ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ოთარ დანელიას განცხადება არის სიმართლე.
წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო
რეზიუმე: ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს საქართველოდან 76.7 მლნ ბოთლი (0.75 ლიტრი) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემს. საანგარიშო პერიოდში, ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა კი, 170 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 49%-ით მეტია, 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემებით, 38.2 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული და მიღებულმა შემოსავალმა 90 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. არსებული მაჩვენებლები, წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს, შესაბამისად, 21%-ით და 28%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ ღვინის ყველაზე მსხვილ ექსპორტიორ ქვეყნად, კვლავ, რუსეთი რჩება. მთლიანი ექსპორტის 62% რუსეთზე მოდის.
ანალიზი პარლამენტის სხდომაზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ, ყურადღება ქართული ღვინის გაზრდილ ექსპორტზე გაამახვილა და განაცხადა: „საკმაოდ დიდი იყო ღვინის ექსპორტი 2017 წელს. 76 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას ეს რიცხვები არ ახსოვს“. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში, 76.7 მლნ ბოთლი (0.75 ლიტრი) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. 2017 წელს სულ 170 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინოა ექსპორტირებული. ზრდამ, 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 49% შეადგინა. ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 43% (7 585 407 ბოთლი), რუსეთი - 76% (47 778 920 ბოთლი), უკრაინა - 46% (8 502 554 ბოთლი), პოლონეთი - 15% (2 676 440 ბოთლი), ლატვია - 20% (1 505 138 ბოთლი), ბელარუსი - 56% (1 827 130 ბოთლი), აშშ - 56% (457 920 ბოთლი), გერმანია - 38% (404 538 ბოთლი) და სხვა.
ქართული ღვინის საექსპერტო ბაზრის ყველაზე მსხვილი ხუთეული ასეთია: რუსეთი - 62.2%, უკრაინა - 11%, ჩინეთი - 9.8%, ყაზახეთი - 4.3% და პოლონეთი - 3.4%. 2017 წელს, ღვინის ექსპორტი ჯამში 250-მდე კომპანიამ განახორციელა.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის ექვს თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 38.2 მლნ ბოთლი (0.75 ლიტრი) ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 21%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 90.3 მლნ აშშ დოლარია. ამ მიმართულებით ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28% შეადგინა. 2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემით, ღვინის ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: იაპონია - 200% (130 628 ბოთლი), ჩეხეთი - 134% (30 456 ბოთლი), ყირგიზეთი - 81% (140 370 ბოთლი), სამხრეთ კორეა - 78% (31 650 ბოთლი), ნიდერლანდები - 68% (38 799 ბოთლი). ქართული ღვინის საექსპერტო ბაზრის ყველაზე მსხვილი ხუთეული კი ასე გამოიყურება: რუსეთი - 62.8%, უკრაინა - 10.9%, ჩინეთი -7.8%, ყაზახეთი - 4.3% და პოლონეთი - 4.1%.ცხრილი 1: ღვინის ექსპორტი 2010-2018 წლებში, მლნ ბოთლი (0.75 ლიტრი)
წელი |
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2017 (6 თვ) |
2018 (6 თვ) |
ოდენობა |
15 |
19 |
23 |
46 |
59 |
36 |
50 |
76 |
30 |
38 |
გრაფიკი 1: ღვინის ექსპორტი 2010-2018 წლებში (მლნ აშშ დოლარი) წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო
ბოლო წლებში, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ან კლება მნიშვნელოვნად, სწორედ, რუსეთის ფაქტორზეა დამოკიდებული. ასე მოხდა 2013-2014 წლებში, როდესაც ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად იმის ხარჯზე გაიზარდა, რომ რუსეთმა 2013 წლის ივნისში, ქართულ ღვინოზე დაწესებული ემბარგო გააუქმა. 2014 წელს რუსეთში 37 615 052 ბოთლი ღვინო გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 63% იყო. 2015 წელს, ასევე, რუსეთის ფაქტორმა განაპირობა ქართული ღვინის ექსპორტის კლება. რუსეთსა და უკრაინაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა, მნიშვნელოვნად აისახა ქართული ღვინის ექსპორტზე. 2015 წელს რუსეთში ექსპორტი 51%-ით, უკრაინაში კი, 56%-ით შემცირდა, რამაც ღვინის მთლიანი ექსპორტის 39%-იანი კლება გამოიწვია. რუსეთი ქართული ღვინის ექსპორტისთვის საკმაოდ არასტაბილური ბაზარია. ამის სადემონსტრაციოდ ის ფაქტიც კმარა, რომ ერთი კვირის წინ, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა ორგანომ, „როსპოტრებნადზორმა“, გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ ქართული ალკოჰოლური სასმელების შემოწმება დაიწყეს და ნაწილმა ხარისხის კონტროლი ვერ გაიარა. ამის გამო, მიმდინარე წელს, 16 000 ლიტრი ქართული ალკოჰოლური პროდუქცია ქვეყანაში არ შეუშვეს. განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული ალკოჰოლური პროდუქციის კონტროლი გამკაცრდება. აქედან გამომდინარე, მართალია, ბოლო წლებში ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ქვეყანაში ხორციელდება და ახალი ბაზრების ათვისება ხდება, თუმცა ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად და პოპულარიზაციისთვის კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ისეთ არასტაბილურ ბაზარზე, როგორიც რუსული ბაზარია.