დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა სავალდებულოა 40 წლამდე დასაქმებულისთვის, ხოლო ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულისთვის და დასაქმებულისთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა 40 წელი.

დაგროვებით საპენსიო სისტემაში ავტომატურად ერთვება ყველა დაქირავებით დასაქმებული, გარდა იმ პირებისა, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალების შემთხვევაში 55 წელი). დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვაზე უარის თქმა შეუძლია დასაქმებულს, რომელსაც კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა 40 წელი. ამისთვის მან წერილობით უნდა მიმართოს საპენსიო სააგენტოს, სქემაში ავტომატურად გაწევრიანებიდან არანაკლებ 5 თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის რჩება საპენსიო სქემის მონაწილედ. თუმცა, დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებიდან მინიმუმ 3 თვე უნდა იყოს გასული, რომ ის სქემიდან გავიდეს.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა გულისხმობს 6%-იან კონტრიბუციას. კერძოდ, დასაქმებული ყოველთვიურად ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს დასაბეგრი ხელფასის 2%-ს, დამსაქმებელი ასევე 2%-ს, 2% კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ემატება. თვითდასაქმებულს საპენსიო ანგარიშზე შეაქვს შემოსავლის 4%, სახელმწიფოს თანამონაწილეობა კი, ამ შემთხვევაშიც 2%-ია. თუ დასაქმებულის ხელფასი ან თვითდასაქმებულის შემოსავალი წლიურად 24 000 ლარს აღემატება, სახელმწიფოს თანამონაწილეობა 1%-მდე მცირდება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპენსიო შენატანი არ დაერიცხებათ საპენსიო სქემის იმ მონაწილეებს, ვისი ხელფასი/შემოსავალი წლიურად 60 000 ლარს აღემატება.

საპენსიო სქემის მონაწილეს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხა შეუძლია მიიღოს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ. მონაწილეს შეუძლია მიიღოს დაგროვებული თანხა ყოველთვიურად, ასევე შეუძლია დანაზოგის ერთიანად გატანა. აქვე აღსანიშნავია, რომ შესაძლებლობების შეზღუდვის (შშმ პირის სტატუსის მიღების) შემთხვევაში, მონაწილეს შეუძლია საპენსიო ასაკის მიღწევამდე მოითხოვოს პენსია. მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში კი, საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხა გადაეცემა მის მემკვიდრეს.

აქვე აღსანიშნავია, რომ დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე, საპენსიო ასაკში მის მიერ დაზოგილ პენსიასთან ერთად, ასევე მიიღებს იმ დროისთვის არსებულ სოციალურ პენსიასაც.

უახლოეს მომავალში შეიქმნება სსიპ საპენსიო სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირებას და მართვას. საპენსიო აქტივები შეიძლება განთავსდეს ფულად სახსრებში, მათ შორის კომერციულ ბანკებში, სახელმწიფოს ფასიან ქაღალდებში, სასესხო ფასიან ქაღალდებში, საწარმოთა აქციებში და სხვა. საპენსიო აქტივების მმართველ კომპანიებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო შეარჩევს.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის რისკები

დღეს არსებული სოციალური საპენსიო სისტემის მდგრადობა გრძელვადიან პერიოდში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რადგან საქართველო დაბერებადი ერია და ყოველწლიურად იზრდება პენსიონერთა რიცხვი. შესაბამისად, იზრდება საბიუჯეტო ხარჯები. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, მთლიანი ხარჯების დაახლოებით 18% (მილიარდ 700 მლნ) საპენსიო უზრუნველყოფაზე იხარჯება.

ჩნდება კითხვა, არის თუ არა გამოსავალი სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემის დანერგვა? დღეს ქვეყანაში არ არსებობს სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის წარმატებისთვის აუცილებელი პირობები: დაქირავებით დასაქმების და შემოსავლების (საშუალო ხელფასის) მაღალი მაჩვენებლები, ასევე განვითარებული კაპიტალის ბაზარი.

