ქუთაისში სოციალური საცხოვრებლის მოსაწყობად კონკურსი 2016 წელს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ - შპს „სანომ“ მიიღო და გაიმარჯვა კიდეც. კომპანიამ საცხოვრებლის მოსაწყობად მერიას ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ყოფილი კავშირგაბმულობის შენობა შესთავაზა.

შენობის კეთილმოწყობის სამუშაოები 2016-2017 წლებში მიმდინარეობდა.პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 500 ათასი ლარით დაფინანსდა(თავი მე-3, მუხლი 33-ე). შპს „სანომ“ მერიას შენობა ოქტომბერში ჩააბარა. საცხოვრისი 2017 წლის პირველ ოქტომბერს გაიხსნა. შენობაში 80 უსახლკარო ოჯახი, სულ 350 ადამიანი 5 წლიანი ცხოვრების უფლებით შესახლდა. ბენეფიციარების არჩევისას კომისიამ სოციალურად დაუცველთათვის მინიჭებული ქულები, ოჯახში წევრების, მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვების და შშმ პირების რაოდენობა გაითვალისწინა.

2018 წლის დასაწყისში შენობაში მცხოვრები მოქალაქეები საცხოვრისში არსებულ პირობებზე ალაპარაკდნენ.მათი თქმით, შენობას წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა, მოსახლეები არ იყვნენ უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით, წვიმის დროს კი იატაკი სველდებოდა და ფანჯრებიდან წყალი შედიოდა.

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ჯონი არაბიძე აცხადებდა, რომ ხარვეზების შესახებ შპს „სანო“ ინფორმირებული იყო. იმ დროისთვის კომპანიისათვის გადასარიცხი თანხიდან მერიას 582 00 ლარი სწორედ მსგავსი ხარვეზების აღმოფხვრისათვის ჰქონდა დაკავებული.

ბენეფიციარების შესახლებიდან ექვსი თვის შემდეგ, საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა. ქალაქის ყოფილი მერი, შოთა მურღულია ჟურნალისტებთან საუბარში მაშინ აცხადებდა, რომ როდესაც შენობა გაიხსნა, მერიას ჰქონდა ექსპერტიზის დასკვნა,რომლის მიხედვითაც შენობა საცხოვრებელ სტანდარტებს აბსოლუტურად შეესაბამებოდა.მურღულიას განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, მერიამ კომპანიისათვის გადასარიცხი თანხიდან გარკვეული რაოდენობა დააკავა, რომელიც შპს „სანოს“ იმ შემთხვევაში უნდა გადაუხადონ, თუ შენობაში რამე ხარვეზი აღმოჩნდება. თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ხარვეზებს გამოასწორებდნენ მას შემდეგ, თუ აღმოჩნდებოდა, რომ შენობას ზიანი მათ მიერ არასათანადოდ ჩატარებული სამუშაოების გამო მიადგა.

მიმდინარე წლის მარტში, შენობაში არსებული ხარვეზების შესწავლა მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ დაიწყო. სანამ კომისია პრობლემებს შეისწავლიდა, სოციალურ საცხოვრისში ჭერი სამჯერ ჩამოინგრა. შენობაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მერიის წინ აქცია გამართეს და ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. საცხოვრისში არსებული რთული საცხოვრებელი პირობების გამო, ბენეფიციარები ალტერნატიულ ფართში შესვლას ითხოვდნენ.

სოციალურ საცხოვრისში არსებული მდგომარეობის შესწავლა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ განყოფილებას დაევალა. თემასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი შპს „სანოს“ ხელმძღვანელმაც გააკეთა. ოთარ სამყურაშვილი აღნიშნავდა, რომ თაბაშირ-მუყაო, რომელიც შენობის კედლებს ფარავდა, მოსახლეების უყურადღებობით დაზიანდა, ხოლო ბუნებრივი აირი, რომლის შეყვანასაც მაცხოვრებლები მოითხოვდნენ შენობაში მერიას უნდა შეეყვანა. სამყურაშვილის თქმით, მერიას მათთვის არ უცნობებია საცხოვრისში არსებული პრობლემების შესახებ და ახალი ამბები მათ ინტერნეტის მეშვეობით შეიტყვეს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ქალაქ ქუთაისის მერიას მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში გადაეცა.მერიამ შპს „სანოს“ ხარვეზების აღმოფხვრა დაავალა, დოკუმენტი კი შესასწავლად საგამოძიებო უწყებას გადასცა. დასკვნის ნაწილი ადგილობრივმა თვითმმართველობამ საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯაროვა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საცხოვრისის ოთახები ბუნებრივი აირის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე არსებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შენობა ვერ პასუხობს ხანძარსაწინააღმდეგო ნორმებს. ასევე, ქუთაისის მერიის 2017 წლის ბრძანება N 205-ით შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტი არ შეესაბამება 2016 წელს გაფორმებული წინარე ხელშეკრულების პირობებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნას საგამოძიებო უწყება შეისწავლის.

ექსპერტიზის დასკვნას ქალაქის ყოფილი მერი, შოთა მურღულია გამოეხმაურა. მურღულიამ განაცხადა, რომ დასკვნა არაპროფესიონალურადაა შედგენილი და მასში 21 წლის წინ შეჩერებული საბჭოთა ნორმებია გამოყენებული.

დადგება თუ არა არასათანადოდ შესრულებული სამუშაოების გამო კომპანია „სანოს“ ან ქუთაისის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი, ჯერჯერობით უცნობია. ამ თემას ფაქტ-მეტრი მოვლენების განვითარების პარალელურად დაუბრუნდება.

თეგები: