რეზიუმე:
საქართველოში ორი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ფუნქციონირებს - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (სკეკი).
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარეგულირებლების შენახვის ხარჯები არა გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართული სახსრებით, არამედ კერძო ორგანიზაციების მიერ უშუალოდ მარეგულირებლებისთვის გადახდილი თანხებით ფინანსდება.
მარეგულირებელი კომისიების წევრთა მიერ მიღებული შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია მათ წლიურ დეკლარაციებშია ასახული. აღნიშნული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2016-2017 წლებში კომისის წევრთა (მათ შორის თავმჯდომარე) საშუალო წლიური ანაზღაურება სემეკ-ში 160 ათას ლარს აღემატება, კომუნიკაციების კომისიის შემთხვევაში კი 240 ათას ლარს. 2017 წელს წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით (2016 წლის შემოსავალი), სემეკ-ის და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეები საშუალოდ, თვეში, შესაბამისად - 13 800 და 20 200 ლარს იღებდნენ. აქვე აღსანიშნავია, რომ რომან გოცირიძის მიერ დასახელებული მონაცემები ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით, ზუსტია მხოლოდ კომისიების (სემეკი და სკეკი) წევრთა (ჯამში 10 წევრი) და არა აპარატის თანამშრომლების შემთხვევაში.
საქართველოს კანონმდებლობით, ზემოაღნიშნული ორგანოებისთვის შრომის ანაზღაურების ზედა ზღვარი დაწესებული არ არის. მოცემული ორგანიზაციები შრომის ანაზღაურების მოცულობას დამოუკიდებლად განსაზღვრავენ და ხარჯებს რეგულირების საფასურის სახით მიღებული, საკუთარი შემოსავლებიდან გასწევენ. რეგულირების საფასური დგინდება ისე, რომ საკმარისი იყოს მარეგულირებლის ხარჯების დასაფარად.
ანალიზი საქართველოს პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რომან გოცირიძემ განაცხადა:„მარეგულირებელი კომისიის რიგითმა წევრმა შარშან მიიღო დაახლოებით 240 ათასი ლარის ოდენობის ხელფასი, 19 500 ლარი თვეში. ერთ-ერთი მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ 20 ათასი ლარი თვეში. ორი მარეგულირებელია, სემეკში ხელფასი დაახლოებით 14 ათასი ლარია, 16 ათასი ლარია კომუნიკაციების კომისიის, მაგრამ ამას ემატება შემდეგ პრემიები, დანამატები და ა.შ. და ჩვენ ვიცით, რომ რაღაც სფეროებზე არ მოქმედებს ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ვერავინ აუკრძალავს მარეგულირებელ კომისიას დანიშნოს 50 ათასი თვეში. ის არის თავისუფალი და არავითარი ზედა ზღვარი არ არის დაწესებული“.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში ბაზრის მარეგულირებელი ორგანოების ჩამოყალიბება ბუნებრივი მონოპოლიების[1] არსებობით არის გამოწვეული. ვინაიდან ბუნებრივი მონოპოლიის პირობებში საბაზრო კონკურენცია არ მუშაობს, სახელმწიფო ხედავს რეგულირების საჭიროებას, საზოგადოების ინტერესებზე მითითებით. საქართველოში ორი მარეგულირებელი ორგანო ფუნქციონირებს - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (სკეკი). თითოეულ შემთხვევაში კომისია შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის ერთი წარმოადგენს კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის წევრებს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის მიერ მთავრობასთან შეთანხმებით წარდგენილ კანდიდატთაგან. კომისიის სხვა სახელმწიფო სტრუქტურებისაგან დამოუკიდებლობის (მათ შორის ფინანსური) შენარჩუნებისათვის გათვალისწინებულია შესაბამისი გარანტიები. კერძოდ, ორგანიზაცია ფინანსდება არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ საკუთარი შემოსავლებიდან (რეგულირებადისაწარმოებისათვის დაწესებული რეგულირების საფასურის სახით აკუმულირებული სახსრები). კომისიის წევრები კი აირჩევიან 6 წლის ვადით, რაც აღემატება პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრის შემთხვევაში არსებულ ვადებს.
კომისიის წევრთა მიერ წარდგენილი დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ სემეკ-ში კომისიის წევრთა საშუალო წლიური ანაზღაურება 2016-2017 წლებში 160 ათას ლარს აჭარბებს, კომუნიკაციების კომისიაში კი იგივე მაჩვენებელი 240 ათას ლარს აღემატება. რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოს (შრომის ანაზღაურება პრემიისა და დანამატის გარეშე), კომუნიკაციების კომისიის წევრისა და თავმჯდომარის თვიური ანაზღაურება შესაბამისად - 16 338 და 16 537 ლარს შეადგენს, სემეკში კი ანალოგიური მაჩვენებლები შესაბამისად - 11 900 და 12 648 ლარის ფარგლებშია. აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელი კომისიები კონკრეტული პოზიციის შესაბამის თანამდებობრივ სარგოს დამოუკიდებლად განსაზღვრავენ და მისი ზედა ზღვარი კანონმდებლობით დადგენილი არ არის. საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების საკითხს შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონიარეგულირებს. თუმცა, ამავე საკანონმდებლო აქტის 1-ლი მუხლის, მე-4-ე პუნქტის თანახმად, კანონის მოქმედება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე არ ვრცელდება.
მოცემულ სექტორში დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიმღები პირი, ბუნებრივია, უნდა იყოს ფინანსურად უზრუნველყოფილი, კორუფციის რისკის შესამცირებლად. ამასთან, რეგულირებადი საწარმოების მხრიდან ბუნებრივად არსებობს ინტერესი მარეგულირებელი სტრუქტურის კადრის/თანამშრომლის გადაბირების, რომლის ხელშიც ფართო სპექტრის ინფორმაცია (მათ შორის კონკურენტებზე) და ბაზრის თავისებურებების სრულყოფილი ცოდნაა თავმოყრილი. აღნიშნული სექტორის საწარმოების ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მარეგულირებელ ორგანიზაციებში შრომის ანაზღაურება უნდა იყოს საკმარისად მაღალი, კადრების დენადობის თავიდან ასაცილებლად.
ამავდროულად, მარეგულირებლები არ იმყოფებიან საბიუჯეტო დაფინანსებაზე და ფინანსდებიან საკუთარი შემოსავლებიდან. კერძოდ, იმ კომპანიებისგან მიღებული თანხებიდან, რომლებსაც ისინი არეგულირებენ. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ საქართველოს კანონისშესაბამისად კი, რეგულირების საფასური ისე დგინდება (მარეგულირებლის ნორმატიული აქტით), რომ საკმარისი იყოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დასაფარავად. მიმდინარე წლის გამოუყენებელი სახსრები (ნაშთი) კი ვერ იქნება მიმართული სახელმწიფო ბიუჯეტში, ის ექვემდებარება შემდგომი პერიოდის ანგარიშში გადატანას და გაითვალისწინება რეგულირების საფასურის ცვლილებისას.
ამდენად, ფაქტ-მეტრი არ შედის მსჯელობაში, თუ რამდენია სახელფასო ანაზღაურების „მისაღები“ ან „მიუღებელი“ დონე და მხოლოდ მონაცემთა ანალიზით შემოიფარგლება.
[1] სასაქონლო ბაზრის მდგომარეობა, როდესაც ამ ბაზარზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება წარმოების ტექნოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე (წარმოების მასშტაბების გაფართოების შესაბამისად პროდუქციის ერთეულზე საწარმოო დანახარჯების არსებით შემცირებასთან დაკავშირებით) უფრო ეფექტურია კონკურენციის არარსებობის პირობებში, ხოლო ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტების მიერ წარმოებული საქონელი შეუძლებელია მოხმარებისას შეიცვალოს სხვა საქონლით, რის გამოც მოთხოვნილება ბუნებრივი მონოპოლიის პროდუქციაზე, სხვა სახის საქონელზე მოთხოვნილებასთან შედარებით, ნაკლებად არის დამოკიდებული ამ საქონლის ფასის ცვლილებაზე.