გადასახადების გადამხდელებს რომ ბიუროკრატიის შენახვა ნაკლები უნდა უჯდებოდეთ, ამის შესახებ ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობაზე დანიშვნისთანავეგანაცხადა. ადმინისტრაციული, იგივე ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება ხშირად საუბრობს. ფაქტ-მეტრი ყოველ ასეთ განცხადებას ამოწმებს და აანალიზებს. ამჯერად, გადავწყვიტეთ დაგვეთვალა, რამდენს ხარჯავს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ავტომობილების მოვლა-შენახვასა და საწვავზე.
ბათუმის მერიიდან მიღებულიინფორმაციისთანახმად,ადგილობრივ ბიუჯეტსოცი ერთეული ავტომობილის შენახვა უწევს. ამ ავტომობილებიდან ყველაზე ძვირადღირებულია Toyota Camry, რომლითაც ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გადაადგილდება. ამ ავტომობილის ფასი 43 274 ლარია, თუმცა, ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ინფორმაციით, ის მერიას 2009 წელს უსასყიდლოდ გადაეცა. 2013 წელს გამოშვებული Kia Cerato-თი, რომელშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2013 წელს 32 590 ლარია გადახდილი, ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე სარგებლობს. იმავე მარკის, ოღონდ 2011 წელს გამოშვებული ავტომობილი, რომელიც მერიამ 30 000 ლარად შეიძინა, მერის მოადგილე ლელა სურმანიძეს ემსახურება. გარდა ამისა, მერიის ადმინისტრაციისა და შიდა აუდიტის სამსახურის განკარგულებაშია კიდევ ხუთი ავტომობილი. აქედან ერთი, 2016 წელს გადაცემულია უსასყიდლოდ, ხოლო დანარჩენი ოთხი ავტომობილი, რომლებიც შეძენილია 2008-2010 წლებში, ბიუჯეტს ჯამში 67 660 ლარი დაუჯდა.
რაც შეეხება დანარჩენ ავტომობილებს, ისინი მერიის სამსახურებს შორის ასეა გადანაწილებული:
ცხრილი 1: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების განკარგულებაში არსებული ავტომობილები და მათ შესაძენად ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა
სამსახური | ავტომობილის შეძენის წელი | ღირებულება | შენიშვნა |
მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახური | 2011 | 30 000 | |
მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის საინვესტიციო პოლიტიკის და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილება | 2017 | 18 942 | მიღებულია უსასყიდლოდ |
მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილება | 2016 | 3 654 | მიღებულია უსასყიდლოდ |
მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება | 2010 | 9 900 | |
მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება | 2015 | 4 975 | მიღებულია უსასყიდლოდ |
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური | 2008 | 23 850 | |
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური | 2011 | 30 000 | |
ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური | 2008 | 23 850 | |
ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის საპროექტო და სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილება | 2008 | 23 850 | |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური | 2008 | 23 850 | |
მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური | 2008 | 23 850 | |
სულ (უსასყიდლოდ გადაცემული ავტომანქანების ღირებულების გარეშე) | 189 150 |
წყარო:ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
როგორც ვხედავთ, ცხრილში მოცემული ავტომობილებიდან სამი მერიას უსასყიდლოდ გადაეცა, ხოლო დანარჩენი რვა ერთეული ავტომობილის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 189 150 ლარია გადახდილი. თუ ამას ვიცე-მერის, მერის მოადგილისა და მერიის ადმინისტრაციის განკარგულებაში არსებული ავტომობილების შესაძენად გახარჯულ თანხასაც დავუმატებთ, გამოვა, რომ თხუთმეტი ერთეული ავტომობილი მერიამ 319 400 ლარად შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ავტოპარკს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხუთი ავტომანქანა შეემატა. აქედან ოთხი ერთეული მერიას უსასყიდლოდ გადაეცა. ჩვენ დავინტერესდით, ვის მიერ და რა პირობებით განხორციელდა ჩუქება. მერიის პრესსამსახურის უფროსის განმარტებით, ავტომანქანები თვითმმართველობას გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ ფარგლებში გადაეცა.
რაც შეეხება 20 ავტომანქანის საწვავისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯებს, ეს მონაცემები 2013 წლიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით გამოვითხოვეთ.
ცხრილი 2: ქალაქ ბათუმის მერიის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გაწეული ხარჯი 2013 წლიდან 2018 წლის 1 ივლისამდე
წელი | გახარჯული საწვავის ოდენობა, ლიტრი | საწვავში გახარჯული თანხა, ლ | ტექმომსახურებაში გახარჯული თანხა, ლ | სულ გახარჯული თანხა, ლ |
2013 | 115 249 | 217 307 | 68 590 | 285 897 |
2014 | 133 564 | 243 266 | 81 105 | 324 371 |
2015 | 85 211 | 139 114 | 51 319 | 190 433 |
2016 | 87 440 | 121 278 | 45 223 | 166 501 |
2017 | 95 261 | 175 015 | 54 449 | 229 464 |
2018 (ექვსი თვე) | 23 754 | 49 246 | 12 040 | 61 286 |
წყარო:ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისა და საწვავისთვის ყველაზე მეტი, 324 371 ლარი, 2014 წელს გაიხარჯა. ამის შემდეგ, 2015 და 2016 წლებში კლება შეინიშნება, მაგრამ 2017 წელს გახარჯული საწვავის რაოდენობაცა და ხარჯიც მკვეთრად იმატებს.
მერიამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია, რამდენი ლარის გახარჯვა იგეგმება ტექნიკური მომსახურებისა და საწვავისთვის 2018 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 2017 წელს გაწეულ მთლიან ხარჯთან ვერ შევადარებთ. თუმცა, თუ მხოლოდ 2018 წლის ექვსი თვის ხარჯს ავიღებთ და საშუალო მაჩვენებელს გამოვიყვანთ, გამოვა, რომ ამ დროის განმავლობაში ერთი ავტომობილის საწვავისა და ტექნიკური მომსახურებისთვის უკვე გაიხარჯა საშუალოდ 3 064 ლარი. 2013 წლიდან დღემდე კი ოცი ავტომობილის საწვავი და ტექნიკური მომსახურება ადგილობრივ ბიუჯეტს 1 257 952 ლარი დაუჯდა.
რაც შეეხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მოთხოვნის მიუხედავად, ანალოგიური მონაცემები საკანონმდებლო ორგანოსგან არ მიგვიღია. საკრებულოს გვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებულიინფორმაციითკი ირკვევა, რომ მათი მოვლა-შენახვისთვის (საწვავის გარეშე) 2017 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 90 195 ლარი გაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ჩატარებულკვლევაში- „ბიუროკრატიული სისტემების გამოწვევები“ - საუბარია სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებულ ხარჯებსა და რაციონალურ განკარგვაზე. კვლევაში მოყვანილია მაგალითი გაერთიანებულ სამეფოში ავტოპარკით მომსახურების მოდელზე. მასში ნათქვამია, რომ ავტოპარკის მომსახურებას მოხელეებს აწვდის „სახელმწიფო სამსახურის სამთავრობო ავტომობილების სერვისი“, რომელიც სატრანსპორტო დეპარტამენტის ნაწილია. სამსახურს დაახლოებით 90 მანქანა ჰყავს. სამსახური აღრიცხავს თითოეული თანამდებობის პირის მიერ ავტომობილის გამოყენებას და ინტერნეტში აქვეყნებს ინფორმაციას თანამდებობის პირის ვინაობის, გამოყენების რაოდენობისა და პერიოდის შესახებ.