ვერდიქტი: „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის 9 ივნისიდან 13 ივლისამდე, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 43 ადამიანი დაშავდა და ხუთი გარდაიცვალა. გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების გამოსავლენად „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ“ ვაზიანი-გომბორი-თელავის გზა შეისწავლა. 25 ივლისს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, გომბორის გზაზე საგზაო ინფრასტრუქტურა არასწორად არის მოწყობილი, გზა ხევში გადავარდნის ხელშემწყობ ფაქტორს ქმნის. არასაკმარისია და არასათანადოდ არის განთავსებული საგზაო ნიშნები, ასევე, სუსტია საპოლიციო კონტროლი.
ანალიზი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განცხადებით, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, „ერთ თვეში დასახიჩრდა 40-ზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა ოთხი, მათ შორის მცირეწლოვანი. თუ რამდენიმე წლის სტატისტიკას გადავხედავთ, ის აშკარად შემზარავი იქნება. ინფრასტრუქტურულად რაღაც ვერ არის წესრიგში იქ“. მისივე თქმით, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე სატვირთოებისა და ავტობუსების მოძრაობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე, დროებით უნდა აიკრძალოს. გომბორის უღელტეხილზე, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის პიკი, ზღვის დონიდან 1 620 მეტრზე მდებარეობს. აღნიშნულ გზას სარეაბილიტაციო სამუშაოები 2009 წელს ჩაუტარდა. ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე 13 ივლისს, გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. პირველ ივლისს, სოფელ თეთრიწყლებთან ტურისტებით სავსე ავტობუსი გადატრიალდა, რის შედეგადაც 20-მდე ადამიანი დაშავდა. 9 ივნისს, ასევე თეთრიწყლებთან, სასკოლო ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი სიმაღლიდან გადავარდა. მაშინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 23 ადამიანი და გარდაიცვალა - ოთხი, მათ შორის ერთი ბავშვი. აქვე აღსანიშნავია, რომ 17 თებერვალს გზის ამავე მონაკვეთზე საწვავმზიდი გადაბრუნდა და აფეთქდა. აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ“ გომბორის გზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა. 25 ივლისს გამოქვეყნებულ დასკვნაში სპეციალისტების მიერ არაერთი დარღვევაა დასახელებული. მათი დასკვნით, თბილისიდან გომბორის მიმართულებით, გადასახვევთან, წრიული მოძრაობის ინფრასტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ შეუძლებელია გზის ამ მონაკვეთის გავლა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გარეშე. არსებული მონიშვნა საფრთხის შემცველია საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილისთვის. ასევე, სპეციალისტები დასკვნაში გზის მე-16 და მე-17 კილომეტრებზე არსებულ წყვეტილ ხაზს უთითებენ, რომელიც დახაზულია მკვეთრ სახიფათო მოსახვევებში - „ანუ საგზაო მონიშვნა გასწრების ნებას რთავს სატრანსპორტო საშუალებას იქ, სადაც საპირისპირო მიმართულებიდან მოძრავი ავტომობილი საერთოდ არ ჩანს, 50-100 მეტრის დაშორებითაც კი“. დასკვნის თანახმად, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე პოლიციის მიერ საერთოდ არ წარმოებს სიჩქარის კონტროლი. არსად გვხვდება კამერები და რადარები. საპოლიციო კონტროლი სუსტია, რის გამოც, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა უმრავლესობა, რეაგირების გარეშე რჩება. უსაფრთხოების არანაირი ზომა არ არის მიღებული მეწყერსაშიშ ადგილებზე. ამასთან, მეწყრულ ადგილას გზა ჩაწეულია, რაც წარმოქმნის ტალღოვან ზედაპირს და ართულებს საჭის დამორჩილებას. გომბორის გზის მთელ მონაკვეთზე, საერთოდ უგულებელყოფილია ქვეითთა არსებობა და იქ მოწყობილი „ქვეითთა გადასასვლელები“ არ შეესაბამება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას. გარდა ამისა, გზაზე საგზაო მონიშვნები აღარ აღიქმება. საგზაო ნიშნები საერთოდ არ არის განთავსებული გზის მნიშვნელოვან მონაკვეთებზე, რაც მძღოლს აუცილებელი ინფორმაციის გარეშე ტოვებს. ზოგიერთ ადგილას საგზაო ნიშანი გზის მარცხენა მხარეს არის განთავსებული, ნაცვლად მარჯვენა კიდისა. არ არის გათვალისწინებული „ვირაჟი“ (გზის შიგნით დახრა), რაც ავტომობილებისთვის ხევში გადავარდნის რისკს ზრდის. გზაზე არსად არის მოწყობილი შემაღლებული ჩიხი ავარიული სიტუაციის პრევენციისთვის, რაც ასეთი ტიპის გზისთვის აუცილებელია. „ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 12 რეკომენდაციით მიმართავს. ერთ-ერთი რეკომენდაცია გომბორის გზაზე ე.წ. „შავი წერტილის“ ზონების აღმნიშვნელი დაფების განთავსებაა. ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განმარტებით, ტერმინში „შავი წერტილი“ გზის ის კონკრეტული მონაკვეთები იგულისხმება, სადაც დროის მოკლე პერიოდში ბევრი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ხდება, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 50-ე კილომეტრი კი ზუსტად ასეთი ადგილია: „ევროპის კავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს პრაქტიკა გვეუბნება, რომ თუ ორი თვის განმავლობაში, გზის ერთსა და იმავე მონაკვეთზე ხდება თუნდაც სამი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, მას ენიჭება „შავი წერტილის“ სტატუსი. ექსპერტთა ჯგუფი სწავლობს პრობლემატურ ადგილებს და გეგმავენ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს. ასეთმა მიდგომამ ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს მოუტანა დადებითი შედეგი. ჩვენი გათვლით, საქართველოში მხოლოდ „შავი წერტილების“ მოწესრიგებით, შესაძლებელი გახდება გარდაცვლილებისა და დაშავებულების რიცხვის შემცირება 20-30%-ით“. „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ მიერ მომზადებულ დასკვნაში გომბორის გზაზე 2015-2017 წლებში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზეც არის საუბარი. დასკვნის თანახმად, 2017 წლის 16 ოქტომბერს, კახეთის გზატკეცილზე, გომბორის გადასახვევთან, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაიღუპა ორი ადამიანი, დაშავდა შვიდი ადამიანი. გადასახვევთან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა 2015 წელსაც, რომლის შედეგადაც, დაშავდნენ მიკროავტობუსის მგზავრები. 2017 წლის 12 ივლისს, გომბორის გზაზე, ავტომობილი, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა - მძიმედ დაშავდა ერთი მამაკაცი. 2017 წლის 9 ნოემბერს, გომბორის უღელტეხილზე ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილების შეჯახების შედეგად, დაიღუპა ორი და დაშავდა სამი ადამიანი. 2016 წლის 22 იანვარს, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა ოთხი მგზავრი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი. 2016 წლის 15 ივლისს, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა, შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი. 2016 წლის 26 ოქტომბერს, უხვი ნალექის მიზეზით, მოყინულ გზაზე მოცურდა მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ხუთი მგზავრი იმყოფებოდა და ჯებირს შეეჯახა, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა 2015 წელსაც, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.