ცნობილი ნობელიანტი მეცნიერის, შროდინგერის ექსპერიმენტი გულისხმობდა, რომ ყუთში არის კატა. უცნობია, ცოცხალია თუ არა ის, მაგრამ ცნობილია, რომ ის ყუთშია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კატა ან ცოცხალია, ან არა, მაგრამ არსებობს პასუხი და ამ პასუხს ყუთის გახსნის შემთხვევაში გავიგებთ.

ეს ექსპერიმენტი რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობის სხდომაზე მომხდარმა ფაქტმა გაგვახსენა - 2018 წლის 31 ივლისს, თორნიკე რიჟვაძის თავმჯდომარეობით მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა. რეგიონის პირველმა პირმა ხისტი გადაწყვეტილება მიიღო და ათი წლის წინ მიღებული კანონი აამოქმედა - სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაატარა. ამდენად, ჩვენ გვეცოდინება, რომ სხდომა ჩატარდა და ისაუბრეს, რაღაცაზე. არ გვეცოდინება - რაზე, მაგრამ სხდომის მერე რაღაცას გვეტყვიან.

მიმდინარე წლის 21 ივლისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას თორნიკე რიჟვაძე შეუდგა, ოთხი მინისტრიდან ორი შეცვალა და თითქოს არაფერი რეზონანსული არ გაუკეთებია. მედიის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ დაიმსახურა, როცა თქვა, რომ ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს,ოღონდ ქართული ფულით.

საზოგადოების მხრიდან ამ საკითხზე დამატებითი კითხვების გაჩენის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა,რომ მეჩეთის მშენებლობა საერთო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე უნდა დაიწყოს და ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღწეული არ არის. „ახალი მეჩეთის მშენებლობა ჯერ არ იგეგმება“ - ასე შეფასა თორნიკე რიჟვაძის ეს განცხადება აჭარის ტელევიზიის რეპორტირომა, რის გამოც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მთავრობის პრეს-სამსახურმა, „ბათუმელებთან“ საუბარში, არასწორ ინტერპრეტაციაში დასდო ბრალი.

როგორც ჩანს, თავისი განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ზედმეტი მითქმა-მოთქმისა და განხილვისგან დაცვა მთავრობის თავმჯდომარემ სხდომის დახურვით სცადა. სხდომის შემდეგ კი განაცხადა, რომ მთავრობის სხდომამდე და მას შემდეგ მთავრობას აქტიური კომუნიკაცია ექნებათ ჟურნალისტებთან. „მე ვაპირებ, რომ ინტენსიურად მქონდეს მთავრობის სხდომები და თვეში მინიმუმ ერთხელ მაინც ჩატარდეს“ - დაამატა თორნიკე რიჟვაძემ, თუმცა ეს ფრაზა თავისთავად ბადებს დამატებით კითხვებს.

„ჩემთვის კომფორტული იყო ასეთ სამუშაო რეჟიმში მედიის გარეშე შეხვედრა. ცოტა უჩვეულო არის ჩემთვის კამერების წინ განვიხილო საკითხები. აუცილებლად მეც შევეჩვევი სამომავლოდ და აქვე მოგიწოდებთ, რომ თქვენგანაც მაქსიმალური კომფორტი და ხელშეწყობა იყოს, რომ მე მაქსიმალურად შევძლო საზოგადოებისთვის განსახილველი საკითხების მიწოდება“ - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ახალმა მინისტრმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერმა მალხაზ ჭკადუამ აჭარის ტელევიზიასთან კომენტარში აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როცა ვსაუბრობთ ღია მმართველობასა და გამჭვირვალობაზე, მსგავსი ნაბიჯით მივიღებთ საპირისპიროს.

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილების სამართლებრივი ფონიც მიმოეხილა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის მეოთხე მუხლში წერია, რომ მთავრობის სხდომა დახურულია და მისი საჯაროობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. აქამდე დამკვიდრებული პრაქტიკით, მთავრობა იღებდა სხდომის საჯაროდ ჩატარების გადაწყვეტილებას, თუმცა ყოველთვის ჰქონდა უფლება ის დაეხურა. აღნიშნული დოკუმენტი 2008 წლის 26 აგვისტოსაა მიღებული, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში. რეგლამენტი განსაზღვრავს იმასაც, რომ სხდომის საჯაროობის შემთხვევაში არ უნდა იქნეს განხილული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საკითხები.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტს მიღებულ N54 დადგენილებაში წერია, რომ სხდომის საჯაროობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. ეს ნიშნავს, რომ სხდომის დახურვის უფლება საქართველოს მთავრობასაც აქვს.

სწორედ ლევან ვარშალომიძის დროს, 2008 წელს, მიღებული რეგლამენტი მოიშველია აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „ბათუმელებთან“ საუბარში. მან აღნიშნა, რომ მთავრობაა უფლებამოსილი გადაწყვიტოს სხდომა დახურული იქნება თუ საჯარო და თითოეული სხდომის წინ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, „რამდენი წუთი იქნება ღია ჟურნალისტებისთვის“. „ბათუმელების“ სტატიაში აღნიშნულია, რომ რეგლამენტის მიღების შემდეგ სხდომის დახურვის უფლებით, ფაქტობრივად, არცერთ მთავრობას არ უსარგებლია.

ამავე თემაზე საუბრობს გიორგი კირთაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ის ხაზს უსვამს, რომ რეგლამენტი ამ ფორმით მიღებულია 2008 წლის აგვისტოში და შესაძლოა მაშინდელი საომარი მდგომარეობა ამართლებდა რეგლამენტში მოცემული ჩანაწერის არსებობას, მაგრამ ვერ იხსენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარებულიყო. ამასთან, გიორგი კირთაძე აღნიშნავს, რომ მართალია ცუდია, როდესაც მთავრობის სხდომა დახურულად ტარდება და ორმაგად ცუდია, როცა პირველი სხდომაა დახურული, მაგრამ ეს არ იქნებოდა ტრაგიკული, რომ იყოს კონტექსტიდან ამოვარდნილი ნაბიჯი. გიორგი კირთაძე რეგიონში მმართველობის გამჭვირვალობის პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის „არასაჯაროობის“ მიმართულებით.

რიჟვაძის განცხადებაში მეორე პრობლემაც იკვეთება. მთავრობის თავმჯდომარემ პირობა დადო, რომ სხდომა ჩაატაროს თვეში ერთხელ მაინც. არადა, აჭარის ა/რ მთავრობის იმავე რეგლამენტის იმავე მუხლში, რომლითაც სხდომის თავმჯდომარემ იხელმძღვანელა სხდომის დასახურად, წერია, რომ მთავრობის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც, ანუ თორნიკე რიჟვაძე უბრალოდ რეგლამენტის არდარღვევას დაგვპირდა (საინტერესოა მისი წინამორბედი არღვევდა და ამიტომ დადო ეს პირობა?!). მეტიც, ეს ჩანაწერი მე-17 მუხლის მე-2 პუნქტია, ხოლო მთავრობის სხდომის დახურვა - მე-4 პუნქტის მიხედვითაა შესაძლებელი. შეიძლება ვიფიქროთ, რომ თორნიკე რიჟვაძემ იურისტებს სთხოვა საკუთარი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით გამოწვეული აჟიოტაჟის თავიდან ასაცილებელი მეთოდისთვის მიეგნოთ და ამ თხოვნის პასუხად იურიდიულმა სამსახურმა კარგად დავიწყებული კანონი გაიხსენა.

თეგები: