შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის 6 თვეში (იანვარი-ივნისი), 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9 774 დანაშაულით მეტი დარეგისტრირდა. რეგისტრირებულ დანაშაულთა ზრდის ფონზე კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 17.93 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.[1]

გრაფიკი 1: 2015-2018 წლებში, პირველი ორი კვარტლის (იანვარი-ივნისი) განმავლობაში რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობაimage001

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 6 თვის განმავლობაში რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა მხოლოდ 9 705 ერთეულით ჩამოუვარდება 2017 წლის 12 თვეში დაფიქსირებულ დანაშაულთა რაოდენობას. ზოგადი ტენდენციის მიხედვით, წლის პირველ და მეორე ნახევრებში რეგისტრირებული დანაშაულების რაოდენობა მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისგან და დაახლოებით თანაბარია. ამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია, თუნდაც 2014-2017 წლების 6 თვის და 12 თვის მონაცემები მოვიყვანოთ, რომელთა შედარებითაც ჩანს, რომ ყოველი წლის ბოლოს 6 თვის შედეგები ფაქტობრივად ორმაგდება.

გრაფიკი 2: 2014 -2107 წლებში, პირველი ექვს თვეში რეგისტრირებულ დანაშაულთა შედარება მთლიანი წლის მონაცემებთან

image003

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელი რეგისტრირებულ დანაშაულთა ყოველთვიური ზრდითაც გამოირჩევა. 2017 წელთან შედარებით, სადაც თვიდან თვემდე დანაშაული ძირითადად მცირდებოდა (პირველ ექვს თვეში) ან იშვიათ შემთხვევაში უმნიშვნელოდ იზრდებოდა, 2018 წელს ყოველ მომდევნო თვეს რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა საგრძნობლად იზრდებოდა.

გრაფიკი 3: რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა თვეების მიხედვით

image005

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყოველივე ზემოაღნიშნული ქმნის საფუძვლიან ვარაუდს, რომ 2018 წლის ბოლოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რეგისტრირებულ დანაშაულთა ყველაზე მაღალი რიცხვი დაფიქსირდეს. როგორც გრაფიკი 4-დან ჩანს, მთლიანი წლის განმვალობაში ყველაზე მეტი დანაშაული (43 028 ერთეული) 2013 წელს დარეგისტრირდა. მას შემდეგ, მომდევნო ორი წელიწადის განმავლობაში, დანაშაულთა კლების, ხოლო 2015 წლიდან კვლავ ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა.

გრაფიკი 4: საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებაში 2013-2017 წლებში რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა

image007

შეიძლება ითქვას, რომ ფაქტ-მეტრის პროგნოზებსა და ეჭვებს შინაგან საქმეთა მინისტრი არ იზიარებს. კერძოდ, 2018 წლის 18 მაისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ კრიმინალის ნელა, თუმცა სტაბილური და გონივრული კლება დააანონსა. „მე აბსოლუტურად გულწრფელად შემიძლია გითხრათ რომ წლის ბოლოსთვის რეფორმების შედეგი იქნება ხელშესახები და დარწმუნებულები ვართ რომ ეს შედეგები აისახება სტატისტიკურ მონაცემებზეც. ეს ვერ იქნება ისეთი ვარდნა, როგორიც თქვენ მაგალითი მოიყვანეთ, 20%-იანი 1 წელიწადში. ეს უნდა იყოს საკმაოდ მდგრადი და სტაბილური კლება, თუმცა გონივრული“ - განაცხადა შს მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ კრიმინალის კლებისა თუ მატების შეფასებას, სტატისტიკის სანდოობის შესახებ, ეჭვებიც ართულებს. თუკი გიორგი გახარიას მინისტრად დანიშვნის დღიდან გაკეთებულ განცხადებებს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მართალია ის პირდაპირ არ ამბობს, რომ წლების განმავლობაში საზოგადოებას არასრული სტატისტიკური მონაცემები მიეწოდებოდა, თუმცა მისი განცხადებები სამინისტროს მიერ არჩეულ კურსთან დაკავშირებით სხვა არაფერია თუ არა ამ ფაქტის აღიარება. კერძოდ, მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში კრიმინალის მკვეთრი ზრდა, სამინისტროს მიერ წარმოებული იმ პოლიტიკის შედეგია, რომლის მიხედვითაც, კრიმინალთან ეფექტურად ბრძოლის პროცესში, პირველი ნაბიჯი არა სტატისტიკის დამალვა, არამედ სწორედ რეალური სურათის წარმოჩენაა.

რაც შეეხება რეგისტრირებულ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელს, 2018 წელს მისი კლების თვალშისაცემი ტენდენცია (იხ. გრაფიკი 5), ლოგიკურად აისახა იანვარ-ივნისის მონაცემებზეც. კერძოდ, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (54.35%), მიმდინარე წელს რეგისტრირებულ დანაშაულთა მხოლოდ 36.42% გაიხსნა. მაშინ როცა, 2014 წლიდან მოყოლებული, აღნიშნული მაჩვენებელი 51%-ზე დაბლა არცერთ წელს არ ჩამოსულა.

გრაფიკი 5: 2018 წლის პირველ ექვს თვეში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი (პროცენტებში) თვეების მიხედვით

image008

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

[1] შენიშვნა: როგორც წესი, ფაქტ-მეტრი შესადარებლად 2013-2018 წლის მონაცემებს იყენებს ხოლმე, თუმცა, სამწუხაროდ, 2013 და 2014 წლის იანვარ-ივნისის კუმულატიური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5347 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი