ვერდიქტი: კახა კალაძის დაპირება არ შესრულდა.
რეზიუმე: მიმდინარე წლის იანვარში, თბილისის მერი კახი კალაძე ცინცაძე (ყოფილი საბურთალოს ქუჩა)-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობის დაანონსებისას აცხადებდა, რომ მშენებლობის პროცესში არც ერთი ხე არ მოიჭრებოდა. შემდგომში, როდესაც ესტაკადის მშენებლობა დაიწყო, მერის რიტორიკა შეიცვალა და ის უკვე ამბობდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ტერიტორიაზე არსებული ხეები გადაერგოთ, ხოლო ხეები, რომლებიც გადარგვას ვერ დაექვემდებარებოდა, მოიჭრებოდა.
აღსანიშნავია, რომ ესტაკადის პროექტის განმარტებით ბარათში თავიდანვე აღნიშნული იყო, რომ ესტაკადის მშენებლობისას ტერიტორიაზე არსებული ბუჩქნარისა და ხეების გაკაფვა მოხდებოდა. შესაბამისად, პროექტი ტერიტორიაზე არსებული ხეების ჭრას ითვალისწინებდა, რაც მერისთვის, სავარაუდოდ, ცნობილი უნდა ყოფილიყო.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობის ფარგლებში, 95 ძირი ხის მოჭრის ნებართვა გაიცა, თუმცა პროექტის კორექტირების შემდეგ მოიჭრა 45 ძირი მწვანე ნარგავი. მერიის ინფორმაციით, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ 140 ძირი ხე ეტაპობრივად დაირგვება. ამასთან, ესტაკადის მშენებლობის პროცესში 125 ძირი ხის გადარგვა განხორციელდა.
ანალიზი
თბილისის მერმა, კახი კალაძემ, ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 23 იანვარს დააანონსა და განაცხადა: „ვიცით, რომ საცობები ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. საჭიროა კომპლექსური მიდგომები და კომპლექსური პრობლემების მოგვარება. შესაბამისად, ცინცაძე-კარტოზიას პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება იქ არსებულ ხეებს, არც ერთი ხე არ მოიჭრება, ყველა ხე გადაირგვება“.
თბილისის მერიამ ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მოსაწყობად ტენდერი (NAT 180000885) მიმდინარე წლის 17 იანვარს გამოაცხადა.
ტენდერში სულ ორმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებული შპს „Construction Service“ გახდა. აღნიშნულ შპს-სა და მერიას შორის ხელშეკრულება 1 მარტს გაფორმდა.
ხელშეკრულების ღირებულებამ 2 699 049 ლარი შეადგინა და სამუშაოების დასრულების ვადად 150 სამუშაო დღე განისაზღვრა (სამუშაო 2018 წლის 1 აგვისტოს უნდა დასრულდეს).
ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია: „თბილისში, კარტოზიას და ცინცაძის ქუჩების კვეთაზე არსებული სატრანსპორტო კვანძი ვერ უზრუნველყოფს სატრანსპორტო ნაკადების გატარებას შეფერხების გარეშე საკონფლიქტო წერტილების არსებობის გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა სატრანსპორტო კვანძის ორ დონეში გახსნის აუცილებლობა, რაც თავის მხრივ გულისხმობს ესტაკადის მეშვეობით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ სატრანსპორტო ნაკადების გატარებას ყოველგვარი საკონფლიქტო წერტილების გარეშე“.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, მთლიანი ტრასის სიგრძე ესტაკადის ჩათვლით 245 მეტრია. აქედან, ასასვლელი პანდუსი 88 მეტრია, ესტაკადა 26 მეტრი და ჩამოსასვლელი პანდუსი 131 მეტრი.
პროექტის განმარტებით ბარათში, ასევე, აღნიშნულია, რომ პროექტის მიმდინარეობისას მოხდება ტერიტორიაზე არსებული ხეებისა და ბუჩქნარის გაკაფვა.
თბილისის მერიამ ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. ადგილზე სამუშაოს მიმდინარეობას ქალაქის მერი, კახა კალაძე გაეცნო. თბილისის მერის განცხადებით, ქალაქში საცობების განტვირთვის კუთხით, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. კახი კალაძე ესტაკადის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხეების მოჭრასთან დაკავშირებით, ამჯერად, ნაკლებად კატეგორიული იყო: „ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტერიტორიაზე არსებული ხეები გადავრგოთ. შესაბამისი ტექნიკაც გვაქვს ამისთვის. ხოლო ხეები, რომლებიც გადარგვას ვერ დაექვემდებარება, მოიჭრება“. მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში, 140 ხის დარგვაა დაგეგმილი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობის ფარგლებში 95 ძირი ხის მოჭრის ნებართვა გაიცა, თუმცა პროექტის კორექტირების შემდეგ მოიჭრა მხოლოდ 45 ძირი მწვანე ნარგავი. ასევე, ნებართვა გაიცა 125 ძირი ხის და 111 ძირი ოლეანდრას გადარგვაზე.
თბილისის მერიამ ცინცაძე-კარტოზიას ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიაზე ნერგების დასარგავად ტენდერი მიმდინარე წლის 10 აპრილს გამოაცხადა (NAT180005614). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 75 263 ლარი იყო. ტენდერში შპს „გრინსერვისი+“-მა გაიმარჯვა. 5 მაისს დადებული ხელშეკრულების ღირებულებამ, საბოლოოდ, 60 193 ლარი შეადგინა. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, შპს-მ აღნიშნულ ტერიტორიაზე 140 ძირი ხის (ჰიმალაის კედარი, მტირალა ტირიფი და ცრუ აკაცია) დარგვა ეტაპობრივად 2019 წლის მაისამდე უნდა განახორციელოს. დარგული ხეების სიმაღლე არანაკლებ 3 მეტრი უნდა იყოს და კონტრაქტორმა ასევე დარგული ხეების მოვლა-პატრონობა უნდა უზრუნველყოს. დასარგავი ხის ფასები კი 290-385 ლარს შორის მერყეობს.
ჩვენ ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების დამაკავშირებელი ესტაკადის მიმდებარედ ხეების დარგვის პროცესს თვალს მივადევნებთ და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობის პროექტი დავით ნარმანიას მერობის დროსაც არსებობდა, თუმცა ტერიტორიაზე არსებული ხეების მოჭრისგან მერიამ თავი შეიკავა და მშენებლობის შეჩერების მიზეზიც ეს გახდა.