ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, გურჯაანის მერის განცხადება არის სიმართლე.   რეზიუმე: ფერმერების ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ხილის ბაზარზე, ერთი კილოგრამი ატმის საბითუმო ფასი, ხარისხისა და ჯიშის მიხედვით, 50 თეთრიდან იწყება და ერთ ლარამდე მერყეობს. ჭარბი მოსავლის გამო, გასულ წელს, ერთი კილოგრამი ხარისხიანი ატმის გასაყიდი ფასი 10 თეთრიდან იწყებოდა, თუმცა ფერმერებს მისი რეალიზაცია მაინც უჭირდათ და ატამს ყრიდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე, კახეთის რეგიონში ატმის საპროგნოზო მოსავლის რაოდენობა 36 600 ტონას შეადგენს, საიდანაც ატმის წილი 23 600 ტონა, ხოლო ვაშლატამასი - 13 000 ტონაა. 2017 წელს, კახეთის რეგიონში მოსავლის რაოდენობამ 37 720 ტონა შეადგინა, აქედან 24 138 ტონა ატამის, ხოლო 13 582 ტონა, ვაშლატამას მოსავალი იყო.

  ანალიზი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, „წინა წლის მონაცემებით, ატმის ფასი 15-დან 60 თეთრამდე მერყეობდა, წელს კი 50 თეთრიდან ლარამდე ღირს“.

14 ივნისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის მწარმოებელ ფერმერებს, ექსპორტიორებს და გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კახეთის რეგიონში საპროგნოზო მოსავლის რაოდენობა 36 600 ტონას შეადგენს, საიდანაც ატმის წილი 23 600 ტონა, ხოლო ვაშლატამასი -13 000 ტონაა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წელს, კახეთის რეგიონში მოსავლის რაოდენობამ 37 720 ტონა შეადგინა, აქედან 24 138 ტონა ატმის, 13 582 ტონა კი ვაშლატამას მოსავალი იყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით,

 მიმდინარე წლის 5 ივლისის მდგომარეობით, ექსპორტირებული ატმის რაოდენობამ 4 400 ტონა შეადგინა, ხოლო ერთი კილოგრამი ატმის საბითუმო ფასი 70-დან 80 თეთრამდე მერყეობს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ექსპორტირებული ატმის რაოდენობა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3.5 ათასი ტონით (ხუთჯერ) აღემატება. ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (66.5%), სომხეთის რესპუბლიკაში (16.1%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (14.6%), ასევე, უკრაინაში, ყაზახეთში, ყატარსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებში ხორციელდება.

რაც შეეხება 2017 წლის მონაცემებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,

 5 ივლისის მდგომარეობით, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას საერთო რაოდენობამ  866,7 ტონა, ხოლო ღირებულებამ - 957,9 ათასი ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს, ერთი კილოგრამი ხარისხიანი ატმის გასაყიდი ფასი 10 თეთრიდან იწყებოდა, თუმცა ფერმერებს მისი რეალიზაცია მაინც ძალიან უჭირდათ და ატამს ყრიდნენ.

კახელი მებაღეების განმარტებით, შარშანდელთან შედარებით, წელს ატმის რაოდენობა შემცირდა. ამის მიზეზად ისინი გაზაფხულზე არსებულ სიცივეებს ასახელებენ და ამბობენ, რომ შესაბამისად, ფასების ზრდამ თავის მაქსიმუმს მიაღწია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ხილის ბაზარზე, ერთი კილოგრამი ატმის საბითუმო ფასი ხარისხისა და ჯიშის მიხედვით, 50 თეთრიდან იწყება და ერთ ლარამდე მერყეობს. „ვაშლატამა 70 - 80 თეთრადაც იყიდება, ატამი 50 თეთრი და ლარიც ღირს. თუ ეს ფასები დაიჭირა სოფლის მეურნეობა ცოტა ამოიწევს“ - ამბობს შალვა შოშიაშვილი.

გურჯაანში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის, ვანო ბასილაშვილის განმარტებით, წელს ატამი და ვაშლატამა ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გავა და მებაღეებს მოსავლის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ. რაც შეეხება ფასს, მისი თქმით, ბაზარი არეგულირებს და ხელისუფლება ვერ ჩაერევა.

„ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩუმლაყში აქამდე თუ ერთი მაცივარი მოქმედებდა, მას დაემატა ხუთი მაცივარი, რომელიც უახლოეს დღეებში ამუშავდება“ - უთხრა ფაქტ-მეტრს ვანო ბასილაშვილმა.