ვერდიქტი: „საქართველო და მსოფლიოს“ გავრცელებული ამბავი არის ყალბი.
რეზიუმე: მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიომ“ გაავრცელა სტატია სათაურით: „ამერიკელმა ადმირალმა ანტირუსული სანქციების მავნებლობაზე ისაუბრა“. სინამდვილეში, აშშ-ს საზღვაო ძალების ადმირალმა და ინდო-წყნარი ოკეანეთის სარდლობის ხელმძღვანელმა ფილ სკოტ დევიდსონმა, ამერიკის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტთან შეხვედრისას ისაუბრა ამერიკის შემაკავებელ როლზე ინდო-წყნარ ოკეანეთში. მან აღნიშნა, რომ თუ ამერიკა არ დაეხმარებოდა ამ რეგიონში ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ინდოეთი, ვიეტნამი და ინდონეზია, მაშინ რუსეთი მათ ბაზარს იარაღით ვაჭრობისთვის გამოიყენებდა. ანტირუსული სანქციების მავნებლობაზე ადმირალს არ უსაუბრია.
„საქართველო და მსოფლიოს“ სტატიაში გადმოცემული ფაქტები და მსჯელობა, აბსოლუტურად, არ შეესაბამება სიმართლეს და იგი კიდევ ერთი მცდელობაა, წარმოაჩინოს ამერიკის შეერთებული შტატები სუსტ სახელმწიფოდ, ხოლო რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სისტემის ჰეგემონ ქვეყნად.
ანალიზი
მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიომ“ გაავრცელა სტატია სათაურით: „ამერიკელმა ადმირალმა ანტირუსული სანქციების მავნებლობაზე ისაუბრა“. სტატიაში ავტორი მკითხველს არწმუნებს, რომ ამერიკელმა ადმირალმა ფილიპ დევიდსონმა, ამერიკის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში, რუსეთისადმი დაწესებული სანქციების მავნებლობაზე ისაუბრა, რადგან ვაშინგტონი ამის გამო ვერ ყიდულობდა რუსულ შეიარაღებას და, შესაბამისად, ურთიერთობა უფუჭდება ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა ინდოეთი, ვიეტნამი და ინდონეზია.
ფილ სკოტ დევიდსონი არის ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ოთხი ვარსკვლავის მქონე ადმირალი და აშშ-ს ინდო-წყნარ ოკეანეთის სარდლობის მეთაური.
2018 წლის 17 აპრილს დევიდსონი, ამერიკის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე წარდგა და კითხვებს უპასუხა. თავდაცვისა და უსაფრთხოების სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ერთ-ერთმა სენატორმა დევიდსონს ჰკითხა თუ რას ფიქრობდა 2017 წლის 2 აგვისტოს აშშ-ს მიერ მიღებულ კანონზე „ამერიკის მეტოქეების წინააღმდეგ სანქციების აქტზე“ - ხომ არ შეუშლიდა იგი ხელს ამერიკის მოქმედებას ინდო-წყნარ ოკეანეთში.
უნდა აღინიშნოს, რომ აქტში, რომელიც სანქციებს უწესებს რუსეთს, ირანსა და ჩინეთს, გვხვდება შემდეგი სახის ჩანაწერი, რომ ამერიკა არ ითანამშრომლებს და სანქციებს დაუწესებს ისეთ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთთან ერთად ახორციელებენ ღონისძიებებს მნიშვნელოვან სამხედრო, თავდაცვისა და დაზვერვის სექტორში. სენატორის კითხვა ზუსტად ამ ჩანაწერს შეეხებოდა, ვინ იყვნენ ასეთი ქვეყნები და რა გავლენა ექნებოდა ჩანაწერს ამერიკის შემდგომ ურთიერთობებზე ინდო-წყნარ ოკეანეთში.
დევიდსონის პასუხი იყო (გვ. 23), რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფუნდამენტური პრინციპია რაც შეიძლება მეტი ალიანსი შექმნას და პარტნიორები შეიძინოს ინდო-წყნარ ოკეანეთში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსეთის ფედერაციის ოპერაციები და მოქმედებები მთელს ინდო-წყნარ ოკეანეთში მზარდია. მისი სტრატეგიული ინტერესები ითვალისწინებს ამერიკის ინტერესების ძირის გამოთხრას იმავე რეგიონში. რუსეთი, ასევე, ხედავს ამ რეგიონში ეკონომიკურ შესაძლებლობებს ენერგიის ექსპორტისა და იარაღით ვაჭრობის თვალსაზრისით.
ადმირალის მოსაზრებით, სანქციების აქტის ეს ჩანაწერი ამერიკის გამოწვევაა ინდო-წყნარი ოკეანეთის ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობისას, როგორიცაა ინდოეთი, ვიეტნამი და ინდონეზია. თუ ამერიკის შეერთებული შტატები არ დაეხმარება ამ ქვეყნებს, მაშინ ისინი შეიძენენ რუსულ ტექნიკასა თუ იარაღს და გაიზრდება მათი დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე.
როგორც ჩვენ მიერ გადამოწმებული ფაქტებიდან ჩანს, ამერიკელი ადმირალი საუბრობს რუსეთის შეკავებაზე ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონში, გამოთქვამს აზრს, რომ აშშ-მ არ უნდა დაუწესოს სანქციები ისეთ ქვეყნებს როგორიც არის ინდოეთი, ვიეტნამი და ინდონეზია. ადმირალს არსად უხსენებია, რომ ანტირუსული სანქციები მავნებელია და მით უმეტეს, ის არ უთქვამს, რომ ამ სანქციების მეშვეობით აშშ რუსეთისგან იარაღს ვერ შეიძენს.
მიუხედავად იმისა, რომ სტატიის ერთ ნაწილში ავტორი შედარებით ზუსტ ფაქტებს გადმოგვცემს, მთლიანობაში სტატია სათაურით, შესავლით და მისი დასკვნით, ყალბ ინფორმაციაზეა აგებული და მოწოდებულია ამერიკის დისკრედიტაციით და რუსეთის განდიდებით.