-მდე გაიზრდებოდა (იხ. ბმული 1; ბმული 2), თუმცა მედიკამენტების ჩამონათვალი ჯერჯერობით არ გაზრდილა.
ფარმაცევტული კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობა
2018 წლის 13 აგვისტოდან, ჯანდაცვის სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, დიაბეტი ტიპი II-ის სამკურნალო რამდენიმე მედიკამენტზე საბაზრო ფასი თითქმის განახევრდა. მედიკამენტებზე ფასები ფარმაცევტულმა კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში (მოგების შემცირების ან შესაძლო ზარალის ხარჯზე) შეამცირეს. ბიზნესში სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს კეთილ ნებას კონკრეტული პრობლემის გადაჭრისთვის, ამასთან, მსგავსი ინიციატივა, კომპანიის რეპუტაციაზე დადებითად აისახება.
ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის ენდოკრინოლოგმა მოგვაწოდა იმ ძირითადი მედიკამენტების სია, რომელიც ყველაზე ხშირად ინიშნება შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ის სამკურნალოდ. ესენია: მეტფორმინი; გლიმეპირიდი; რეპაგლინიდი; გლიკლაზიდი; პიოგლიტაზონი; DPP -4 ინჰიბიტორები (სიტაგლიპტინი); SGLT-2 ინჰიბიტორები (დაპაგლიფლოზინი) და სხვა.
სოციალური პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში ფასები განახევრდა მხოლოდ სამ პრეპარატზე: მეტფორმინზე, გლიკლაზიდზე და გლიმეპირიდზე (სავაჭრო დასახელება: სიოფორი, დიაბეტონი, ამარილი). აღნიშნული მედიკამენტები ნამდვილად ხშირად გამოიყენება შაქარიანი დიაბეტი ტიპი II-ის სამკურნალოდ, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მედიკამენტები არ არის ძვირადღირებული. ამასთან, ის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოწყვლად ჯგუფებს ისედაც უფინანსდებოდათ.
ცხრილი 1: დიაბეტი ტიპი II-ის მედიკამენტების ძველი და ახალი ფასები
სავაჭრო დასახელება | საერთაშორისო დასახელება | ძველი ფასი | ახალი ფასი |
ამარილი 2მგ | გლიმეპირიდი | 5.75 ლარი | 3 ლარი |
სიოფორი 1000მგ | მეტფორმინი | 10 ლარი | 5.82 ლარი |
დიაბეტონი MR 60მგ | გლიკლაზიდი | 18.50 | 10 ლარი |
ჩვენ გადავამოწმეთ დიაბეტი ტიპი II სამკურნალო რამდენიმე მედიკამენტის ფასი, რომლიც მომხმარებელს, არც სოციალურ პროექტის და არც მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდება (იხ. ცხრილი 2). აქვე განვმარტავთ, აღნიშნული მედიკამენტები იმ სიაშია, რომელთაც ენდოკრინოლოგები დიაბეტი ტიპი II-ის სამკურნალოდ, ასევე ხშირად ნიშნავენ. თუ მოცემულ ფასებს შევხედავთ, დიაბეტი ტიპი II-ის მქონე მოქალაქეებს მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა სწორედ იმ მედიკამენტებზე უნდა ჰქონდეს, რომელებიც არც სახელმწიფო პროგრამაში და არც სოციალურ პასუხისმგებლობის ფარგლებში გაიაფებული მედიკამენტების ჩამონათვალში ვერ მოხვდა.
ცხრილი 2: დიაბეტი ტიპი II-ის მედიკამენტები, რომლებიც არ ფინანსდება
სავაჭრო დასახელება | საერთაშორისო დასახელება | ფასი |
იანუვია 100 მგ 28 ტაბლეტი | სიტაგლიპტინი | 132,43 ლარი |
ინსვადა 1მგ 30 ტაბლეტი | რეპაგლინიდი | 19,57 ლარი |
გლემპიდი 2მგ 30 ტაბლეტი | გლიმეპირიდი | 17,84 ლარი |
ფორქსიგა 10მგ 30 ტაბლეტი | დაპაგლიფლოზინი | 127,72 ლარი |
ედირექსი 30მგ 30 ტაბლეტი | პიოგლიტაზონი | 64,26 ლარი |
გალვუსმეტი 500/1000 მგ 60 ტაბლეტი | ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის კომბინაცია | 64,88 ლარი |
წყარო: http://psponline.ge/ (5 სექტემბრის ფასები)