2015 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში 1-ლი, მე-13, მე-15 და მე-17 ბაგა-ბაღების თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცულები დაბალ ანაზღაურებას და სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ. აღმზრდელები, გამგეები და მომვლელები დაწესებულებების ცხელი წყლით უზრუნველყოფასა და ხელფასების მომატებას მოითხოვდნენ. გაფიცულებს ქალაქის მაშინდელმა მერმა, შოთა მურღულიამ მიმართა და მოთხოვნების შესრულება აღუთქვა.

მოგვიანებით, ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომელთა გაფიცვა კანონგარეშედ გამოაცხადა და სასამართლოში იჩივლა.გაერთიანების ადვოკატი აცხადებდა, რომ გაფიცვის შესახებ ბაღის თანამშრომლებმა წინასწარ არ შეატყობინეს ა(ა)იპ-ს და ამით სასწავლო პროცესი ჩაშალეს. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყებამდე არანაკლებ სამი კალენდარული დღით ადრე უნდა შეატყობინონ შესაბამის უწყებებს გაფიცვის დრო, ადგილი და ხასიათი (კარი IV, თავი XXI, 49-ე მუხლი, მე-5 პუნქტი). ამავე კანონის თანახმად, გაფიცვა ან ლოკაუტი უკანონოა, თუ ის საომარი მდგომარეობის დროს ეწყობა, დაუშვებელია გაფიცვის უფლების გამოყენება იმ პირთა მიერ, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან. გაფიცვის კანონიერების ან უკანონობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ 2016 წლის 4 იანვარს შეტანილი სარჩელის განხილვაზე უარი თქვა, თუმცა სარჩელის განმეორებით შეტანის შემდეგ, ამავე წლის 8 იანვარს საქმის წარმოება დაიწყო.სასამართლოს გადაწყვეტილებით, 13 იანვარს ოთხივე გაფიცული ბაღის გამგეები სამსახურიდან გაათავისუფლეს.მათ შორის, მე-15 ბაგა-ბაღის გამგე, ნანა კაკურია, რომელიც აღნიშნულ მომენტში 8 თვის ფეხმძიმე გახლდათ. გათავისუფლების შემდეგ ქალბატონის მდგომარეობა დამძიმდა. ევროპის სოციალური ქარტიისმიხედვით, რომლის გარკვეული მუხლების რატიფიცირებაც საქართველოს პარლამენტმა 2005 წელს მოახდინა, ორსული ქალებისათვის სამსახურიდან გათავისუფლების შეტყობინება ან სამსახურიდან გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ დეკრეტული პერიოდის დასრულების შემდეგ (მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი). ბაღის გამგეებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. 18 აპრილს სასამართლომ მე-15 ბაღის გამგე, ნანა კაკურია სამსახურში აღადგინა.

პარალელურად, გრძელდებოდა 1-ლი ბაგა-ბაღის გამგის, ზაალ ხონელიძის სასამართლო პროცესი, რომელიც საზოგადოებაში გაფიცვის ორგანიზატორად მოიაზრებოდა. მოგვიანებით, ხონელიძე სამსახურში აღადგინეს. იგი დღემდე ქალაქის ნომერ 1-ლ ბაგა ბაღს ხელმძღვანელობს.

ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 2017 წელს 187 თანამშრომლის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელიდან 185-ზე სასამართლო დავა შეწყვიტა. გაერთიანებაში განაცხადეს, რომ დავა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც თანამშრომელთა ნაწილმა აღიარა, რომ გაფიცვა არაკანონიერი იყო, ზემოაღნიშნული შეუტყობინებლობის მიზეზის გამო. დარჩენილ 21 თანამშრომელზე სარჩელი საქალაქო სასამართლოში შევიდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით 2017 წლის 21 მარტს დავა დროებით შეჩერდა. გადაწყვეტილება ბაგა-ბაღების გაერთიანებამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.სასამართლო დავა საკითხზე დღემდე მიმდინარეობს.

2016 წლის 12 თებერვალს ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ბიუჯეტი გაიზარდა და სახელფასო ფონდს 855 250 ლარი დაემატა(თავი 1-ლი მუხლი 26-ე). ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო წყლის პრობლემის მოსაგვარებლად.

2016 წლიდან დღემდე ხელფასები ქუთაისში არსებულ საბავშვო ბაღებში არ გაზრდილა. 2018 წლის მონაცემებით ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში 648 აღმზრდელია დასაქმებული. ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, პირველი ცვლის აღმზრდელის ხელფასი 400, ხოლო მეორე ცვლის აღმზრდელის ხელფასი 200 ლარს შეადგენს. ხელფასების ზრდა არც მიმდინარე წელს იგეგმება.ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებისათვის ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტში 10 000 ლარია გამოყოფილი (მე-2 თავის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი).

ფაქტ-მეტრი 2015 წლის გაფიცვის ერთ-ერთ მონაწილეს, N1 ბაგა-ბაღის ხელმძღვანელს, ზაალ ხონელიძეს ესაუბრა. ხონელიძის განცხადებით, გაფიცვიდან დღემდე ბაღებში ხელფასი მხოლოდ ერთხელ გაიზარდა, რაც დღევანდელი ეკონომიკური პირობების ფონზე არც თუ ისე საკმარისია. შეიცვალა ისიც, რომ პედაგოგებს ახლა თბილი წყალი აქვთ, თუმცა პრობლემა მაინც ბევრია და მათ შორის უმთავრესი - არასაკმარისი სივრცე და ბავშვების დიდი რაოდენობა ჯგუფებში. რაც შეეხება გაფიცვის მონაწილე სხვა ხელმძღვანელებსა და მასწავლებლებს, ჩვენ დავუკავშირდით რამდენიმე მათგანს, თუმცა თემაზე კომენტარის გაკეთება არც ერთმა არ ისურვა.

თეგები: