ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით 2018 წლის ანგარიში, „სამაგალითო დასჯა: საქართველოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მძიმე ადამიანური შედეგები“, გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს ხელისუფლება აგრესიულ სამართლებრივ დევნას მიმართავს. ამას კი შედეგად მოჰყვება ხანგრძლივი სასჯელი და აღმკვეთი გადასახადები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც რეკრეაციული გამოყენების მიზნით ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობებს ფლობდნენ და ვინმესთვის ზიანი არ მიუყენებიათ. Human Rights Watch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ოფიციალური სტატისტიკის არარსებობისა (საქართველოს მთავრობა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით მხოლოდ ლიმიტირებულ მონაცემებს აგროვებს), საქართველოში ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევები ინექციურ ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შესახებ, წლიდან წლამდე მატებას ცხადჰყოფს. უკანასკნელი კვლევა, რომელიც 2017 წელს გამოქვეყნდა, ადგენს, რომ საქართველოში დაახლოებით 52 ათასი ინექციური ნარკომომხმარებელია. 2009, 2012 და 2014 წელს ჩატარებული კვლევების შედეგების ანალიზით ნათელია, რომ ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებელი საქართველოში წლიდან წლამდე მატულობს. აღნიშნული რიცხვი 2009 წელს დაახლოებით 40 ათასს შეადგენდა, 2012-ში - 45 ათასს, 2014-ში - 49 700-ს. პრობლემურ ნარკომომხმარებელთა პრევალენტობა საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 1 პროცენტს, ხოლო მოსახლეობის 16-64 წლის ასაკობრივი ჯგუფის 2%-ს შეადგენს, რაც საკამოდ მაღალი და საგანგაშო მაჩვენებელია. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პრობლემური ნარკომომხმარებლების შესახებ შეგროვილი მონაცემების თანახმად, ამ კუთხით საქართველო 111 ქვეყნიდან მე-3 ადგილს იკავებს.
გრაფიკი 1: პრობლემური ნარკოტიკების[1] მომხმარებელთა პრევალენტობა მოსახლეობის 15-64 წლის ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოსა და სხვა ქვეყნებში
წყარო: Human Rights Watch
ანგარიში ადგენს, რომ მიუხედვად 2012 წლის შემდეგ ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივი ლიბერალიზაციისა, ის ისევ მკაცრი რჩება. Human Rights Watch-ის აღნიშნული ანგარიში სწორედ იმ მძიმე ადამიანურ დანაკარგებს (არაპროპორციულად მკაცრი საპატიმრო სასჯელი და ჯარიმები, შეურაცხმყოფელი და სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმებები, იძულებითი საპროცესო გარიგებები და ადამიანის უფლებების თვითნებური შეზღუდვა, მაგ. მართვის მოწმობის ჩამორთმევა და გარკვეული პროფესიით მუშაობის აკრძალვა) აღწერს, რისი საწინდარიც ზემოთ მოყვანილი პოლიტიკაა. ანგარიში დაფუძნებულია 85 სიღრმისეულ ინტერვიუზე, რომლებშიც ნარკოდანაშაულისათვის სასამართლოს წესით დევნილი პირები, მათი ადვოკატები და ოჯახის წევრები, სოციალური მუშაკები, სათემო ორგანიზაციების ლიდერები, მთავრობის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.
საქართველოში მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ან მოხმარების პირველი ფაქტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა. ერთი წლის განმავლობაში ჩადენილი განმეორებითი დანაშაული კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ უკანონო ნარკოტიკების სამი-მეოთხედისათვის (მათ შორის ამფეტამინი, მეტამფეტამინი, დეზომორფინი) საქართველოს კანონი არ ადგენს ზღვარს მცირე რაოდენობისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ნივთიერების თუნდაც უმცირესი ნაწილაკის ფლობა ავტომატურად დიდ ოდენობად მიიჩნევა რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასა და მინიმუმ 5 წლიან პატიმრობას ნიშნავს. ამ ნივთიერებების ერთი გრამის ფლობა „განსაკუთრებით დიდ ოდენობად“ არის მიჩნეული და შესაძლოა სამუდამო პატიმრობის წინაპირობაც გახდეს. გარკვეულ გარემოებაში, პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალების ფლობისათვის პირს შესაძლოა უფრო დიდი ხნით მიესაჯოს პატიმრობა, ვიდრე მკვლელობის (შვიდიდან თხუთმეტ წლამდე) ან გაუპატიურებისათვის (ექვსიდან რვა წლამდე).
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იძულებით ნარკოტესტირებებზეც, რომლებზეც „გონივრული ეჭვის“ არსებობის საფუძველზე პოლიციას ყოველწლიურად ათასობით ადამიანი გადაჰყავს. თუ პიროვნება იძულებითი ნარკოტესტირების ჩატარებაზე უარს იტყვის, პოლიციას შეუძლია გადაიყვანოს სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიაში და 12 საათის განმავლობაში ჰყავდეს დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პოლიციის მიერ არიან დაკავებულნი, არ აქვთ სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება. ეს უკანასკნელი კი ნარკოტესტირებისათვის გადაყვანილ პირებს პოლიციის არასათანადო მოპყრობის მიმართ მოწყვლადებს ხდის.
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ ნაწილობრივ ლიბერალიზაციამდე
Human Rights Watch-ის ანგარიში მიმოიხილავს საქართველოს ნარკოპოლიტიკის განვითარების სხვადასხვა ეტაპს და მის შედეგებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ამჟამინდელი ნარკოპოლიტიკისა და პრაქტიკის მკაცრი თვისებები 2006 წელს იქნა მიღებული, როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ყველა დანაშაულის მიმართ (ნარკოდანაშაულის ჩათვლით) „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა“ გამოაცხადა. ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ მსგავსმა მიდგომამ ნარკოტიკული საშუალებების გარკვეულ სახეობებზე (როგორიცაა ჰეროინი) ხელმისაწვდომობა შეამცირა. თუმცა, ეს ყოველივე ნარკოტიკების მოხმარების შემცირების წინაპირობა არ გამხდარა.
2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ახალმა მთავრობამ სისხლის სამართლის პოლიტიკის, მათ შორის ნარკოპოლიტიკის, ლიბერალიზაციის საჭიროება აღიარა. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობისა და მოხმარებისათვის სისხლის სამართლის სასჯელი შემცირდა. გარდა ამისა, ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ საბრძოლველად მთავრობამ ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიიღო, რომელიც ხაზს უსვამს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელობას, ნარკოტიკების მოხმარების პრევენციას, პროგრამებს ზიანის შემცირებისათვის და ნარკოტიკების მომხმარებლებთან დაკავშირებული სტიგმებისა და დისკრიმინაციის გადალახვას. მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო გეგმა ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას მოიაზრებს, ამ მიმართულებით ძალიან მცირე რამ არის განხორციელებული.
ანგარიში ასევე ხაზს უსვამს საკონსტიტუციო სასამართლოსა და მისი გადაწყვეტილებების მნიშვნელობას ქვეყნის ნარკოპოლიტიკაზე. აღნიშნულია, რომ 2015 წლიდან იძულებით საპოლიციო კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები და ლიბერალიზაციისაკენ გადადგმული ნაბიჯები შეინიშნება, რომელთა უმეტესობასაც ბიძგი საკონსტიტუციო სასამართლომ მისცა. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილების (რომელმაც მარიხუანას ფლობისათვის პატიმრობის გამოყენება არაკონსტიტუციურად გამოაცხადა) საპასუხოდ 2017 წლის ივლისში პარლამენტმა 70 გრამამდე კანაფის ფლობისათვის საპატიმრო სასჯელი გააუქმა. თუმცა, შესწორებული კანონის თანახმად, კანაფის ფლობისათვის მსჯავრდებულ პირებს შეუნარჩუნდათ ნასამართლეობის სტატუსი. 2015 წლის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ სათავე დაუდო სხვა საკონსტიტუციო საჩივრებს, რომლებიც ეწინააღმდეგება არსებულ ნარკოპოლიტიკას, განსაკუთრებით რეკრეაციული ნარკოტიკების გამოყენების კუთხით. საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებამ განმარტა, რომ პირის უფლებაა თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტვობა (თუ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას), მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა. ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, 2018 წლის ივლისში, საკონსტიტუციო სასამართლომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება გამოსცა, რომელიც მარიხუანას მოხმარებისათვის ყველა ადმინისტრაციული სანქციის გაუქმებას ითვალისწინებს. თუმცა, აღნიშნული დადგენილება არ ეხება მარიხუანას შეძენა-შენახვის საკითხს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირდება.
2017 წლის ივნისში პარლამენტის რამდენიმე წევრმა წარადგინა კომპლექსური კანონპროექტი, რომელიც ნარკოტიკების პირადი მოხმარების დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს. კანონპროექტი საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ (არასამთავრობო ჯგუფების, ექსპერტებისა და აქტივისტების ფართო გაერთიანებამ) მოამზადა. კანონპროექტი დაფუძნებულია ჯანმრთელობაზე ორიენტირებულ მიდგომაზე და მკაფიოდ აღნიშნავს, რომ პრობლემური ნარკომომხმარებლები არა პატიმრობასა და სტიგმატიზაციას, არამედ მხარდაჭერასა და დახმარებას საჭიროებენ. კანონპროექტი პარლამენტში მხოლოდ ერთი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ შეჩერდა. Human Rights Watch ასკვნის, რომ როგორც ჩანს, მთავრობა აჩერებს ნებისმიერ გეგმას, რომელიც ნარკოპოლიტიკის არსებით რეფორმას გულისხმობს.
მოწოდება დეკრიმინალიზაციისკენ
Human Rights Watch-ის ანგარიში ასკვნის, რომ კანონები, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარებას კრიმინალურ ქმედებად განიხილავენ, ადამიანის ავტონომიის პატივისცემასთან მიმართებით არათანმიმდევრულია და ეწინააღმდეგება სასჯელის პროპორციულობის პრინციპს.
ნარკოტიკების კრიმინალიზება საზოგადოებრივი უსაფრთხოების პოლიტიკისათვის ეფექტური არ არის. ანგარიშის თანახმად, Human Rights Watch-ს არ აქვს ემპირიული მტკიცებულება იმისა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებებების მცირე ოდენობის ფლობაში ბრალდებულები სხვა ძალადობრივი დანაშაულებისკენ არიან მიდრეკილნი. სახელმწიფოები კი საკმარის ინსტრუმენტებს (გარდა პატიმრობისა) ფლობენ იმისათვის, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული ნებისმიერი საზიანო ქმედება აღკვეთონ. გარდა ამისა, ნარკოტიკების კრიმინალიზება ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიას. არსებული ნარკოპოლიტიკა ნარკოდამოკიდებული ადამიანებისათვის უმეტესწილად ციხესა და პატიმრობასთან ასოცირდება, ნებაყოფლობითი მკურნალობისათვის შეზღუდული ან საერთოდ არანაირი ხელმისაწვდომობით.
საბოლოოდ, Human Rights Watch ეწინააღმდეგება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის. ანგარიშში Human Rights Watch საქართველოს ხელისუფლების მიმართ რეკომენდაციებს გასცემს. მათ შორის, მოუწოდებს ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების, ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისათვის საპატიმრო სასჯელის შემცირების, ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობების გონივრულობის ფარგლებში დადგენის, იძულებითი ნარკოტესტირების დროს უფლებამოსილების გადამეტების და არასათანადოდ მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების სწრაფად და ეფექტიანად გამოძიების, იძულებითი ნარკოტესტირების პრაქტიკის გაუქმების, ნარკოტიკების მოხმარების მიმართ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიდგომების მხარდაჭერის, ნებაყოფლობითი მკურნალობის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების გამოყოფის, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის საინფორმაციო კამპანიების ჩატარებისა და ნარკოპოლიტიკის შესახებ სწორი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების შესახებ.
[1]პრობლემური ნარკოტიკების მოხმარება გულისხმობს ინტრავენური ნარკოტიკების, ოპიოიდების, კოკაინის ან/და ამფეტამინის რეგულარულ მოხმარებას. პრობლემურ ნარკომომხმარებლებში არ მოიაზრებიან პირები, რომლებიც აღნიშნულ ნარკოტიკულ ნივთიერებებს არარეგულარულად მოიხმარენ. ნარკოდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრის განმარტების თანახმად, ექსტაზისა და კანაფის მომხმარებლები მათ რიცხვში არ შედიან.