რეზიუმე: სავალუტო პოლიტიკის მიზნებისთვის, ეროვნულ ბანკს გააჩნია უცხოურ ვალუტაში დენომინირებული რეზერვები (უცხოური ვალუტა, ოქრო, SDR და სხვა), რაც განკუთვნილია, მაგალითად ფინანსური კრიზისის პერიოდში საგარეო შოკების ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად ლიკვიდურობის
უზრუნველყოფის, საქართველოს მთავრობისათვის უცხოური ვალუტით გადახდების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობისთვის. რაც მეტია რეზერვების მოცულობა, მით უფრო მარტივია გამკლავება კრიზისის შედეგებთან.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2017 წლის განმავლობაში 283 მლნ-ით გაიზარდა და წლის ბოლოს მდგომარეობით 3.04 მლრდ დოლარი შეადგინა. რეზერვის ცვლილებაზე მოქმედ ფაქტორებს, წინა პერიოდების მსგავსად, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ინტერვენციები, უცხოეთიდან მიღებული გრანტები და კრედიტები, ასევე, მთავრობის უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ოპერაციები წარმოადგენდა. რეზერვის ადეკვატურობის შეფასებისათვის დადგენილი ინდექსი საქართველოსთვის, 2017 წლის ბოლოს, 86%-ს შეადგენდა. აღნიშნული ინდექსი აფასებს რამდენად არის საკმარისი არსებული რეზერვი ქვეყნის ცალკეული ვალდებულებების, საჭიროებების მომსახურებისთვის. რამდენად უზრუნველყოფილია ანგარიშსწორების განხორციელების შესაძლებლობა ცალკეული მოკლევადიანი სირთულეების წარმოშობის პირობებში (ფორსმაჟორული, კრიზისული ვითარება). საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისშესაბამისად, აღნიშნული სიდიდე მიზანშეწონილია 100-150%-ის ინტერვალში ექცეოდეს. შესაბამისად, გასულ წელს საქართველოს ოფიციალური რეზერვები დადგენილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.
ანალიზი პარლამენტში გამოსვლისას, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, განაცხადა,
რომ 2017 წელს ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები 282 მლნ-ით გაიზარდა და 3 მლრდ დოლარი შეადგინა, მისივე განმარტებით, ადეკვატურობის თვალსაზრისით, რეზერვების დონე 90%-იან ნიშნულთან ახლოსაა.
ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების საკმარისი ოდენობით ფლობა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი ინდიკატორია. რეზერვების არსებით ფუნქციას კრიზისულ პერიოდში ეკონომიკაში ლიკვიდობის შენარჩუნების უზრუნველყოფა წარმოადგენს, ამავდროულად, რეზერვები ქვეყნის მხრიდან საგარეო ვალდებულებების შესრულების - უცხოური ვალუტით გადახდების შეუფერხებლად განხორციელების ერთგვარი გარანტია. ოფიციალური რეზერვების მართვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს. რეზერვები შესაძლებელია შედგებოდეს მონეტარული ოქროს, უცხოური ვალუტის, სესხების სპეციალური უფლების (SDR) და საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონითგანსაზღვრული სხვა აქტივებისაგან. საქართველოს საერთაშორისო რეზერვების ძირითად ნაწილს (90%-ზე მეტი) უცხოური ვალუტის რეზერვები წარმოადგენს.
როგორც გრაფიკი 1-დან ჩანს, ეროვნული ბანკის ოფიციალური რეზერვები პერმანენტულად იზრდებოდა 2004-2012 წლების განმავლობაში და 196 მლნ-დან (2003 წელი) 2.87 მლრდ დოლარამდე (2012 წელი) გაიზარდა. 2014-2015 წლებში, სავალუტო კრიზისის (ლარის მკვეთრი გაუფასურების ტენდენცია) ფონზე საერთაშორისო რეზერვები 2.52 მლრდ დოლარამდე (2015 წელი) შემცირდა. ლარის კურსის ახალ (მაღალ) წონასწორულ ნიშნულზე მეტ-ნაკლებად დასტაბილურების ფონზე დაიწყო უკუ პროცესი რეზერვების შევსების სახით.
გრაფიკი 1: ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები[1] (
მლრდ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
უშუალოდ 2017 წლის ბოლოს მდგომარეობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, რეზერვები 283 მლნ-ით გაიზარდა და 3.04 მლრდ დოლარი შეადგინა. წლის განმავლობაში რეზერვების ფორმირებაზე მოქმედ ძირითად ფაქტორებს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ინტერვენციები (წმინდა შესყიდვა 129.8 მლნ დოლარი), უცხოეთიდან მიღებული გრანტები და სესხები (497 მლნ დოლარი), მთავრობის სავალუტო ხარჯები (230 მლნ დოლარი) და საგარეო ვალის მომსახურება (272 მლნ დოლარი) წარმოადგენდა.
თუმცა, თავისთავად, რეზერვების აბსოლუტური მნიშვნელობა სრულყოფილი ინფორმაციის მატარებელი არ არის, ვინაიდან ეკონომიკის მახასიათებლებიდან გამომდინარე, რეზერვის კონკრეტული ოდენობა რაც საკმარისად მაღალია ერთი ქვეყნისთვის, შესაძლებელია, იყოს ზედმეტად დაბალი სხვა ქვეყნისათვის. აქედან გამომდინარე, შემუშავებულია ინდიკატორები, რომლებიც რეზერვების საკმარისობის შესაფასებლად გამოიყენება. რეზერვების ადეკვატურობის შეფასებისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებულია ARA მეთოდოლოგია, რომლის თანახმადაც, 2017 წლის ბოლოსათვის, საქართველოს საერთაშორისო რეზერვების დონე 86%-ია. IMF ARA მეთოდოლოგია გულისხმობს ქვეყნის ოფიციალური რეზერვების შეფასებას საგარეო მოწყვლადობის, შოკების უარყოფითი ზემოქმედების საწინააღმდეგოდ და ითვალისწინებს ქვეყნის საგარეო ვალდებულებების, ფართო ფულისადა ექსპორტის მაჩვენებლებს. ARA Metric რომელთან ფარდობითაც ფასდება რეზერვის ადეკვატურობა, მცურავი გაცვლითი კურსის მქონე ქვეყნებისათვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით: ARA Metric = 5% × ექსპორტი + 5% × ფართო ფული + 30% × მოკლევადიანი ვალი + 15% × სხვა ვალდებულებები. მოცემული მეთოდოლოგიის ფარგლებში მიჩნეულია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი უნდა იყოს 100-150%-ის ინტერვალში, შესაბამისად, საქართველო რეზერვის ადეკვატურობის მოთხოვნებს, ჯერჯერობით, ვერ აკმაყოფილებს. აღნიშნული მაჩვენებელი დაკმაყოფილებული იყო 2006-2007, 2010-2011 და 2013 წლებში.
გრაფიკი 2:
რეზერვის ადეკვატურობა (IMF ARA მეთოდოლოგია)
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდიგარდა ხსენებული ფარდობის, რეზერვის ოდენობის შეფასების ინდიკატორად გამოიყენება იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი.
აღნიშნული მიდგომით, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები უნდა აღემატებოდეს მომდევნო 3 თვის იმპორტის საპროგნოზო მოცულობას (კოეფიციენტი იყოს მეტი 3-ზე). 2017 წლის მდგომარეობით, აღნიშნული კოეფიციენტი 3.6-ს უტოლდება, ანუ საქართველოს რეზერვები 2017 წლის მდგომარეობით, საკმარისი იყო მომდევნო 3.6 თვის იმპორტის ღირებულების დასაფარად.
[1] 2018 წლის მაჩვენებელი შეესაბამება 31 მაისის მდგომარეობას