რეზიუმე: 2014
წლის 5 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საქართველოს შვიდ ქალაქს თვითმმართველის სტატუსი მიენიჭა. მათ რიცხვში გორიც შედიოდა. რეფორმის შედეგად, გორის მუნიციპალიტეტი ორ ნაწილად დაიყო - ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტებად. შესაბამისად, მანამდე რეგისტრირებულ ერთ ადმინისტრაციულ ერთეულზე არსებული ქონებაც ორ ნაწილად გაიყო. თუმცა, ამ სახით მუნიციპალიტეტებმა მხოლოდ სამი წელი იარსება. 2017 წლიდან ისინი კვლავ გაერთიანდნენ და მათ საკუთრებაში არსებული ყველა ავტომანქანა ახლადჩამოყალიბებული ერთეულის ბალანსზე გადავიდა.
გორის საკრებულოს თავმჯდომარე კონკრეტულად გორის თემის მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილ მანქანებზე საუბრობს, რომლის არსებობის დროს ოთხი ავტომანქანაა შეძენილი. აქედან, ორის შესაძენად თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან სპეციალურად აღნიშნული მიმართულებისთვის გამოიყო, ორი კი, 2015-2016 წლებში, მოძველებული მანქანების აუქციონის წესით გასხვისების შედეგად მიღებული თანხით შეიძინეს.
იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტები ცალ-ცალკე მხოლოდ სამი წელი არსებობდა, მხოლოდ თემის მიერ ნაყიდი მანქანების რაოდენობის წარმოჩენას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. განსაკუთრებით იმ დროს, როცა დავით რაზმაძე თითქმის 10 წლიან პერიოდზე საუბრობს.
2008წლის შემდეგ, დღემდე, მერიის ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებას გორში ხუთი ავტომანქანა აქვს შეძენილი. თუმცა, ფაქტ-მეტრისთვის შარშან გამოგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2008 წლის შემდეგ ხუთზე მეტი ავტომობილია შეძენილი. აღნიშნული უზუსტობის მიზეზი, მერიასთან კომუნიკაციის მიუხედავად, ჩვენთვის უცნობი დარჩა.
ანალიზი გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ, განაცხადა (24
წთ-დან), რომ მუნიციპალიტეტის ავტოპარკი განახლებას საჭიროებს, რადგან მის ბალანსზე გადაცემული ავტომანქანების დიდი ნაწილი მწყობრიდან გამოსულია. მისი განმარტებით, 2008 წლის შემდეგ თემის მუნიციპალიტეტს ორი ავტომანქანის მეტი არ შეუძენია და ავტოპარკში ავტომანქანების უმრავლესობა მოძველებულია.
2014-2017 წლებში თვითმმართველი ქალაქ გორისა და გორის თემის მუნიციპალიტეტი ცალკე ერთეულებად არსებობდა.ცხრილი 1:
ავტომანქანების რაოდენობა გორის თემის მუნიციპალიტეტში, 2014-2017 წლები
წლები | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
რაოდენობა | 7 | 8 | 9 | 7 |
ცვლილება | - ვაზ 2107+ ვაზ 2121 + შკოდა ოქტავია |
- შკოდა ოქტავია+ მიცუბისი L-200 + მიცუბისი SUV |
- ლექსუსი RX 350- ლენდ როვერ დისქავერი |
როგორც ცხრილიდან ჩანს, გორის თემის მუნიციპალიტეტის ავტოპარკს ოთხი ავტომანქანა შეემატა,
აქედან ორი - 2015 წელს, ორი კი - 2016 წელს. მუნიციპალიტეტიდან მიღებულ ინფორმაციას არ ემთხვევა ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელთა მიერ გაჟღერებული მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, 2015-2016 წლებში თემმა მხოლოდ ორი ავტომანქანა იყიდა. ფაქტ-მეტრის მცდელობის მიუხედავად, ავტომობილების რიცხოვნობაში დაფიქსირებული უზუსტობის მიზეზი ჩვენთვის უცნობი დარჩა.
აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წელს ავტომანქანები, მათ შორის 2015 წელს შეძენილი „შკოდა ოქტავია“, ელექტრონული აუქციონის გზით გაასხვისა, ამის შემდეგ აღნიშნულმა ორგანომ „მიცუბისის“ მარკის ორი ახალი ავტომანქანა შეიძინა, რომლის შესახებაც გასულ წელს ფაქტ-მეტრიც წერდა. 2017წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტები გაერთიანდა. შესაბამისად, 2014 წელს გაყოფილი მთლიანი ქონება, ისევ გაერთიანებული მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავიდა. ასევე, თუკი 2008 წლის შემდგომი პერიოდიდან ვითვლით შეძენილი ავტომანქანების რაოდენობას, მაშინ იმის ხაზგასმა, თუ თემმა რამდენი ავტომობილი შეიძინა და ქალაქმა რამდენი - არასწორია, რადგან გაყოფილი სახით მუნიციპალიტეტები მხოლოდ სამი წლისა და სამი თვის განმავლობაში არსებობდა. დავით რაზმაძის განცხადება კი 10 წლიან პერიოდს ეხება. ამდენად, რაზმაძის განცხადების სიზუსტე გორში არსებული სრული ავტოპარკის მონაცემებით უნდა გადავამოწმოთ.
გორის მუნიციპალიტეტიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით,ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის ავტოპარკში 18 ავტომანქანა ირიცხება. მუნიციპალიტეტიდან მიღებული წერილების მიხედვით გამოდის, რომ 2008 წლამდე შვიდი ავტომანქანაა შეძენილი, ორი - 2008 წელს, ხუთი - 2009-2012 წლებში. როგორც აღვნიშნეთ, ჩვენთვის შარშან მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2014-2017 წელს თემის მუნიციპალიტეტმა სულ ოთხი ავტომანქანა იყიდა, აქედან ორი გასულ წლებში შეძენილი მოძველებული ავტომანქანების გასხვისებიდან მიღებული ფინანსებით, ორი კი 2016 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით. ამის შემდეგ, უკვე გაერთიანებულ მუნიციპალიტეტს, ავტომანქანა აღარ შეუძენია.
ცხრილი 2:გორის მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი ავტომანქანები 2009-2012 წლებში
ავტომანქანის ტიპი | შეძენის წელი | ღირებულება (ლარი) |
ტოიოტა პიკაპი | 2012 | 49 500 |
ტოიტა ქამრი | 2011 | 34 450 |
ტოიოტა ქამრი | 2011 | 35 300 |
ლექსუს RX 350 | 2011 | 29 700 |
მერსედეს ბენცი ML | 2011 | 28 200 |
რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის მდგომარეობას, ის შესაძლოა მართლაც მოძველებული იყოს და განახლებას საჭიროებდეს, თუმცა აღნიშნული სტატიის ფარგლებში ფაქტ-მეტრი ამ მსჯელობაში არ შედის.