აღნიშნული რეფორმა შეეხება მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს. საქსტატის 2017 წლის მონაცემებით, მილიონ 706 ათასი ადამიანია დასაქმებული. აქედან, დაახლოებით 52% (881.6 ათასი ადამიანი) თვითდასაქმებულია. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, თვითდასაქმებულების დიდი ნაწილი თავს უმუშევრად მიიჩნევს, ამასთან მათ როგორც წესი, სტაბილური და ყოველთვიური შემოსავალი არ აქვთ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი უმეტესი ნაწილი საპენსიო სქემაში ვერ ჩაერთვება. დაქირავებით დასაქმებულია მხოლოდ 824.2 ათასი ადამიანი, მათგან მხოლოდ 372.7 ადამიანია 40 წლამდე, რაც დასაქმებულების მხოლოდ 21.8%-ია.

დასაქმებულთა საშუალო ხელფასის მიხედვით, 6%-იანი კონტრიბუციით მოსახლეობა სავარაუდოდ ვერ შეძლებს მაღალი დანაზოგების შექმნას. საქსტატის მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასის დაუბეგრავი მოცულობა 940 ლარია. ჩვენ გამოვიყენეთ GALT&TAGGART-ის მიერ შექმნილი დაგროვებითი პენსიის კალკულატორი. პირობითად, ავიღოთ დასაქმებული, რომლის ყოველთვიური ხელფასი 1 000 ლარია (დაუბეგრავი), 30 წლიანი დანაზოგის შემდეგ (რომელსაც ემატება საპროცენტო შემოსავლი), მისი ყოველთვიური პენსია 15 წლის განმავლობაში, დაახლოებით 476 ლარი იქნება. გაანგარიშებისას აღებულია ინფლაციის 3%-იანი მაჩვენებელი. ასევე, გაკეთებულია დაშვება, რომ წლიური ხელფასი 3 წელიწადში ერთხელ 10%-ით გაიზრდება.

აღნიშნული რეფორმა დამატებითი საგადასახადო ტვირთი იქნება როგორც დასაქმებულისთვის, ასევედამსაქმებლისთვის. საპენსიო შენატანი, მისი ოფიციალური განმარტებით (სავალდებულო, უპირობო შენატანი ბიუჯეტში), არ არის გადასახადი, რადგან ის პირად ანგარიშზე გროვდება, რომელიც საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უკან გვიბრუნდება. თუმცა, რადგან საპენსიო შენატანი სავალდებულოა დასაქმებულისთვისაც და დამსაქმებლისთვისაც, ირიბად დამატებითი გადასახადი გამოდის. აქვე აღსანიშნავია, დამსაქმებლისთვის ეს არის უპირობო გადასახადი, განსხვავებით დასაქმებულისგან, რომელსაც უკან უბრუნდება აღნიშნული თანხა. აღნიშნულმა რეფორმამ შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო ძალის გაძვირება. ამასთან, დამატებითი გადასახადი, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს არაფორმალური შრომითი გარიგების შემთხვევების ზრდას.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა საწყის ეტაპზე გაზრდის საბიუჯეტო ხარჯებს, რადგან სახელმწიფო თანამონაწილეობს საპენსიო შენატანებში. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საპენსიო სააგენტოს პირველი 3 წლის ბიუჯეტი 100%-ით დაფინანსდება.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა შეისწავლა საპენსიო სისტემის რეფორმის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება. ანგარიშის თანახმად, გამოკითხულთა 88% არ ეწინააღმდეგება დაგროვებით საპენსიო სისტემას, თუმცა მათი 64% ემხრობა იმას, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა იყოს ნებაყოფლობითი.

ერთის მხრივ, თუ დაგროვებითი საპენსიო სისტემაში მონაწილეობა იქნებოდა ნებაყოფლობითი, მოსახლეობის ჩართულობა სქემაში კიდევ უფრო მცირე იქნებოდა, რაც სისტემის მდგრადობას ვერ უზრუნველყოფდა. თუმცა, მეორეს მხრივ, იყო სხვა არჩევანიც, სახელმწიფოს შეეძლო წაეხალისებინა მოსახლეობა საპენსიო სქემაში ჩართვისთვის, მაგალითად, საშემოსავლო გადასახადის შემცირებით. ამ შემთხვევაში, დაგროვებითი საპენსიო სისტემა იქნებოდა ნებაყოფლობითი, დასაქმებულს სისტემაში ჩართვის მოტივაციაც ექნებოდა და არ იქნებოდა დამატებითი საგადასახადო ტვირთი.

თეგები: