ვერდიქტი: „sazogadoeba.ge“-ის მიერ გავრცელებული სტატია არის ყალბი ამბავი. რეზიუმე:
ინტერნეტგამოცემა „საზოგადოებას“ მიერ გავრცელებული სტატია ამტკიცებს, რომ ქალის მემკვიდრეობითობაზე ზემოქმედებას მისი ადრინდელი სექსუალური პარტნიორები ახდენენ, იმის მიუხედავად, თუ ვისგან ეყოლება შვილები მომავალში. აღნიშნული თეორია ტელეგონიის სახელითაა ცნობილი, რომელიც ცრუ მეცნიერებაა და ადამიანებზე არ ვრცელდება (მეცნიერული კვლევების მიხედვით, ცხოველთა სამყაროში მსგავსი პრაქტიკა მხოლოდ ხილის ბუზების შემთხვევაში შეინიშნება, რაც მათი სპეციფიკური მორფოლოგიითა და რეპროდუქციული სტრატეგიით არის განპირობებული).
ტელეგონიის სიყალბეს როგორც გენეტიკური, ასევე ციტოპლაზმური მემკვიდრეობითობის[1]პრინციპები ადასტურებენ. სპერმატოზოიდი ქალის ორგანიზმში საშუალოდ 72 საათს რჩება, რის შემდეგაც კვდება. იმ შემთხვევაში, თუ მან კვერცხუჯრედი ვერ გაანაყოფიერა, სრულად განიდევნება ორგანიზმიდან. რაც შეეხება კვერცხუჯრედის ჩამოყალიბებას, მასში მხოლოდ ქალის გენი მონაწილეობს და ყველანაირი გარეშე ფაქტორის ზემოქმედება გამორიცხულია.
ანალიზი ინტერნეტგამოცემა „საზოგადოებამ“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: „ქალიშვილობა მორალურ-გენეტიკური სისუფთავის ნიშანია“, სადაც ავტორი ტელეგონიის შესახებ საუბრობს და ამტკიცებს, რომ „ქალის მემკვიდრეობითობაზე ზემოქმედებას მისი ადრინდელი სექსუალური პარტნიორები ახდენენ, განსაკუთრებული კი მაინც პირველი მამაკაცია, ის ქმნის ქალის მომავალი შთამომავლობის გენოფონდს, იმისდა მიუხედავად, ვისგან ეყოლება შვილები მომავალში“. აღნიშნული მტკიცების დასტურად, სტატიის ავტორს საქართველოში ინტეგრალური მედიცინის დამფუძნებლის, პროფესორ ზურაბ ქუმსიშვილის მსჯელობა მოჰყავს.
სხვადასხვა კვლევის თანახმად, ეს ყოველივე სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ტელეგონია ადამიანებზე არ ვრცელდება და ფსევდომეცნიერებადაა აღიარებული.
ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის (ავსტრალია) მეცნიერებმა 2014 წელს ხილის ბუზებზე (“Neriidae“-ს სახეობა) დაკვირვება აწარმოეს და დაადგინეს, რომ მდედრი ბუზის განუვითარებელი კვერცხები პირველი პარტნიორის სპერმის მოლეკულებს შეიწოვენ, რაც შთამომავლობაზე ახდენს გავლენას. მიუხედავად ამისა, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ცხოველთა სამყაროში ხილის ბუზები ერთადერთ სახეობას წარმოადგენენ, რომელთა გამრავლებისასაც აღნიშნული შეინიშნება. ზემოთ აღწერილი ტრანსგენერაციული ეფექტი „ნერიდეის“ ბუზების სპეციფიკური მორფოლოგიითა და რეპროდუქციული სტრატეგიითაა განპირობებული.
ადამიანებზე მსგავსი პრაქტიკის გავრცელება მეცნიერულად უარყოფილია.
ქალის ორგანიზმში სპერმა საშუალოდ 72 საათს „ცოცხლობს“ და ამ დროის მანძილზე მხოლოდ ოვულირებული კვერცხუჯრედის განაყოფიერების უნარი აქვს. დანარჩენი კვერცხუჯრედები საკვერცხეშია მოთავსებული და სპერმატოზოიდს მათზე წვდომა არ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ კვერცხუჯრედი ვერ გაანაყოფიერა, ის საკვები მასალის გარეშე რჩება და კვდება. მენსტრუალური ციკლის დროს კი ფოლეკულის ჩამოშლასთან ერთად სრულიად განიდევნება ორგანიზმიდან. შესაბამისად, ქალის ორგანიზმში რაიმე სახის გენეტიკური ინფორმაციის დარჩენა შეუძლებელი და გამორიცხულია. ტელეგონიის თეორიის სიყალბე იმ შემთხვევაშიც დასტურდება, თუ მას არა მხოლოდ გენეტიკური, არამედ ციტოპლაზმური მემკვიდრეობითობის პრინციპით განვიხილავთ. ეს უკანასკნელი ორგანიზმის მატერიალურ სტრუქტურებსა და ფუნქციურ ნიშან-თვისებებს წარმოადგენს, რომელიც ციტოპლაზმური ფაქტორებით გადაიცემა. თუმცა, უჯრედულ დონეზე კვერცხუჯრედის მომწიფებაში მხოლოდ დედის გენი მონაწილეობს, რაც ყველანაირ გარეშე ეფექტსა თუ ჩარევას გამორიცხავს.
ტელეგონიის ფსევდომეცნიერების მიმდევრები თავიანთი არგუმენტების განმტკიცების მიზნით, ხშირად, ქალების ტვინში გენეტიკურად განსხვავებული, კაცებისათვის დამახასიათებელი გენური უჯრედების არსებობაზეც მიუთითებენ. მათი პოზიციის უტყუარობის განმაპირობებელ ფაქტორს არც ეს უკანასკნელი წარმოადგენს. 2005 წელს წარმოებული კვლევის თანახმად, ქალების ტვინში მამაკაცთა გენური უჯრედების არსებობის (შესწავლილი 154 ქალიდან მხოლოდ 21 მათგანს (13.6%-ს) აღმოაჩნდა მსგავსი უჯრედები) მიზეზს ბიჭზე ორსულობა, ემბრიონულ პერიოდში დაღუპული ბიჭი ტყუპისცალის არსებობა ან არასხივური სისხლის გადასხმა წარმოადგენს (კვლევაში მონაწილე ქალებმა დაადასტურეს რომელიმე მათგანის არსებობა). შესაბამისად, ქალის ტვინში არსებული მამაკაცისათვის დამახასიათებელი, გენური უჯრედის არსებობა მის რომელიმე სექსუალურ პარტნიორთან არავითარ კავშირში არ არის.
ამრიგად, ტელეგონია ადამიანებზე არ ვრცელდება და ცრუ მეცნიერებას წარმოადგენს. ვებგვერდ „საზოგადოების“ მიერ გავრცელებული სტატია კი, ყალბი ამბავია.
[1] ტელეგონია მცდარია იმ შემთხვევაშიც, თუ კვერცხუჯრედის ჩამოყალიბებას უჯრედულ დონეზე განვილიხავთ. კვერცხუჯრედის ჩამოყალიბებაში მხოლოდ ქალის გენი მონაწილეობს.