რეზიუმე: ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2012 წელს მთლიანი სამთავრობო ვალი 8.5 მლრდ ლარს შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 16.3 მლრდ ლარამდე არის გაზრდილი და არა 18.5 მლრდ-მდე, როგორც დეპუტატი აღნიშნავს. 2012-2017 წლებში 12.02 პუნქტით, 32.55%-დან 44.57%-მდე გაიზარდა სამთავრობო ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელიც, რომელიც ვალის ტვირთის შეფასების მიღებული ინდიკატორია. ვალის ცვლილების ანალიზში მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას ის ფაქტორები, რაც გავლენას ახდენდა ვალის მაჩვენებლების ზრდაზე. სამთავრობო ვალის შემთხვევაში მისი ძირითადი ნაწილი დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში, შესაბამისად, საგარეო ვალის ლარში გამოხატული მნიშვნელობის ზრდა დიდწილად ლარის კურსის შემცირებამ (გაუფასურება) განაპირობა. 2013-2017 წლებში საგარეო ვალის წმინდა ნაკადებმა (ვალის აღებას გამოკლებული ვალის დაფარვა) მხოლოდ 2.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2012 წელთან მიმართებით 44.35%-იანი ზრდაა და ჩამოუვარდება მშპ-ს ზრდის ტემპს იგივე პერიოდში (45.38%). შესაბამისად, მთავრობის საგარეო ვალის ლარში გამოხატული მნიშვნელობის ზრდა, წინა ხელისუფლებების პირობებში, 2012 წლამდე დაგროვილი ვალის ნაშთის გაზრდილი კურსით გადაანგარიშებამ განაპირობა. აღნიშნული ეფექტის გარეშე საგარეო სამათავრობო ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი შემცირდებოდა. თავის მხრივ, ლარის კურსის შემცირებას ცალსახად ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგად ვერ ჩავთვლით.
აღსანიშნავია, რომ 2013-2017 წლებში, შიდა ვალის აბსოლუტურ მაჩვენებლებში ზრდასთან ერთად, ზრდადია ფარდობითი მაჩვენებელიც მშპ-სთან მიმართებაში. თუმცა, აღნიშნული ზრდის ფონზეც, 2012 წლამდე არსებული საგარეო ვალის ნაშთის გადაანგარიშების ეფექტის გარეშე, ხელისუფლება მთლიან სამთავრობო ვალს შეინარჩუნებდა 2012 წელს არსებული ნიშნულის მიდამოებში და ფარდობითი მაჩვენებელი მხოლოდ 1.87 პუნქტით, 34.42%-მდე გაიზრდებოდა, ნაცვლად 44.57%-ისა.
ანალიზი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ” სამთავრობო ვალი 8.5 მლრდ-ის ნიშნულზე ჩაიბარა და დღეის მდგომარეობით 18.5 მლრდ ლარამდეა გაზრდილი. სამთავრობო ვალი მთლიანი სახელმწიფო ვალის ნაწილს წარმოადგენს და მისგან განსხვავებით არ მოიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის ვალს. სამთავრობო ვალი შესაძლებელია იყოს როგორც საგარეო (უცხოურ ვალუტაში), ისე შიდა (ეროვნულ ვალუტაში). ვალის ცვლილების სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებენ. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საგარეო სამთავრობო ვალი 3 997 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც შესაბამისი პერიოდის კურსით 6 622 მლნ ლარს შეესაბამებოდა. იგივე თარიღისთვის ქვეყნის საშინაო ვალი, ე.წ „ისტორიული ვალის1“ (672 მლნ) გარეშე 1 230 მლნ ლარის ნიშნულზე იყო. შესაბამისად, მთლიანი სამთავრობო ვალი (საშინაო და საგარეო ვალის ჯამი) ლარში გადაანგარიშებულად, „ისტორიული ვალის“ ჩათვლით, 8.52 მლრდ ლარს, „ისტორიული ვალის“ გარეშე კი 7.85 მლრდ ლარს შეადგენდა. 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საგარეო სამთავრობო ვალი 5 186 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც შესაბამისი დღის კურსით 12 714 მლრდ ლარს შეესაბამებოდა. საშინაო ვალი კი 2 950 მლნ ლარის ნიშნულზე იყო „ისტორიული ვალის“ გარეშე. მთლიანი სამთავრობო ვალი, „ისტორიული ვალის ჩათვლით“, 16.34 მლრდ ლარს, „ისტორიული ვალის“ გარეშე კი 15.66 მლრდ ლარს შეადგენდა. ვალის ოდენობაზე მსჯელობა მისაღებია მხოლოდ ფარდობითი მაჩვენებლების გამოყენებით, ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია იყოს ძალიან დიდი მცირე ეკონომიკის პირობებში და იყოს ძალიან მცირე შედარებით დიდი ეკონომიკის პირობებში. ვალის ტვირთის სრულფასოვნად შესაფასებლად მიღებულია მისი მთლიანი მოცულობის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი.
