იტვირთება

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.   რეზიუმე:

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2006-2017 წლებში, ნარკოტესტირებაზე გადაყვანილ პირთა რაოდენობა 60 ათასს, მხოლოდ, 2013 წელს აჭარბებს (60 196 პირი), რაც ამავდროულად აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2014 წლიდან კლების ტენდენცია შეინიშნება, 2016 წელს კი, 2013 წელთან შედარებით, აღნიშნული რიცხვი სამჯერ შემცირდა.

მართალია, დიმიტრი ხუნდაძის მიერ მოყვანილი ფაქტები სიმართლეს შეესაბამება, თუმცა მისი განცხადება ორაზროვანი და დამაბნეველია. კერძოდ, სანამ უშუალოდ სტატისტიკას არ ჩავხედავთ, შეუძლებელია იმის დადგენა თუ რა პერიოდს გულისხმობს დეპუტატი. მეტიც, ის საუბრობს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე, თუმცა არ ახსენებს, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ამ პერიოდში დაფიქსირდა. გარდა ამისა, კონტექსტიდან გამომდინარე, განცხადება ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს წინა ხელისუფლების დროს ნარკოტესტირებაზე გადაყვანილ პირთა რაოდენობა წლების განმავლობაში აჭარბებდა 60-65 ათასს და მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო მისი კლება. მაშინ, როდესაც, 2012 წლამდე ცალსახად კლების ტენდენცია ფიქსირდებოდა, მეტიც 2012 წელს 2016 წელთან შედარებით უფრო ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა, 2013 წელი კი ერთადერთი საანგარიშო წელი იყო, როდესაც რაოდენობამ 60 ათასს გადააჭარბა. შესაბამისად, დეპუტატის მიერ მოყვანილი რიცხვები შეცდომაში შემყვანია.

ანალიზი

გადაცემა პოლიტმეტრში სტუმრობისას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. სწორედ ამ კონტექსტში მან განაცხადა: „წელიწადში ნარკო ტესტირებაზე გადაყვანის 60-65 ათასი ფაქტი ფიქსირდებოდა. დღეს კი ეს მესამედზეა ჩამოსული“.

2017 წლის ნოემბერში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტისა და საბიუჯეტო ოფისის მიერ ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების შესახებ დოკუმენტი (

RIA) მომზადდა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში არსებული მძიმე ნარკოვითარების მთავარ პრობლემად მკაცრი ნარკოპოლიტიკა სახელდება, რომლის საკვანძო ელემენტადაც „სწრაფი (ე.წ. ქუჩის) ნარკოტესტირება“ მოიაზრება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის

“ 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, „პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა“.

ნარკოტიკის მიღების ფაქტის გამოვლენის მიზნით, ყოველწლიურად, ათასობით ადამიანს უტარდება ნარკოლოგიური შემოწმება, რასაც ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკა მოწმობს.

გრაფიკი 1:

სწრაფი ტესტირებების რაოდენობა და მათი დადებითი და უარყოფითი შედეგები (2006 -2016 წლები)

image001 წყარო: საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტი (RIA)

როგორც ვხედავთ, 2006-2016 წლებში, ტესტირებაზე გადაყვანილთა რაოდენობამ 60 ათასს მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს გადააჭარბა. 2014 წლიდან კლების ტენდენცია შეინიშნება, ხოლო სახალხო დამცველის ანგარიშის (

გვ. 95) თანახმად, 2007 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გასულ წელს დაფიქსირდა. კერძოდ, 2017 წელს ნარკოლოგიური გამოკვლევის მიზნით შემოწმება მხოლოდ  13 175 პირს ჩაუტარდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიმიტრი ხუნდაძემ ერთმანეთს 2013 და 2016 წლების მონაცემები შეადარა, რომელთა თანახმადაც ნარკოტესტირების რაოდენობა 2016 წელს მართლაც მესამედამდეა (60 196-დან 22 405 შემთხვევამდე) შემცირებული.

მართალია, დეპუტატის განცხადება სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ის ორაზროვანი და დამაბნეველია. პირველ რიგში, სანამ უშუალოდ სტატისტიკას არ ჩავხედავთ, შეუძლებელია განვსაზღვროთ თუ რა პერიოდებს ადარებს ერთმანეთს უმრავლესობის წარმომადგენელი, რაც აჩენს განცდას რომ მოცემული მონაცემები სხვდასხვა ხელისუფლების დროს არსებული ვითარების შედარებას წარმოადგენს. ამასთან, მას შემდეგ რაც დავადგინეთ, რომ დიმიტრი ხუნდაძე მხოლოდ მისი გუნდის ხელისუფლებაში ჰყოფნის დროს დაფიქსირებულ შედეგებზე საუბრობს, სათანადო ახსნა-განმარტების არ არსებობის გამო, კვლავ ბუნდოვანი რჩება მისი განცხადების შინაარსი. კერძოდ, არ ვიცით რატომ იღებს ორიენტირად 2013 წელს და რატომ ადარებს მას 2016 წელს და არა მაგალითად 2017-ს. ასევე, დეპუტატის მიერ მონაცემები წარმოდგენილია ისე, თითქოს, წელიწადის განმავლობაში 60-65 ათასი პირის ნარკოშემოწმებაზე გადაყვანა დამკვიდრებული პრაქტიკა იყო, ასეთი შედეგი წლების განმავლობაში ფიქსირდებოდა და სწორედ ახალი ხელისუფლების მიერ გატარებული ლიბერალური პოლიტიკის შედეგად მოხდა ამ რაოდენობის მკვეთრი შემცირება. რეალურად, კი 2012 წლის ჩათვლით არსებული კლების ტენდენციის შემდეგ, ამხელა მაჩვენებელი მხოლოდ 2013 წელს დაფიქსირდა. დეპუტატი კი არც აღნიშნული უპრეცედენტო მატებისა და არც მომდევნო წლებში შესამჩნევი კლების საფუძვლებზე არ საუბრობს.

დიმიტრი ხუნდაძე არც იმ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ნარკოტიკების მოხმარება რეალურად შესამოწმებლად გადაყვანილთა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 30%-ს უდასტურდება. ამ მხრივ საყურადღებოა ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების შესახებ დოკუმენტი (

RIA), სადაც ნარკოტესტირების ნაკლოვანებები ერთმნიშვნელოვნად არის წარმოჩენილი. დოკუმენტის თანახმად, არსებული პრაქტიკა ადამიანური და ფინანსური რესურსის გაუმართლებელ ხარჯვას იწვევს. კერძოდ, მხოლოდ „ქუჩის ნარკოტესტირება“ და მისგან გამომდინარე პროცედურები ბიუჯეტს წლის განმავლობაში დაახლოებით 18 მლნ ლარი უჯდება (გვ. 20).

სახალხო დამცველის მოსაზრებით, ნარკოტესტირების არსებული პრაქტიკა არათუ არაეფექტური, ამავე დროს საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოც არის. შესაბამისი რეაგირების მიზნით სახალხო დამცველმა 2015 წელს საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა და იმ სამართლებრივი აქტების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, რომლებიც პოლიციის თანამშრომლებს, პირის  ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე შემოწმების მიზნით საექსპერტო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანის უფლებამოსილებას ანიჭებს. ჯერჯერობით, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2836 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი