რეზიუმე: თვითმმართველობის კოდექსის
მე-16 მუხლის მიხედვით, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოწყობა ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებას წამოადგენს. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან, ადგილობრივი თვითმმართველობა ორჯერ შეიცვალა - 2014 და 2017 წლების არჩევნების შედეგად. 2014 წლამდე, გორში, აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს ჯერ ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებაში 2014 წლის არჩევნების შედეგად მოვიდნენ და მუშაობას 1 აგვისტოდან შეუდგნენ. გორის საკრებულომ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობით, პირველად 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ამდენად, უპრიანი იქნება თუ გორში რეაბილიტირებული ქუჩების რაოდენობას სწორედ 2015 წლიდან დავითვლით.
2015-2017 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები[i]გორში სულ 57 ქუჩას ჩაუტარდა. რაც შეეხება 2018 წელს, 13 ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებზე რეაბილიტაცია დაწყებულია, 4 ქუჩაზე კი სამუშაოების შესრულება მიმდინარე წლის ბოლომდეა გათვალისწინებული.
ანალიზი ოპოზიციასთან დებატების დროს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, მამუკა ფანიაშვილმა განაცხადა, რომ ქალაქში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი გზები კეთდება. ფანიაშვილმა აღნიშნა (2:17 წთ-დან), რომ ბოლო ექვს წელში გორში მინიმუმ 60 ქუჩა გაკეთდა, მან ასევე განაცხადა,
რომ მიმდინარე წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 25 ქუჩის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
2013წლიდან, როდესაც გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო, ადგილობრივ საკრებულოში დეპუტატების თითქმის 90%-ს „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2013-2014 წლების გორის ბიუჯეტი სწორედ მათი დაგეგმილი და დამტკიცებულია.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წელს ჩატარდა. უფლებამოსილების განხორციელებას კი, ახალი მერია და საკრებულო 2014 წლის 1 აგვისტოდან შეუდგა. 2014 წლის მოწვევის საკრებულომ პირველად 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შეჯამება სწორედ ამ პერიოდიდან უნდა მოვახდინოთ და ბოლო სამი წლის განმავლობაში შეკეთებული გზების რაოდენობა განვსაზღვროთ.
გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გორში 2014 წლის არჩევნებიდან ამავე წლის ბოლომდე, მხოლოდ ერთი ქუჩა შეკეთდა. 2015 წელს ასფალტის საფარის სარემონტო სამუშაოები კი ოთხიქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე შესრულდა. აქედან, რეაბილიტაცია მხოლოდ ორ მათგანზე განხორციელდა.
საგზაო სამშენებლო სამუშაოების მხრივ, ბოლო პერიოდში ყველაზე დატვირთული 2016 წელი აღმოჩნდა. ამ წელს გორში მხოლოდ ერთ დასახლებაში (სადგურის დასახლება) 14 ქუჩის რეაბილიტაცია მოხდა. პარალელურად, საგზაო სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები 12 ქუჩაზე შესრულდა. ამავე რაოდენობის სხვა ქუჩებზე კი საფეხმავლო სივრცეების/ტროტუარების რეაბილიტაცია განხორციელდა. ამდენად, გამოდის, რომ 2016 წელს საგზაო სამუშაოები სულ 38ქუჩაზე შესრულდა.
2017 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები 15ქუჩას შეეხო, გადა ამისა, ამ პერიოდში ფიქსირდება რამდენიმე მონაკვეთზე, გასულ წელს დაწყებული სამუშაოების დასრულებაც.
2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე საგზაო სამუშაოები 13 ქუჩაზე მიმდინარობს, მათ ნაწილს რეაბილიტაცია უტარდება, ნაწილზე კი სანიაღვრე არხები და ტროტუარები ეწყობა. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლომდე გორში კიდევ ოთხი ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წელს სულ 17ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება.
[i] მერიიდან მიღებული მონაცემებიდან, ფაქტ-მეტრმა ყველა ის ქუჩა დაითვალა, სადაც ნებისმიერი სახის საგზაო სამუშაო შესრულდა. ამდენად, გზების რეაბილიტაციაში იგულისხმება როგორც ორმოული შეკეთება, ისე ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა, სრული რეაბილიტაცია და ა.შ.