თანახმად, საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ვალდებულებაა, მათზე დაკისრებული მოვალეობები ძირითადი სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად, ანაზღაურების გარეშე განახორციელონ. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, გორის საკრებულოს წევრებიც, უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების (საწვავის, ტელეფონის და ა.შ.) დასაფარად ყოველთვიურად გარკვეულ თანხას იღებენ. გორის შემთხვევაში აღნიშნული თანხის მაქსიმალური ზედა ზღვარი 400 ლარია.
რაც შეეხება საკრებულოს წევრების სხვადასხვა ა(ა)იპ-ებში დასაქმებას, 2017 წლის მოწვევის გორის საკრებულოში ასეთი სამი წევრია. სამივე მათგანი საკრებულოში „ქართული ოცნების“ სიითაა შესული. საკრებულოს წევრს, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოში თანამდებობას არ იკავებს, აქვს უფლება პარალელურად ანაზღაურებადი საქმიანობა აწარმოოს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამი პირის ა(ა)იპ-ებში მუშაობა კანონის დარღვევა არ არის.
თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში გასათვალისწინებელია ინტერესთა კონფლიქტის საფრთხე. მაგალითად, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ავთანდილ შოშიაშვილის შემთხვევა. მას, საკრებულოს წევრობასთან ერთად, მუნიციპალური ა(ა)იპ-ის კრივის სკოლაში ხელმძღვანელის პოზიცია უკავია. მისი დირექტორობა კი ნიშნავს იმას, რომ როგორც საკრებულოს წევრი, თავის ორგანიზაციაზე ახორციელებს საზედამხედველო უფლებამოსილებას.
ანალიზი„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გორის საკრებულოში ვასილისა ჯაბახიძემ განაცხადა, რომ გორში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები პარალელურად მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებშიც არიან დასაქმებულნი.
„2017 წლის მოწვევის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ორი დეპუტატია, რომლებიც პარალელურად მუნიციპალურ ა(ა)იპ-შიც მუშაობს. ერთ-ერთი მათგანი ავთანდილ შოშიაშვილი, გორის კრივის სკოლას ხელმძღვანელობს და აქ მწვრთნელად შვილი ჰყავს დასაქმებული. მეორე საკრებულოს წევრი ბაქარ გიუნაშვილი სტრატეგიული განვითარების ცენტრში მუშაობს. ა(ა)იპ-ებში მოხდა რეორგანიზაცია და „ქართული ოცნება“ გვპირდებოდა, რომ მეტი ადგილი გათავისუფლდებოდა, მაგრამ რა მივიღეთ. საკრებულოს დეპუტატები ა(ა)იპ-ებში არ უნდა იყვნენ დასაქმებული, მაშინ, როდესაც ამდენი უმუშევარი ადამიანი გვყავს მუნიციპალიტეტში!“ - აცხადებსჯაბახიძე.
საკრებულოს წევრის საქმიანობა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით რეგულირდება. კოდექსის 41-ე მუხლის მიხედვით, საკრებულოს წევრის წამომადგენლობით ორგანოში უფლებამოსილებას სამსახურისგან მოუწყვეტლივ ახორცილებს (მოხალისეობრივად). რაც ნიშნავს, რომ საკრებულოს წევრს, უფლება აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის ან სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდეს. მიუხედავად ამისა, ამავე კოდექსის 42-ე მუხლი ადგენს იმ გამონაკლის შემთხვევებს, სადაც საკრებულოს წევრს ეკრძალება მუშაობა. მათ შორის, ასეთია მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის (შპს, ა(ა)იპ) დირექტორის პოზიცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ა(ა)იპ -ის არსებობა დაკავშირებულია კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და სასპორტო საქმიანობის განხორციელებასთან.
2017წლის მოწვევის გორის საკრებულოში სამი წევრია ისეთი, რომლებიც პარალელურად მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებშიც მუშაობენ. სამივე მათგანი საკრებულოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიითაა შესული. როგორც აღვნიშნეთ, საკრებულოს წევრს, რომელიც თანამდებობის პირი არ არის, აქვს უფლება ისეთ საქმიანობას ეწეოდეს, სადაც ანაზღაურებას იღებს. ამრიგად, მათი მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში მუშაობა კანონსაწინააღმდეგო არ არის.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ დასახლებულ საკრებულოს წევრებს შორის ერთ-ერთი ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის ავთანდილ შოშიაშვილის კრივის სპეციალიზირებული სპორტული სკოლის“ დირექტორი ავთანდილ შოშიაშვილია. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს წევრს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ის დირექტორობა ეკრძალება, ამ შემთხვევაში ავთანდილ შოშიაშვილი კანონს არ არღვევს, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და სასპორტო საქმიანობისათვის შექმნილი მუნიციპალური ა(ა)იპ-ის დირექტორობა ის გამონაკლისი შემთხვევებია, როცა პარალელურად საკრებულოს წევრობაც დასაშვებია.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ზემოაღნიშნული გამონაკლისების დაშვება გარკვეულწილად მიზანშეუწონელია, რადგან მუნიციპალური ა(ა)იპ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით ფინანსდება, ხოლო ბიუჯეტს საკრებულო ამტკიცებს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის დირექტორი ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. ეს ყველაფერი კი ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეს ქმნის.