ვარაზის ხევში, ნინო ჟვანიას (შატბერაშვილის და კეკელიძის) ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე (ს/კ 01.14.12.003.130) მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა 2017 წლის 25 სექტემბერს გაიცა. მშენებლობის ესკიზური პროექტი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან 2016 წლის მაისში არის შეთანხმებული. ტერიტორიის გეოლოგიური დასკვნა (კომპანია „გეოტექსერვისის“ მიერ მომზადებული) კი 2014 წლის ოქტომბერში არის გაცემული. აღნიშნულ მშენებლობას შპს „ბალტიკ ინვესტმენტ გრუპ“ ახორციელებს.
ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის ნებართვა კახა კალაძის მერობის პერიოდში არ გაცემულა. გეოლოგიური დასკვნაც, მშენებლობის ესკიზური პროექტის შეთანხმებაც და მშენებლობის ნებართვის გაცემაც მისი წინამორბედის - დავით ნარმანიას პერიოდში განხორციელდა. კახა კალაძე თბილისის მერად 2017 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად აირჩიეს.
გენერალური გეგმის მიხედვით, ნინო ჟვანიას ქუჩის მიდებარე ტერიტორია (ს/კ 01.14.12.003.130), სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, გეოსაშიშროების მაღალი რისკის კატეგორიას განეკუთვნება. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე განაშენიანება უნდა შეიზღუდოს. ჟვანიას ქუჩაზე მშენებლობის შეზღუდვის რეკომენდაციას გასცემენ დარგის სხვა სპეციალისტებიც.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მშენებლობის ნებართვა კახა კალაძეს არ გაუცია, მშენებლობის მიმართ ამჟამინდელი მერიის და თავად მერის პოზიცია უცვლელია. კალაძე მიიჩნევს, რომ მშენებლობის პროექტი გამართულია და არანაირი პრობლემა არ არსებობს.
ანალიზი„ტვ პირველში“ სტუმრობისას, ალეკო ელისაშვილმა ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე ისაუბრა: „ჟვანიას ქუჩაზე, გენგეგმაში, "სენის" (გარემოს დაცვითი ორგანიზაცია) დასკვნაზე დაყრდნობით, სიტყვა-სიტყვით წერია, რომ იქ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განაშენიანება. ეს გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფას, იმიტომ, რომ შეგუბდება ვარაზის ხევი და იგივე შეიძლება მოხდეს, რაც მოხდა ვერეს ხეობაში. გენგეგმა გადაწიეს გვერდზე და კალაძემ ხელი მოაწერა ზუსტად იმ აკრძალულ ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობას“.
ვარაზის ხევში, ნინო ჟვანიას (შატბერაშვილის და კეკელიძის) ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე (ს/კ 01.14.12.003.130) მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა 2017 წლის 25 სექტემბერს გაიცა. მშენებლობის ესკიზური პროექტი თბილისის არქიტექურის სამსახურთან 2016 წლის მაისში არის შეთანხმებული. ტერიტორიის გეოლოგიური დასკვნაკომპანია „გეოტექსერვისის“ მიერ 2014 წელს არის გაცემული. აღნიშნულ მშენებლობას შპს „ბალტიკ ინვესტმენტ გრუპ“ ახორციელებს.
კახა კალაძე თბილისის მერი 2017 წლის 13 ნოემბრიდან არის. შესაბამისად, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის (რომელზეც ელისაშვილი აპელირებს) ნებართვა, მშენებლობის ესკიზური პროექტის შეთანხმება და გეოლოგიური დასკვნაც კახა კალაძის მერად არჩევამდე, მისი წინამორბედის, დავით ნარმანიას მერობის დროს არის გაცემული.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესში მოზადდა კვლევათბილისისთვის დამახასიათებელი საშიში სტიქიური პროცესების შესახებ. კვლევას თან ერთვის გეო-დინამიკური პროცესების მიხედვით თბილისის დარაიონების რუკა. აღნიშნულ რუკაზე თბილისის არეალის დარაიონება (ზონირება) ბუნებრივი რისკ-ფაქტორების კატეგორიების მიხედვით არის წარმოდგენილი. კერძოდ: მაღალი, საშუალო და დაბალი რისკის კატეგორიებად. კატეგორიების შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა ტერიტორიების მორფოლოგიური (რელიეფი), ჰიდროგეოლოგიური, ჰიდროლოგიური (დატბორვა) პირობები, ასევე გეოლოგიური აგებულება და თანამედროვე სტიქიური პროცესები. აღნიშნული ინფორმაცია ასახულია გენერალური გეგმის ძირითად ნახაზზე (ზონირების რუკა), როგორც განაშენიანების შემზღუდველი ფაქტორი.
ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა (ს/კ 01.14.12.003.130) მთლიანად ხვდება გენერალური გეგმის მიხედვით განსაზღვრულ, გეოსაშიშროების მაღალი რისკის კატეგორიაში.
ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ნაკვეთი, სადაც ამჟამად მშენებლობა მიმდინარეობს, როგორც გეოსაშიშროების მაღალი რისკის კატეგორიის არეალი, რუკაზე დაშტრიხულია.
გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის - „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ტერიტორიებზე, რომლებიც ბუნებრივ რისკ-ფაქტორებს ატარებენ, განაშენიანება უნდა შეიზღუდოს და ხშირ შემთხვევაში სასურველი იქნება დამატებითი კვლევების ჩატარება და გაცემული ნებართვების გადახედვა.
ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა რამდენჯერმე გააპროტესტეს.პროტესტის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ტერიტორია მეწყერსაშიშია, ქედზე მუდმივად ხდება ნიადაგის ჩამოშლა და ქანების მოძრაობა. მიმდინარე მშენებლობა კი, ამ პროცესებს უფრო გაააქტიურებს.
აღნიშნული მშენებლობა 2018 წლის იანვარში მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, კომპანიასთან შეთანხმებით, ობიექტის დამატებით შესასწავლად დროებით შეჩერდა. თუმცა, თებერვალში მშენებლობა კვლავ განახლდა. თბილისის მერი ჟვანიას ქუჩის მიმდებარე მშენებლობასთან დაკავშირებით აცხადებდა,რომ „პროექტი გამართულია და არანაირი პრობლემ არ არსებობს“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის კომპლექსური კვლევა ჩაატარა.კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მდინარე ვარაზისხევის ხეობის ზედა წელში, მდინარის მარცხენა ფერდობზე გეოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე, მეწყრის საშიშროება არ არსებობს, მოსალოდნელია მხოლოდ მცირე მასშტაბის ქვათაცვენები. რაც შეეხება მარჯვენა ფერდს, კვლევის მიხედვით, აღნიშნულ ფერდზე არსებული გრუნტი არასტაბილურია, მთის ფერდი უკვე მოჭრილია და არსებობს მეწყრული პროცესების გააქტიურების დიდი ალბათობა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ეროვნული სეისმური ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ პრესკონფერენციაზე კვლევასთან ერთად ჟვანიას ქუჩაზე წყალმოვარდნის მოდელირებული ვიდეორგოლიც წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, წყალმოვარდნის შემთხვევაში უარესი შედეგი დადგება, ვიდრე იყო 2015 წლის წყალდიდობის დროს. თეა გოდოლაძის რეკომენდაციაა,გამკაცრდეს რეგულაციები გეოტექნიკურ კვლევებთან დაკავშირებით და მაქსიმალურად შეიზღუდოს მშენებლობა მდინარე ვარაზისხევის მარჯვენა ფერდობზე.
ფაქტ-მეტრმა ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის რისკ-ფაქტორების შეფასება გარემოს ეროვნული საააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს მერაბ გაფრინდაშვილსაც სთხოვა. „ვარაზისხევის მარჯვენა ფერდზე მშენებლობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. უკვე დაწყებული მშენებლობების უსაფრთხოებისთვის ფერდობსამაგრი სამუშაოების ჩატარებაა აუცილებელი. ვფიქრობთ, ბევრ სადაო საკითხს ნათელს მოჰფენს გეოლოგიური საფრთხეების ზონირების რუკა, რომელზეც ინფორმაცია რისკების სიმძიმის მიხედვით იქნება დატანილი. აღნიშნულ რუკაზე მუშაობა უკვე ორი წელია მიმდინარეობს და 2019 წლის მაისისთვის იქნება მზად“ - განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.
მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ჟვანიის ქუჩის მიმდებარედ მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა კვლავ მიმდინარეობს და მშენებლობის შეჩერების საფუძველი არ არსებობს.