გრაფიკი 1: სამთავრობო ვალის ცვლილების ტენდენცია, 2010-2017 წლები წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
როგორც ვხედავთ, აბსოლუტურ რიცხვებში ზრდის ტენდენცია გააჩნია როგორც საშინაო, ასევე საგარეო ვალის ლარში გამოხატულ მაჩვენებლებს. 2012-2017 წლებში მზარდია მთლიანი სამთავრობო ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელიც და 32.55%-დან 44.57%-მდე იზრდება. თუმცა, ვალის ზრდაზე მითითებისას აუცილებლად აღსანიშნი ასპექტია მოცემულ პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა. კერძოდ, კურსის ცვლილებისას, პერიოდის ბოლოს ახალი კურსით გადაიანგარიშება არა მხოლოდ ვალის ნაზრდი პერიოდში (აღებული ვალი წელიწადში), არამედ მოცემული მონაკვეთისათვის აკუმულირებული ვალის ნაშთიც. შესაბამისად, სამთავრობო ვალის ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა წინა ხელისუფლებების პირობებში, 2012 წლის ბოლომდე დაგროვილი ვალის ნაშთის ახალი კურსის შესაბამისად გადაანგარიშებამ. სხვანაირად რომ ითქვას, 2013 წლიდან ხელისუფლებას რომც არ აეღო იმაზე მეტი ვალი (შემომავალი ნაკადი) ვიდრე დაფარავდა (გამავალი ნაკადი), ვალის ლარში გამოხატული მნიშვნელობა მაინც გაიზრდებოდა. შესაბამისად, ვალის ზრდა არა დიდი მასშტაბებით ახალი ვალდებულებების აღებამ, არამედ აკუმულირებული ნაშთის გაზრდილი კურსით გადაანგარიშებამ გამოიწვია. მაგალითად, როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2014 წლის ბოლოდან 2015 წლის ბოლომდე საგარეო ვალი ლარში ერთბაშად 2.5 მლრდ-ით გაიზარდა მაშინ როცა ვალდებულებების წმინდა ზრდამ 2015 წელს მხოლოდ 694 ათასი ლარი შეადგინა დარჩენილი სხვაობა ნაზრდში მნიშვნელოვანწილად სწორედ უკვე აკუმულირებული ვალის გადაანგარიშებამ (საკურსო სხვაობა) გამოიწვია. რაც შეეხება უშუალოდ ვალუტის კურსის ცვლილებას, მოცემულ პერიოდში არსებითად გაიზარდა თავისთავად დოლარის ინდექსი, რაც მსოფლიოს მასშტაბით ყველა ვალუტასთან მის გამყარებაში აისახა. გარდა დოლარის გამყარების პირდაპირი გავლენისა აღსანიშნავია ირიბი ეფექტიც, კერძოდ, როდესაც საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები უფასურდება, ეს საქართველოს საგარეო ვაჭრობის პირობებს აუარესებს, ზრდის უარყოფით სავაჭრო ბალანსს, რაც თავის მხრივ ლარის კურსის გაუფასურებას უწყობს ხელს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება დოლარის გამყარების გავლენის სრულად აღმოფხვრისა და ლარის კურსის არსებულ ნიშნულზე შენარჩუნების შესაძლებლობას მოკლებული იყო. ვალუტის შემომავალ ნაკადებზე და შესაბამისად ლარის კურსზე უარყოფითად აისახებოდა ზოგადად რეგიონსა და პარტნიორ ქვეყნებში არსებული რთული ვითარებაც. საგარეო ფაქტორებზე ხელისუფლება ასევე ვერ იქონიებდა არსებით გავლენას. თუმცა, ლარის კურსზე დამატებითი წნეხის შექმნას მთავრობის ცალკეულმა ქმედებებმაც (ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, სავიზო რეჟიმის გამკაცრება რიგ ქვეყნებთან, სახელმწიფო ფინანსების არათანაბარი ხარჯვა და სხვა) შეუწყო ხელი (იხ. ბმული 1; ბმული 2). 2012 წლის დეკემბრის მდგომარეობით, აკუმულირებული ვალის ნაშთის საკურსო ცვლილების ეფექტის გამორიცხვით, მშპ-ს ზრდის ტემპის გათვალისწინებით გაიზრდებოდა შიდა ვალის ფარდობა მშპ-სთან, თუმცა გარკვეულწილად შემცირდებოდა საგარეო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი. 2012 წელთან მიმართებით 2017 წლის ნომინალური მშპ 45.38%-ით არის გაზრდილი, მაშინ როცა ამავე პერიოდში საგარეო ვალის წმინდა ნაზრდი მხოლოდ 44.35%-ია. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, 2013-2017 წლებში ეკონომიკა გაიზარდა უფრო მაღალი ტემპით ვიდრე საგარეო ვალი, შესაბამისად, 2012 წლის დეკემბრის მდგომარეობით აკუმულირებული ვალის ნაშთის საკურსო ცვლილების ეფექტის გარეშე საგარეო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-სთან შემცირდებოდა.
ცხრილი 1: სამთავრობო ვალი საკურსო ცვლილების გამორიცხვით (ათასი ლარი)
პერიოდი | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
მთავრობის საგარეო ვალი | 6,622 | 6,748 | 7,281 | 7,975 | 8,687 | 9,559 |
წმინდა ნაკადები | - | 126 | 533 | 694 | 712 | 872 |
საგარეო ვალი მშპ-სთან | 25.31% | 25.13% | 24.98% | 25.11% | 25.53% | 25.13% |
მთავრობის შიდა ვალი | 1,896 | 2,010 | 2,548 | 2,828 | 3,171 | 3,535 |
შიდა ვალი მშპ-სთან | 7.24% | 7.49% | 8.74% | 8.90% | 9.32% | 9.29% |
მთავრობის მთლიანი ვალი | 8,518 | 8,758 | 9,828 | 10,803 | 11,858 | 13,095 |
მთლიანი ვალი მშპ-სთან | 32.55% | 32.62% | 33.72% | 34.02% | 34.85% | 34.42% |
როგორც ცხრილიდან ჩანს, საგარეო ვალის ფარდობითი წილის შემცირება სრულად ვერ დააბალანსებდა შიდა ვალის ზრდით გამოწვეულ ეფექტს და მთლიანი სამთავრობო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-სთან 1.87 პუნქტით, 34.42%-მდე გაიზრდებოდა.