2018 წლის 12 ივლისს ფაქტ-მეტრმა აღმოაჩინა, რომ ბათუმში, წერეთლის ქუჩის დასაწყისში, ხალხმრავალ ადგილას, რამდენიმე სათამაშო აპარატი პირდაპირ ქუჩაში იდგა. გარდა იმისა, რომ ეს აშკარა კანონდარღვევაა, სათამაშო აპარატები ხელმისაწვდომი იყო არასრულწლოვანი მოქალაქეებისთვისაც. იმისთვის, რომ ადვილად შესამჩნევი არ ყოფილიყო, აპარატებსა და საავტომობილო ქუჩას შორის მეპატრონეს მოწყობილი ჰქონდა აფრისის (ე.წ. ბრეზენტის) კედელი.
სათამაშო აპარატების განთავსების წესი განსაზღვრულია საქართველოს კანონში „ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“. ამ კანონის მიხედვით, სათამაშო აპარატი არის მექანიკური ან ელექტრომექანიკური მოწყობილობა, ან სხვა სპეციალიზებული მოწყობილობა, მათ შორის, აზარტული თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში განთავსებული კომპიუტერი და/ან მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში აზარტული თამაშობებისთვის განთავსებული კომპიუტერი, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა ან/და მექანიზმი, რომელიც იძლევა ფულად მოგებას ან ფულადი მოგების განსაზღვრის საშუალებას.
კანონის III თავის მე-20 მუხლის მიხედვით, ეს აპარატები სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში უნდა განთავსდეს და გარედან არ უნდა ჩანდეს (მოწყობისა და განთავსების წესების დაწვრილებით სანახავად იხ. მითითებული კანონი).
ფაქტ-მეტრის მიერ გადაღებულ ფოტოზე აშკარად ჩანს, რომ ეს წესი უგულებელყოფილია.
ჩვენ კანონდარღვევის ფაქტის შესახებ 10 ივლისს ადგილობრივ თვითმმართველობას შევატყობინეთ. ინფორმაცია ავტვირთეთ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის „ფეისბუქის“ გვერდზეც. ეს ინფორმაცია 13 ივლისს კიდევ ერთხელ გავავრცელეთ ფეისბუქის საშუალებით. ბათუმის მერიის პიარსამსახურის ხელმძღვანელი ტელეფონით დაგვიკავშირდა და დაგვპირდა, რომ ამ საკითხს მერთან დააზუსტებდა.
ვინაიდან აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვას გასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური, ფაქტის შესახებ 12 ივლისს ამ უწყებასაც მივწერეთდა ჩვენ მიერ გადაღებული ფოტოც გავუგზავნეთ.
ფაქტ-მეტრმა შემოსავლების სამსახურიდან პასუხი იმავე დღესმიიღო. მათ გვთხოვეს, ზუსტი მისამართი მიგვეწერა. ამის შემდეგ, რამდენიმე საათში, უწყებიდან კვლავ ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ ჩვენი წერილი, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაეგზავნა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
ჩვენ ველოდებოდით, რომ ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახური აღნიშნული ფაქტით მყისიერად დაინტერესდებოდა, თუმცა ობიექტზე არავინ მისულა. ფაქტ-მეტრმა თვითონ სცადა, გაერკვია, ჰქონდა, თუ - არა ნებართვა ობიექტს სათამაშო აპარატების განთავსების შესახებ. ადგილზე მყოფმა პიროვნებამ ვინაობა არ გაგვიმხილა, მხოლოდ გვითხრა, რომ ის უბრალოდ თანამშრომელია და პატრონი თბილისში იმყოფება. მან ასევე განაცხადა, რომ ნებართვის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს. სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
13-14-15 ივლისს, ღამის ათ საათამდე ვაკვირდებოდით სიტუაციას. არც ადგილობრივი თვითმმართველობის და არც შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები სიტუაციის შესასწავლად ადგილზე არ გამოჩენილან. 16 ივლისს, სიტუაციის გარკვევის მიზნით, ადგილზე მივედით. სათამაშო აპარატები აღარ დაგვხვდა. გვერდით მოვაჭრემ გვითხრა, რომ რომელიღაც სამსახურმა მეპატრონეს აპარატები ააღებინა. ჩვენ ფაქტი ბათუმის მერიის პიარსამსახურთან გადავამოწმეთ. მან გვითხრა, რომ თვითმმართველობამ სათამაშო აპარატების მფლობელი მკაცრად გააფრთხილა და აპარატების აღება მოსთხოვა, თუმცა საჯარიმო ან სხვა სახის სანქცია არ გაუტარებია.